როგორ გავხდეთ ჩვენი თავის საუკეთესო ვერსია - rogor.ge

როგორ გავხდეთ ჩვენი თავის საუკეთესო ვერსია

გაიცანით საკუთარი თავი. საიმისოდ, რომ თქვენი თავის საუკეთესო ვერსია გახდეთ, უნდა განსაზღვროთ, ვინ ხართ და რა გინდათ. მართალია, თვითშემეცნების პროცესი რთულია და ხანდახან დიდ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ ფარ-ხმალს ნუ დაყრით. შედეგი ნამდვილად ტკბილი იქნება. გახსოვდეთ, "სამყარო გზას უთმობს იმ ადამიანს, რომელმაც იცის, სად მიდის”.

ისწავლეთ სხვებისგან. ჩვენ გარშემო უამრავი ჭკვიანი და წარმატებული ადამიანია, მოუსმინეთ მათ, გაითვალისწინეთ მათი რჩევები და გონივრულად გადმოიტანეთ ისინი თქვენს პრაქტიკაში. ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ სხვის გაკვალულ გზას გაჰყვეთ. იყავით თამამი, იფიქრეთ, აღმოაჩინეთ და, რაც მთავარია, გაბედეთ შექმნათ ახალი და თქვენეული.

ისწავლეთ ყოველდღიურად. ნებისმიერ სფეროში წარმატების მიღწევა დაუღალავ, სისტემატურ შრომას მოითხოვს. გამოყავით ყოველდღიურად დრო თვითგანვითარებისთვის. ,,იბეჯითეთ” და აუცილებლად გახდებით ჯერ გუშინდელზე უკეთესი, შემდეგ კი საუკეთესო.

როგორ გამოვნახოთ დრო პიროვნული განვითარებისთვის

იქონიეთ მოთმინება. დასახული მიზნის მიღწევა ხშირად იმაზე მეტ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს, ვიდრე წინასწარ წარმოვიდგენთ. თუ გარკვეული მცდელობების შემდეგაც ვერ მიიღებთ სასურველ შედეგს, ნუ ჩათვლით, რომ უუნარო ხართ. კარგად გაანალიზეთ თქვენი შეცდომები თუ არგამოსვლები, დაადგინეთ, "სად მარხია ძაღლის თავი”, შემდეგ კი დასახეთ გონივრული გეგმა და ენერგიულად შეუტიეთ პრობლემებს.

გამოიყენეთ თქვენი ძლიერი მხარეები. ყველა ადამიანს აქვს ძლიერი მხარეები. თქვენ გამონაკლისი არ ხართ. აიღეთ ფურცელი და ჩამოწერეთ, შემდეგ კი ადექით და უბრალოდ, შეიყვარეთ ისინი, ნურც მათი შეძლებისდაგვარად წარმოჩენის მოგერიდებათ, ამაში არაფერია ცუდი. პირიქით, სწორედ მათ უნდა შეგძინონ ჯანსაღი თავდაჯერებულობა და მოგიტანონ სასურველი წარმატება.

იმუშავეთ თქვენს სუსტ მხარეებზე. ნუ დამალავთ ან შეიძულებთ თქვენს სუსტ მხარეებს. აუცილებელია, საკუთარ თავთან აღიაროთ მათი არსებობა და საჭიროების მიხედვით დაიწყოთ მუშაობა იმაზე, რომ აღმოფხვრათ ან თქვენ ძლიერ მხარეებად გარდაქმნათ ისინი.

ნუ შეწყვეტთ განვითარებას. მაშინაც კი, როცა სასურველი შედეგი დადგება, ნუ ჩათვლით, რომ გაჩერების დროა. ისწავლეთ ყოველდღიურად, მიჰყევით სიახლეებს, ნუ ,,მოიძველებთ” თავს, ფეხი აუწყვეთ სამყაროს განვითარებას და წარმატებასაც არასდროს დაეზარება საპასუხოდ გაგიღიმოთ, როცა თქვენ გაუღიმებთ მას.

ნინო თაკალანძე