როგორ დავამარცხოთ შარდის ბუშტის ანთება - rogor.ge

როგორ დავამარცხოთ შარდის ბუშტის ანთება

მწვავე ცისტიტის დროს აუცილებელია წოლითი რეჟიმი. რაციონიდან უნდა გამოირიცხოს ცხარე და გამაღიზიანებელი საკვები. საჭიროა სითხის (მინერალური წყლის, წვენების) უხვი მიღება - დაახლოებით 2 ლიტრისა დღე-ღამეში.

დიდ შვებას იძლევა სათბურა შარდის ბუშტის საპროექციო არეში და ცხელი აბაზანები. ანტიბიოტიკოთერაპია მწვავე ცისტიტის დროს უკეთესობას სულ 3-4 დღის შემდეგ იწვევს, მაგრამ რეციდივის თავიდან ასაცილებლად ანთების საწინააღმდეგო მკურნალობა 2-3 კვირაზე ნაკლებ ხანს არ უნდა გაგრძელდეს. მწვავე ცისტიტის დროს შარდის ბუშტში სამკურნალო საშუალებების ინსტალაცია უკუნაჩვენებია. ქრონიკული ცისტიტის დროს, რომელიც უმეტესად მეორეულია, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ძირითადი მიზეზის აღმოფხვრას, რომელიც ანთების მიმდინარეობას უწყობს ხელს. ეს შეიძლება იყოს შარდის ბუშტის კენჭი, დივერტიკული, პროსტატის ადენომა, შარდსადინარის შევიწროება და სხვა.

ქრონიკული ცისტიტის მკურნალობა საჭიროა კომპლექსურად:

  • ანტიბიოტიკებით;
  • ანთების საწინააღმდეგო არაჰორმონული პრეპარატებით;ვიტამინებით;
  • იმუნური სისტემის გამაძლიერებლებით და სხვა მედიკემანტებით, რომლებიც ინდივიდუალურია ყველა პაციენტისთვის და სპეციალისტმა უნდა დანიშნოს.

თუ ქრონიკული ცისტიტი გართულებულია შარდის ბუშტ-შარდსაწვეთის რეფლუქსით, ბუშტის ყელის სკლეროზით, შარდსადინარის დისტალური ნაწილის სტენოზით და სხვა, უპირატესობა უნდა მიენიჭოს მკურნალობის ოპერაციულ მეთოდს.

რა ართულებს ცისტიტის მკურნალობას?

- ცისტიტის მკურნალობის სირთულე გამოწვეულია მრავალი ფაქტორით. უმეტესად ეს ფაქტორები ერთმანეთს ერწყმის, რაც უფრო მეტად ართულებს მკურნალობას. ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორია თვითმკურნალობა და სპეციალისტთან დაგვიანებით მისვლა. არასწორად შერჩეული წამალი უეფექტოა და ხელს უწყობს პროცესის გავრცელებას და გაქრონიკულებას, ამასთან ერთად კი ანტიბიოტიკებისადმი მდგრადი შტამების წარმოშობას. უკანასკნელ ხანს გაჩნდა სანდო მონაცემები ცისტიტის განვითარებაში უროგენიტალიური ინფექციების ატიპური გამომწვევების დიდი როლის შესახებ. მიაჩნიათ, რომ ქრონიკული უროგენიტალიური ინფექციები ხელს უწყობენ რეზისტენტობის ჩამოყალიბებას, ადგილობრივი ფაქტორების დეკომპენსაციისა და იმუნური სისტემის დასუსტებას. ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორები ნათლად მიგვანიშნებს, რა სერიოზული პრობლემაა ცისტიტი და რაოდენ რთულია მისი მკურნალობა.

ცისტიტის პროფილაქტიკა გულისხმობს ელემენტარული წესების დაცვას შარდსასქესო სისტემის სწორი ფუნქციობისთვის და იმ მიზეზების აღმოფხვრას, რომლებიც ხელს უწყობს დაავადების აღმოცენებასა და განმეორებას. რეკომენდაციები ასეთია:

  • ერიდეთ სხეულის გადაცივებას (გაციებას);
  • მაღალ დონეზე შეინარჩუნეთ იმუნიტეტი;მუდამ დაიცავით პირადი და სქესობრივი ცხოვრების ჰიგიენა;
  • დროულად და სრულად დაიცალეთ შარდის ბუშტი. ეს ხელს შეუწყობს ბუშტში მოხვედრილი ბაქტერიების გამოძევებას;
  • სქესობრივ აქტამდე და მის შემდეგ დაიცალეთ შარდის ბუშტი. სქესობრივი აქტის შემდეგ შარდის გამოყოფა გამორეცხავს შარდსადინარ გზებზე მოხვედრილ მიკრობებს;
  • იკვებეთ სწორად;ყურადღება მიაქციეთ სეზონურ ჩაცმულობას;ნუ ჩაიცვამთ მოჭერილ ტანსაცმელს - ის ხელს უშლის მცირე მენჯის ღრუს ორგანოებში სისხლის მიმოქცევას;
  • ნუ ჩაიცვამთ სინთეტიკური მასალისგან დამზადებულ ქვედა საცვლებს.

ეს ყოველივე, სწორად შერჩეულ მედიკამენტებთან ერთად, თავიდან აგაცილებთ ცისტიტის წარმოშობასა და გამეორებას.

წაიკითხეთ ვრცლად ცისტიტის შესახებ