როგორ ვისარგებლოთ კიბოს სკრინინგის სერვისით უფასოდ - rogor.ge

როგორ ვისარგებლოთ კიბოს სკრინინგის სერვისით უფასოდ

ბრძოლაში კაცობრიობა მაინც წინ მიდის, კარგა ხანია მიაგნო ავთვისებიან სიმსივნესთან ბრძოლაში დროის მოგების შესაძლებლობას, სკრინინგს. სამწუხაროდ სკრინინგიც ყველა კიბოს შემთხვევაში ვერა, მაგრამ ძუძუს, საშვილოსნოს ყელის და კოლორექტული, (მსხვილი ნაწლავის) კიბოს შემთხვევაში შესაძლებელია. ადრეულ სტადიაზე დაავადების დაფიქსირების და დროული, ეფექტური მკურნალობის შედეგად კი პაციენტი სრულად გამოჯანმრთელდება.

როგორც მედიკოსები აცხადებენ, ცდებით, თუ ფიქრობთ, რომ არაფერი არ გაწუხებთ და სკრინინგი თქვენი საქმე არ არის. როდესაც ორგანიზმი ავისმომასწავებელ სიგნალს გაგრძნობინებთ, შესაძლოა, ძალიან გვიან იყოს. კიბოს წინარე დაავადებების, ან ავთვისებიანი სიმსივნის პირველი-მეორე სტადიის დასაფიქსირებლად სწორედ სკრინინგი გვჭირდება, რომელიც საბედნიეროდ ჩვენს ქვეყანაში უფასოა. უფასოა ყველა იმ დაავადების გამოკვლევა და მკურნალობაც, რომელიც შესაძლოა ავთვისებიანი სიმსივნის გაჩენის მიზეზი გახდეს. ამიტომაც თუ არ გსურთ, რომ იმ მძიმე სტატისტიკის ნაწილი გახდეთ, რომელიც მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც მასშტაბურ რიცხვებში ვლინდება, იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე და გამოიყენეთ მისი უფასოდ დაზღვევის შესაძლებლობა, რომელსაც ძალიან ბევრ ქვეყანაში ნატრობენ.

გლობალურად, მსოფლიოში, ყოველ ორ წუთში ერთი ქალი საშვილოსნოს კიბოთი კვდება. ყოველწლიურად საშვილოსნოს ყელის კიბოს 570,000 ახალი და სიკვდილიანობის 311,000 შემთხვევა ფიქსირდება. 2030 წლისთვის მოსალოდნელია ყოველწლიური ახალი შემთხვევების 700,000-მდე და გარდაცვალებების 400,000-მდე ზრდა. საშვილოსნოს ყელის კიბო ქალთა ავთვისებიანი სიმსივნით გარდაცვალების მეორე წამყვანი მიზეზია აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, რაც დაკავშირებულია უდიდეს პერსონალურ სტრესთან, სოციალური აქტივობის წყვეტასთან და ქალების, მათი ოჯახებისა და ასევე, ჯანდაცვის სისტემების ფინანსურ დანახარჯებთან. ავადობისა და სიკვდილიანობის დიდი უმრავლესობა სიღარიბეში მცხოვრებ ქალთა შორის ვლინდება, აღნიშნულის მთავარ მიზეზს საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის ეფექტური პროგრამების (მათ შორის ადამიანის პაპილომა ვირუსის (HPV) საწინააღმდეგო ვაქცინაცია და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი) შეზღუდული ხელმისაწვდომობა წარმოადგენს. ჩვენთან მოსახლეობას ორივე შესაძლებლობა უფასოდ აქვს. წაიკითხეთ ვრცლად