როგორ მოვიქცეთ თუ პროფესიის შეცვლა გვინდა? – HR პროფესიონალის რჩევები
რამდენად ხშირად გქონიათ პრაქტიკაში შეხება ისეთ ადამიანებთან, რომელთაც საკმაოდ ხანგრძლივი სამუშაო გამოცდილების შემდეგ პროფესიის შეცვლა გადაწყვიტეს და რით არის ეს განპირობებული?
პროფესიის შეცვლის გადაწყვეტილება ხშირ შემთხვევაში დასაქმების ბაზარზე არსებულ მოთხოვნას უკავშირდება. უფრო კონკრეტულად, დასაქმების ბაზარი გვკარნახობს, რომელი პროფესიაა მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი, ადამიანებიც აღნიშნულ ტენდენციას მიჰყვებიან. პროფესიის შეცვლის გადაწყვეტილებაც სწორედ ამის შესაბამისად იღებენ.
არის შემთხვევები, როცა ადამიანები წყვეტენ, რომ ბავშვობის ოცნებების ასრულების დრო მოვიდა და პროფესიას გვიან ასაკშიც იცვლიან. ჩემს პრაქტიკაში მსგავსი მაგალითი ახლაც გვაქვს პალიტრა ჰოლდინგის პრაქტიკულ აკადემიაშიც, რომლის ერთ-ერთმა მონაწილემ ბავშვობის სურვილის ასრულება და ჟურნალისტობა 40 წლის ასაკში გადაწყვიტა.
როგორ ფიქრობთ, ეტაპობრივად უნდა შევიცვალოთ საქმიანობის სფერო თუ სჯობს ნელ-ნელა გადავაწყოთ ცხოვრების სტილი და რეჟიმი?
მიმაჩნია, რომ საქმიანობის სფეროს ეტაპობრივად შეცვლა უფრო მართებულია. პროფესიის შეცვლამდე დიდი მნიშვნელობა ენიჭება გადაწყვეტილების მიღების პროცესს: ადამიანმა კარგად უნდა გაიაზროს საკუთარი ძლიერი მხარეები, რომლებსაც პროფესიულ საქმიანობაში გადაიტანს, მეტი ინფორმაცია მიიღოს პროფესიაზე. ასევე, კონკრეტული საქმიანობის სფეროს რომანტიზების თავიდან არიდების მიზნით, სასურველია, წინასწარ მოისმინოს ვიდეო გაკვეთილები, დაესწროს ხანმოკლე ტრენინგსა თუ შეხვედრას, რომელზეც სფეროს წარმომადგენლები განიხილავენ პროფესიისთვის დამახასიათებელ გამოწვევებს.
გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მოდის შესწავლისა და ახალი უნარების გამომუშავების ეტაპი, რისთვისაც დაინტერესებულმა პირმა უნდა მოიძიოს გამოცდილი, პროფესიონალი მენტორი, კურსი, ტრენინგი, რომელთა მეშვეობითაც საქმიანობის ახალი სფეროს შესახებ საჭირო ინფორმაციას მიიღებს და შესაბამის უნარებს გამოიმუშავებს.
რას უნდა მიაქციო ყურადღება ახალი პროფესიის შერჩევისას და რამდენად არსებობს დღეს რესურსები, დამოუკიდებლად შეისწავლო ის?
პროფესიის შეცვლისას თავდაპირველად უნდა ვიზრუნოთ საკუთარ თავზე, საკუთარ ინტერესებსა და უნარ-ჩვევებზე. პროფესია ჩვენი ძლიერი მახასიათებლების, ინტერესის სფეროს, უნარებისა და სურვილების გათვალისწინებით უნდა ავირჩიოთ.
კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქმემ, რომელსაც ვაკეთებთ, სიამოვნება მოგვანიჭოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი შრომა ნაკლებად ეფექტიანი იქნება. თუკი ახალი პროფესია პიროვნების უნარების შესაბამისი არ იქნება, იგი მუდმივი სტრესის მიზეზი გახდება, შესაძლოა, კვლავ ცვლილებები გახდეს საჭირო და მთელი ეს პროცესი უსიამოვნო გამოცდილებად იქცეს.
საბედნიეროდ, დღეს ნებისმიერ პროფესიასთან დაკავშირებით არის შესაძლებელი ამომწურავი ინფორმაციის მიღება. ინტერნეტსივრცე გაჯერებულია უამრავი ინფორმაციით, საიდანაც შეგვიძლია სანდო და მნიშვნელოვანი გავფილტროთ და ჩვენს სასიკეთოდ გამოვიყენოთ.
მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტი რესურსებით ასეთი მდიდარია, ვფიქრობ, დახელოვნების ეტაპზე აუცილებელია გამოცდილი პროფესიონალის ჩართულობაც, რომელიც პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების ხარჯზე დაინტერესებულ პირს განვითარებაში დაეხმარება. გაგრძელება