როგორ მოვამზადოთ ბავშვის საკვები
საკვების მომზადება ფხვნილისგან ბავშვის საკვები ძირითადად ფხვნილის და თუნუქის, კოლოფებით იყიდება. ფხვნილი საჭიროებისამებრ უნდა გააზავოთ. კოლოფზე მოცემულია მითითება, თუ რამდენი კოვზი ფხვნილი უნდა გახსნათ შესაბამისი რაოდენობის წყალში. მითითებული პროპორციები ზუსტად უნდა დაიცვათ. ნუ აიღებთ ზედმეტ ფხვნილს. ზედმეტად კონცენტრირებული საკვები სახიფათოა, ბავშვმა შეიძლება წონაში მოიმატოს და თირკმელებიც დაუზიანდეს; ნაკლები ფხვნილის აღებისას კი ბავშვი საჭიროზე ცოტას მოიმატებს. თუ საკვები სათანადოდ არის მომზადებული, ბავშვს შეუძლია ყოველ კვებაზე იმდენი მიიღოს, რამდენიც სურს. ბავშვის საკვებისათვის მუდამ ახალი, ცივი, ონკანის წყალი გამოიყენეთ და მხოლოდ ერთხელ აადუღეთ. ზოგიერთი სახის წყალი საერთოდ არ უნდა იხმაროთ, მაგალითად: 1) რამდენჯერმე წამოდუღებული ან ჩაიდანში ნადგომი წყალი; 2)წყლის დამარბილებიანი ონკანიდან გადმოსული წყალი - ნატრიუმმა (მარილმა) შეიძლება ბავშვს თირკმელები დაუზიანოს; 3)წყლის ფილტრიანი ონკანიდან გადმოსული წყალი - ასეთ ფილტრატში შესაძლოა ბაქტერიები დაგროვდეს; 4) მინერალური წყალი - ნატრიუმი და მინერალები შეიძლება მავნებელი აღმოჩნდეს. ბავშვის საკვების მომზადება ორნაირად შეიძლება: ფხვნილი ან პირდაპირ ბოთლში გააზავეთ ან ჯერ - ტოლჩაში. თუ ჩასადგმელ დისკიან ბოთლებს ხმარობთ, ტოლჩაში გაზავების მეთოდი გამოიყენეთ.
მზა ნარევი ჩვილისთვის განკუთვნილი რძე ზოგჯერ უკვე მზა სახით იყიდება 250 მლ-იანი ჰერმეტული მუყაოს კოლოფებით. მას წყლის დამატება აღარ სჭირდება. ბავშვის ასეთი ნარევით კვება ძალიან გაგიიოლებთ საქმეს, თუმცა ძვირი დაგიჯდებათ. მუყაოს კოლოფში ჩასხმული რძე პასტერიზებულია. გაუხსნელი კოლოფები გრილ ადგილას შეინახეთ და შენახვის ვადის გასვლის შემდეგ ნუ გამოიყენებთ. გახსნილი რძე მაცივარში 24 საათის განმავლობაში შეინახეთ სტერილური, თავდახურული ბოთლით ან თავისივე პაკეტით. უფრო საიმედოა, მაშინ გადმოასხათ რძე, როცა ბავშვს მოშივდება, ხოლო რასაც არ დალევს - გადაღვაროთ.