როგორ მივაღწიოთ წარმატებას - 10 უნარი, რომლებიც თვითგანვითარებაში დაგეხმარებათ - rogor.ge

როგორ მივაღწიოთ წარმატებას - 10 უნარი, რომლებიც თვითგანვითარებაში დაგეხმარებათ

კრიტიკული აზროვნება

კრიტიკული აზროვნება 21-ე საუკუნის უნარებს შორის ერთ-ერთ უმთავრესად მიიჩნევა. ხშირად აღნიშნავენ, რომ კრიტიკულ აზროვნებას აქვს სასიცოცხლო მნიშვნელობა ყველა სფეროში.

რას ნიშნავს კრიტიკული აზროვნება? კრიტიკული აზროვნება ინფორმაციის მიღების, გადამუშავებისა და გაანალიზების შედეგად საკუთარი პოზიციის ჩამოყალიბების უნარია.

შემოქმედებითობა

შემოქმედებითობა არასტანდარტული გადაწყვეტილებებისა და გზების გამონახვის უნარია. ძალიან ცოტას თუ გამოსდის იფიქროს ,,გონების მიღმა”, არადა, სწორედ შემოქმედებითი გადაწყვეტილებები აღაფრთოვანებს სიახლეების ბუმში მცხოვრებ ადამიანს.

საინტერესოა, რომ შემოქმედებითობა სულაც არ არის ,,განათლების პროდუქტი” (გაიხსენეთ, ბავშვები ყველაზე შემოქმედებითები არიან) ან სპეციფიკური უნარი, შემოქმედებითი აზროვნების განვითარება სისტემატური და ბეჯითი ვარჯიშის შედეგად შეიძლება.

თანამშრომლობა

rogor2-1676026139.jpg

როგორც ამბობენ, 21-ე საუკუნის ამოცანები კომპლექსური და რთულია, მათთან გამკლავება ხშირად მარტო შეუძლებელია. ამდენად, აუცილებელია ადამიანს ჰქონდეს ეფექტიანი და ჯანსაღი თანამშრომლობის უნარი. თუ დააკვირდებით მსოფლიოს წარმატებულ კომპანიებს, მიხვდებით, რომ მათი წარმატების ერთ-ერთი საიდუმლო თანამშრომლობისა და გუნდური თამაშის უნარის მქონე თანამშრომლები არიან.

კომუნიკაცია

სიტყვა კომუნიკაციის მნიშვნელობა კაცობრიობის განვითარების კვალდაკვალ ფართოვდება. იყო დრო, როცა ადამიანთა შორის კომუნიკაცია ჟესტებს, გაურკვეველ ბგერებსა ან მხოლოდ ლაპარაკს მოიაზრებდა, დღეს კომუნიკაციის ცნება ბევრად ფართოა და უამრავ რამეს გულისხმობს, მაგალითად, ელექტრონულ კომუნიკაციას, რომლის ეფექტიანი განხორციელება ტექნოლოგიების კარგ ცოდნასაც მოიაზრებს.

საინფორმაციო წიგნიერება

21-ე საუკუნეში ადამიანს ინფორმაციის ზღვასთან უწევს გამკლავება. შეუძლებელია, ყველაფერი, რაც გვესმის ან ვხედავთ, ჩვენთვის საინტერესო და გამოსადეგი იყოს, ამიტომაც საჭიროა ,,ინფორმაციულ სიმრავლეში’’ სწორი ნავიგაცია მოვახერხოთ. სწორედ ამისთვის დაგვჭირდება საინფორმაციო წიგნიერების უნარების ფლობა, რაც ჩვენ გარშემო არსებული ინფორმაციის მიღებას, გადამუშავებას, მათგან მნიშვნელოვნის გამორჩევას, სასარგებლოს გამოყენებას, ხოლო უსარგებლოს ,,გადაგდებას” ნიშნავს.

მედიაწიგნიერება

,,ციფრული საუკუნე” ადამიანს დიდ გამოცდას უწყობს, რაც დრო გადის, მით უფრო რთულია რეალურსა და მედიის მიერ შექმნილ სინამდვილეს შორის ზღვარის გავლება. ე.წ. ,,ფეიკ ნიუსების” ამოცნობა და მათი გავლენისგან თავის დაღწევა გამოწვევაა თითოეული ჩვენგანისთვის. მედიაწიგნიერება არის ძლიერი ინსტრუმენტი საიმისოდ, ადამიანმა მარტივად მოახერხოს ინფორმაციის გაფილტვრა და ინფორმაციულ სამყაროში გზის სწორად გაკვლევა.

მოქნილობა

გარემოსთან ადაპტაციისა და სიახლეებთან მორგების უნარის აუცილებლობაზე ბევრი თქმულა და მომავალშიც ითქმება. ეს უნარი საკვანძოა, მის გარეშე არა მხოლოდ ადამიანის წინსვლა და წარმატებაა წარმოუდგენელი, არამედ ფიზიკური გადარჩენაც კი.

სამყარო დღეს თითოეული ჩვენგანისგან, უბრალოდ, მოითხოვს, ვიყოთ მოქნილები, შევძლოთ ყოველწამიერ რეჟიმში ობიექტური რეალობიდან წამოსულ გამოწვევებზე მყისიერი რეაგირება და მათ შესაბამისად ადაპტირება.

ლიდერობა

ადამიანის წარმატების ფუნდამენტურ უნართა შორის არის ლიდერობა. სპეციალისტთა განმარტებით, ლიდერობის უნარის ქონა ნიშნავს, ადამიანმა შეძლოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება, საკუთარი ვალდებულებისა თუ მოვალეობების გააზრება და მათი შესრულება.

ინიციატივა

შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ მსოფლიოს წამყვანი კომპანიები ნაკლებად ღირებულად მიიჩნევენ თანამშრომელს, რომელიც მუდმივად იმის მოლოდინშია, რას დაავალებს უფროსი. 21-ე საუკუნეში მეტად ფასობს თანამშრომელი, რომელსაც ინიციატივის გამოჩენა შეუძლია. მართლებიც არიან! სწორედ ინიციატივიან ადამიანებს უღიმის წარმატება ყველაზე ხშირად.

პროდუქტიულობა

ალბათ ხშირად მოგისმენიათ ან თავადაც გითქვამთ ფრაზები: ,,გადარბენაზე ვარ”, ,,უნდა გავიქცე”, ,,ვერაფერს ვასწრებ”. ჩვენს დროში 24 საათი თითქოს აღარ არის საკმარისი თავზე საყრელი საქმეების მოსასწრებად. ამგვარ პირობებში ადამიანს სჭირდება პროდუქტიულობა, როგორც აუცილებელი უნარი ყველა საქმის დროულად მოსასწრებად და სასურველი წარმატების მისაღწევად.

ნინო თაკალანძე