როგორ დავიცვათ მოზარდები მავნე ზეგავლენისგან? - rogor.ge

როგორ დავიცვათ მოზარდები მავნე ზეგავლენისგან?

საქართველოში მოქმედებს კანონი, რომლის მიზანია არასრულწლოვანთა დაცვა იმ მავნე ზეგავლენისაგან, რომელიც დაკავშირებულია ალკოჰოლური სასმელების და თამბაქოს მოხმარება-გასაღებასა და აზარტულ თამაშობებში მონაწილეობასთან. აღნიშნული კანონის მიხედვით, ოფიციალურად იკრძალება: არასრულწლოვანთათვის ალკოჰოლური სასმელების, ლუდისა და თამბაქოს მიყიდვა; არასრულწლოვანთა მიერ ალკოჰოლური სასმელების, ლუდისა და თამბაქოს რეალიზაცია; ალკოჰოლური სასმელების, ლუდისა და თამბაქოს რეალიზაცია საგანმანათლებლო, სასწავლო-აღმზრდელობით დაწესებულებებში და მათ ტერიტორიაზე.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ შეზღუდულია არასრულწლოვანთათვის ისეთი ფილმების ჩვენება, რომლებიც მავნე ზეგავლენას ახდენენ მათ ჯანმრთელობაზე, გონებრივ და სულიერ განვითარებაზე. მავნე ზეგავლენის მომხდენად შეიძლება ჩაითვალოს ფილმი, თუ ის შეიცავს სექსუალური ურთიერთობის, ძალადობის, ნარკოტიკების დამზადებისა და უკანონო მოხმარების ამსახველ სცენებს. მიუხედავად კანონის აკრძალვისა, ძნელია ამ განკარგულებების ზუსტად შესრულება, რადგან დღესდღეობით არასრულწლოვნებს ყველაზე მეტი ინტერესი და შესაძლებლობა აქვთ ტექნოლოგიის გამოყენებით ინფორმაციის მიღების.

აქვე უნდა აღინიშნოს რომ აკრძალულია აზარტულ სათამაშო დაწესებულებებსა და აზარტულ სათამაშო ავტომატებთან არასრულწლოვანთა დაშვება; ასევე აზარტულ სათამაშო დაწესებულებებში არასრულწლოვანთა მუშაობა.

აკრძალულია ბარსა და ღამის კლუბში არასრულწლოვანთა დაშვება 23-დან 8 საათამდე; რესტორანში, ბარსა და ღამის კლუბში არასრულწლოვანთა მუშაობა. კანონის – მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ მოთხოვნათა დარღვევისათვის გათვალისწინებულია სამოქალაქო ან/და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. მოზარდის აღზრდასთან დაკავშირებით, კანონს შეუძლია მხოლოდ დახმარება გაგვიწიოს მნიშვნელოვანი უარყოფითი ზეგავლენის მომხდენი სიტუაციების აკრძალვით, თუმცა ამ ყველაფრის დაცვა და კონტროლი ჩვენზეა დამოკიდებული.

წყარო: myadvokat.ge