როგორ დავწეროთ ტექსტის ანალიზი
პრობლემის ან გმირის შეპირისპირებითი ანალიზი;
შესაძლებელია ლიტერატურული ნაწარმოების როგორც ცალკეული ამ მიმართულებით გარჩევა, ისე მთლიანად ტექსტის ანალიზი ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემის გათვალისწინებით. ეს დამოკიდებულია თქვენს მიზანსა და კონკრეტულ ამოცანებზე.
ლიტერატურული ტექსტის ანალიზისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კრიტიკული წაკითხვა, ამდენად, მკითხველის როლი გაცილებით დიდია, რადგან ლიტერატურული ტექსტი ყველა სხვა ტიპის ტექსტზე მეტად იძლევა ინტერპრეტირების საშუალებას. ბუნებრივია, ინტერპრეტირება იმდენგვარად შეიძლება, რამდენი მკითხველიც ჰყავს ტექსტს, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ შემთხვევაში ინტერპრეტირება არ შეიძლება იყოს ბოლომდე თავისუფალი, მკითხველმა უნდა გაითვალისწინოს რამდენიმე არსებითი ფაქტორი:
- გავლენები, რომლებიც, ერთი მხრივ, საკუთრივ ამ ნაწარმოებმა განიცადა და, მეორე მხრივ, მოახდინა სხვა მწერლების შემოქმედებაზე;
- რა არის ნაწარმოებში ტრადიციული და ინოვაციური. ნაწარმოების მხატვრული ანალიზი, ამავე დროს, გულისხმობს ტექსტის ადეკვატურ გააზრებას, გაგებას, ძირითადი და მეორეხარისხოვანი ინფორმაციისა და დეტალების გამიჯვნას, კონკრეტული ფაქტების განზოგადებასა და პარალელების მოყვანას, ამა თუ იმ სიმბოლოს მოძებნასა და განმარტებას.
აქედან გამომდინარე, ტექსტის ინტერპრეტაცია მოიცავს ობიექტურ, კონკრეტულ და დასაბუთებულ ინფორმაციას და არ არის განზოგადებული, სუბიექტური, ექსპრესიული საუბარი. შესაბამისად, თქვენი პოზიციაც უნდა იყოს დამყარებული არა პირად შეგრძნებებსა და ემოციებზე, არამედ ლოგიკურ, არგუმენტირებულ მსჯელობაზე, დასკვნებიც უნდა იყოს სათანადო, დასაბუთებული და ტექსტური მასალით გამყარებული.
ტექსტის გააზრება
მხატვრული ტექსტის ანალიზის პირველი ეტაპია ტექსტის კრიტიკული წაკითხვა. პირველ ეტაპზე საკმარისია ტექსტის გაცნობითი წაკითხვა, ზოგადი გააზრება და გარკვეული შთაბეჭდილების შექმნა. თუმცა, ეს არ არის საკმარისი. აუცილებელია ტექსტი მეორედაც წაიკითხოთ, რაც არ უნდა დიდი მოცულობისა იყოს ის. მეორედ წაკითვის დროს უკვე გაიაზრეთ ავტორის მიზანი, ძირითადი სათქმელი, საშუალებები, მთავარი და მეორეხარისხოვანი პერსონაჟები, გაამახვილეთ ყურადღება, არის თუ არა ტექსტში წარმოდგენილი ქვეტექსტი, გამოყავით მხატვრულ-გამომსახველობითი ხერხები, გამოყავით სიუჟეტური ხაზი, ფაბულა, საკვანძო ეპიზოდები, კულმინაცია და ა. შ.
ტექსტის დამუშავებისას დასვით შემდეგი დამხმარე კითხვები და გაეცით მათ პასუხები თქვენს წერილობით ტექსტში. ეს საგრძნობლად დაგეხმარებათ ანალიზის აგებასა და სწორად წარმართვაში.
ნაწარმოების გააზრებასთან დაკავშირებული ზოგადი კითხვები:
- რის შესახებ არის ტექსტი?
- ტექსტი ეყრდნობა მთლიანად გამოგონილ ამბავს თუ მწერალი რეალურ ან ისტორიულ ამბებს მოგვითხრობს?
- როგორია თქვენი დამოკიდებულება ტექსტისადმი და რატომ?
- რა მოლოდინი გაგიჩნდათ ნაწარმოების კითხვისას და როგორ გამართლდა თქვენი მოლოდინი?
- კულტურულად რამდენად მისაღებია ნაწარმოებში გადმოცემული ფასეულობები, ურთიერთობები, ფაქტები კონკრეტული საზოგადოებისთვის და რატომ?
- რა მიმართებაა ნაწარმოებსა და სათაურს შორის?
- რა მოლოდინს აღძრავს თქენში სათაური?
- დაგიტოვათ თუ არა უკმარისობის გრძნობა ნაწარმოებმა, რა თვალსაზრისით და რატომ?
- რომელი გმირისკენ იხრება თქვენი სიმპათია და რატომ?
- როგორ ერწყმის ნაწარმოებში ისტორიული რეალობა და მხატვრული ტექსტი?
- რა წყაროს ეყრდნობა ავტორი ნაწარმოების შექმნისას (ასეთის არსებობის შემთხვევაში)რა / ვინ არის მწერლის შთაგონების წყარო?
- (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ვის ეძღვნება ნაწარმოები და რის თქმის საშუალებას იძლევა ეს?
- (ასეთის არსებობის შემთხვევაში)რა ეპიგრაფი უძღვის ნაწარმოებს?
- (ასეთის არსებობის შემთხვევაში)ემთხვევა თუ არა ფაქტების, მოვლენების, გმირების შეფასებისას თქვენი პოზიცია ავტორის პოზიციას?
- თქვენი აზრით, ნაწარმოების რომელი ეპიზოდია ყველაზე მნიშვნელოვანი და რატომ?
- თქვენი აზრით, რომელ ქმედებაში ვლინდება ყველაზე მეტად ამა თუ იმ გმირის ხასიათი, სურვილი, მისწრაფება, ღირებულებები?
- რომელ ეპოქას განეკუთვნება ნაწარმოები და რამდენად არის ასახული ეპოქალური მოვლენები ნაწარმოებში?
- რომელ ლიტერატურულ ჟანრს განეკუთვნება ნაწარმოები?
- რა ფაქტორები ახდენს გმირის ხასიათის ჩამოყალიბებაზე უშუალო გავლენას?
- ოჯახი, პროფესია, საზოგადოება, გარემო და ა. შ.რამდენად ფასეულია ნაწარმოები ისტორიული და მხატვრული თვალსაზრისით?
- იძლევა თუ არა ნაწარმოები ეთნოგრაფიული ხასიათის ცნობებს, ყოფითი რეალიების ამსახველ ინფორმაციას?
- რა სხვაობაა ნაწარმოებში აღწერილ ეპოქასა და მკითხველის ეპოქას შორის კულტურული, ისტორიული და სოციალური ღირებულებებისა და ორიენტირების თვალსაზრისით?
- რომელი მწერლებისა და ლიტერატურული მიმართულებების გავლენას განიცდის ნაწარმოები?
- (ასეთის არსებობის შემთხვევაში)რა პარალელების გავლება შეიძლება სხვა ნაწარმოებებთან?
- შეიძლება თუ არა ნაწარმოებში გადმოცემული ამბის, ფაქტის განზოგადება?რა მნიშვნელოვანი დასკვნების გამოტანაა შესაძლებელი?
გმირის / პერსონაჟის დახასიათებასთან დაკავშირებული შეკითხვები:
- რა თვისებები უწყობს ხელს გმირის წარმატებას და რატომ ფიქრობთ ასე?
- რა თვისებების ნაკლებობა უშლის გმირს წარმატების/მიზნის მიღწევაში და რატომ?
- რა თვისებები უწყობს ხელს გმირს მკითხველის სიმპათიის მოპოვებაში?
- რა თვისებების გამო განეწყობა მკითხველი უარყოფითად კონკრეტული გმირისადმი?
- როგორ ვლინდება გმირის სახე ნაწარმოების დასაწყისში?
- რა პრობლემების წინაშე დგას გმირი და რამდენად ახერხებს ის მათ გადალახვას?
- თუ ვერ ახერხებს, რა უშლის მას ამაში: პიროვნული სისუსტე, ობიექტური ვითარება, გარემო პირობები?
- რა ფუნქცია აქვს მწერლის მიერ აღწერილ გმირის პორტრეტს?
- ნაწარმოების მსვლელობისას როგორ ვითარდება გმირის პიროვნება?
- ის დადებით თვისებებს იძენს და მიისწრაფვის სრულყოფილებისკენ და აღწევს ამას თუ ზნეობრივად ეცემა?
- რა იდეა უკავშირდება ამ გმირს ნაწარმოებში და რატომ ფიქრობთ ასე?
- რომელ საკვანძო ეპიზოდში ვლინდება გმირის სახე?
- რა მხატვრულ-გამომსახველობით საშუალებებს იყენებს ავტორი გმირის დასახასიათებლად?
- როგორია ავტორის დამოკიდებულება გმირისადმი (დადებითი, უარყოფითი თუ ნეიტრალური) და რაში ვლინდება ეს?
- გმირი სახე-ხასიათია თუ სახე-სიმბოლო?
- რით განსხვავდება გმირი საზოგადოებისაგან?
- რა ფასეულობები და თვისებები განასხვავებს მას საზოგადოებისაგან და გამოარჩევს მას?
- რა გავლენა მოახდინა გმირმა საზოგადოებაზე?
- როგორია გმირი: დადებითი, უარყოფითი, ტრაგიკული, კომიკური, გროტესკული და ა. შ.?
- რომელ სოციალურ ფენას განეკუთვნება გმირი და რამდენად ატარებს ის თავისი სოციალური კლასის ნიშნებს?
- გმირი გამოგონილი პერსონაჟია თუ რეალური?
- როგორია გმირის ურთიერთობა საზოგადოების სხვა წევრებთან?
- ემორჩილება თუ არა გმირი საზოგადოებაში გაბატონებულ წესებსა და კანონებს და თუ უგულებელყოფს, რატომ?
- ეს მას დადებითად ახასიათებს თუ უარყოფითად?
- რატომ ფიქრობთ ასე?
- როგორია გმირის მსოფლმხედველობა და მისი მსოფლაღქმა?
- როგორია გმირის ინტერესები, მიდრეკილებები და როგორ, რა კონკრეტული ფაქტებით ვლინდება ეს ნაწარმოებში?
- გმირის რა შინაგანი განცდებია გადმოცემული ნაწარმოებში?
- გმირის ბუნება ჩანს ავტორის დახასიათება-აღწერით თუ გმირის მიერ ჩადენილი კონკრეტული ქმედებით?
მოვლენის/ სიტუაციის გაანალიზებასთან დაკავშირებული შეკითხვები:
- რა მნიშვნელობა აქვს ნაწარმოებში აღწერილ მოვლენას ქვეყნისათვის კულტურული, მორალურ-ზნოებრივი თვალსაზრისით?რატომ გაამახვილა ამ მოვლენაზე ყურადღება ავტორმა და რატომ ფიქრობთ ასე?
- არის თუ არა აღწერილი მსგავსი მოვლენა რომელიმე სხვა ნაწარმოებში?
- მოძებნეთ პარალელები, რაშია მათი მსგავსება და განსხვავებები?
- ეს მოვლენა რეალური ფაქტია თუ გამოგონილი?რის თქმა სურს ავტორს ამ მოვლენის აღწერით?
- რა არის ავტორის მიზანი?
- ამ მოვლენის აღწერისას ავტორი ღიად ამბობს სათქმელს თუ შეფარვით?
- ამ მოვლენას ავტორი დადებითად აფასებს, უარყოფითად თუ ნეიტრალურად, თავს არიდებს შეფასებებს?
- როგორია ტექსში აღწერილი მოვლენისადმი თქვენი დამოკიდებულება?
- რა ფაქტორებმა განაპირობა ტექსტში გადმოცემული მოვლენის მწერლისეული ინტერპრეტაცია?
- რა მხატვრულ-გამომსახველობით საშუალებებს იყენებს ავტორი კონკრეტული მოვლენის აღწერისას?
- როგორ უკავშირდება კონკრეტული მოვლენა ნაწარმოებში აღწერილ სხვა მოვლენებს?
- როგორია ამა თუ იმ გმირის როლი კონკრეტულ მოვლენაში?რამ გამოიწვია და რამ შეუწყო ხელი ნაწარმოებში აღწერილი მოვლენის განვითარებას?
- რა ფუნქცია აქვს აღწერილ მოვლენას?
- მოსალოდნელი იყო თუ არა მოვლენის ამგვარი განვითარება და რატომ?რა დადებითი და რა უარყოფითი მხარეები აქვს ნაწარმოებში აღწერილ კონკრეტულ მოვლენას?
მხატვრული ტექსტის ისტორიულ ანალიზთან დაკავშირებული შეკითხვები
- რომელი ეპოქაა აღწერილი?
- რით არის აღწერილი ეპოქა გამორჩეული მსოფლიო, რეგიონის ისტორიაში?
- გამოყავით ეპოქის მახასიათებლები.რა წყაროებს ეყრდნობა ნაწარმოები და საიდან ჩანს?
- რა ხერხებს იყენებს ავტორი ისტორიული კოლორიტის აღსადგენად (მეტყველება, სამოსი, პერსონაჟები და ა. შ.)?
- პერსონაჟთაგან გვხვდება თუ არა ისტორიული რეალური პიროვნება და რა სხვაობაა ნაწარმოებში აღწერილ პერსონაჟსა და რეალურ გმირს შორის?
- ეთნოგრაფიული ხასიათის რა ცნობები გვხვდება ნაწარმოებში?
- რა გეოგრაფიული გარემოა წარმოდგენილი ნაწარმოებში?
- კულტურული ხასიათის რა ცნობები გვხვდება და რა მიზნით იყენებს მათ ავტორი?
- პოლიტიკურ-ეკონომიკური ხასიათის რა ცნობები გვხვდება და რა მიზნით იყენებს მათ ავტორი?
- როგორი სოციალური ფორმაციაა აღწერილი ნაწარმოებში?
- როგორია რელიგიური ვითარება ნაწარმოებში და ჩანს თუ არა მიმართება სხვა რელიგიურ აღმსარებლობებთან?
- არის თუ არა აღწერილი ნაწარმოებში რომელიმე ცნობილი ბრძოლა, ისტორიული ფაქტი, მოვლენა და რა როლი ითამაშა ამან როგორც ქვეყნის/რეგიონში არსებულ ვითარებაში, ისე მხატვრული ნაწარმოების განვითარებაში;
- არის თუ არა ნაწარმოებში დაცული ესა თუ ის ცნობა/ინფორმაცია ისტორიული ვითარების შესახებ, რომელიც სხვა ნაწარმოებში არ გვხვდება.
ტექსტის მხატვრულ ანალიზთან დაკავშირებული შეკითხვები
- რა მხატვრულ საშუალებებს იყენებს ავტორი სათქმელის გადმოსაცემად?
- რა განაპირობებს ნაწარმოების მხატვრულ ღირსებას?
- იყენებს თუ არა ავტორი მხატვრულ გამომსახველობით საშუალებებს თუ მისი თხრობა არის სადა და ინფორმატიული?მხატვრული ხერხები ავტორისეულია თუ რომელიმე წყაროდან მომდინარეობს?
- ავტორი სათქმელს პირდაპირ გადმოსცემს თუ მეტაფორულად?
- არის თუ არა ნაწარმოებში სიმბოლური ხატები?
- რა სიმბოლური დატვირთვა აქვს ნაწარმოების სათაურს და რამდენად აღწევს მიზანს ავტორი?
- როგორია ნაწარმოებში თხრობის დინამიკა?
- როგორია ავტორისეული რიტმი, მელოდიკა და ა. შ.როგორია ავტორის თხრობის მანერა?
- ექსპრესიულია თუ არა ავტორის თხრობის სტილი?
- რა ენობრივ ქსოვილს (საშუალებებს) იყენებს ავტორი პერსონაჟის მეტყველებაში?
- (დიალექტი, არქაიზმი, ჟარგონი, ბარბარიზმი, ჩვეულებრივი, სადა, არაფრით გამორჩეული ენა და ა. შ.) რამდენად ადეკვატურად არის გამოყენებული სიმბოლოები ნაწარმოებში და აღწევს თუ არა ავტორი მიზანს?
- გამოყენებულია თუ არა უნივერსალური, ამა თუ იმ კულტურისათვის დამახასიათებელი სპეციფიკური სიმბოლური ხატები?
- არის თუ არა გამოყენებული ნაწარმოებში სიუჟეტური შენიღბვის ხერხი?
- იყენებს თუ არა ავტორი პერსონაჟის/მოვლენის აღწერისას სხვა მისთვის უცხო კულტურული სივრციდან მომდინარე მხატვრულ-გამომსახველობით ხერხებს?
- რა ეპითეტს/შედარებას/მეტაფორას და ა. შ. იყენებს ავტორი, არის თუ არა ისინი ორიგინალური და აღწევს თუ არა სათანადო ეფექტს?
- არის თუ არა ნაწარმოებში ლირიკული გადახვევა და რა მიზნით?
- როგორია ნაწარმოების სიუჟეტური წყობა? როგორ არის წარმოდგენილი ექსპოზიცია, კვანძის შეკვრა, კვანძის გახსნა?
- იყენებს თუ არა ავტორი იდიომებსა და ფრაზეოლოგიურ ერთეულებს?
- არის თუ არა ისინი ორიგინალური?
- იყენებს თუ არა ავტორი პერსონაჟის/მოვლენის აღწერისას ირონიას, გროტესკს, ჰიპერბოლას, გაპიროვნებას?
მხატვრული ტექსტის ანალიზის სტრუქტურა მხატვრული ტექსტის ანალიზი, როგორც ნებისმიერი ანალიტიკური ტექსტი, შედგება სამი ნაწილისაგან:
შესავალი, ძირითადი ნაწილი და დასკვნა.
თუ ანალიზის დროს ერთ-ერთი მათგანი მაინც იქნება უგულებელყოფილი, ნაშრომი არასრულფასოვნად მიიჩნევა და შეფასების შემთხვევაში დაბალი ქულა დაიწერება.
შესავლის ფუნქციაა საკითხის დასმა, პრობლემის შესახებ მკითხველისათვის ძირითადი და წინასწარი ინფორმაციის მიწოდება. ძირითად ნაწილში უნდა განიხილოთ ზემოთ წარმოდგენილ პრობლემათაგან თქვენთვის საჭირო და თქვენს მიზანთან დაკავშირებული. რაც შეეხება დასკვნას, მისი მიზანია, შეაჯამოს, განაზოგადოს მსჯელობა და მკითხველის ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილოს ძირითად სათქმელზე.
წყარო: nplg.gov.ge