როგორ არეგულირებს კანონმდებლობა ერთმანეთთან დაუქორწინებელი მშობლებისგან შვილის წარმოშობის საკითხს - rogor.ge

როგორ არეგულირებს კანონმდებლობა ერთმანეთთან დაუქორწინებელი მშობლებისგან შვილის წარმოშობის საკითხს

სამართლებრივად, საკმაოდ საინტერესოა შემთხვევა, როდესაც ერთმანეთთან დაუქორწინებელი მშობლები გააჩენენ შვილს და სამოქალაქო კოდექსით გარანტირებული მექანიზმი მშობლების რეგისტრაციის შესახებ თავის დანიშნულებას სრულფასოვნად ვერ ასრულებს. ანუ იგულისმხება რომ, რა თქმა უნდა დედის დადგენა მარტივია, მშობიარობისას გაკეთებული ჩანაწერით, თუმცა მამობაზე იმავეს ვერ ვიტყვით. როგორც ცნობილია, დაქორწინებული პირების მშობლებად რეგისტრაციისას მოქმედებს პრეზუმფცია რომლის მიხედვითაც ქმარი ასევე ივარაუდება ბავშვის მამად სანამ სხვა არ გახდის ამ საკითხს სადაოს, თუმცაღა საინტერესოა რა ხდება მაშინ, როდესაც პოტენციური მამა დედასთან ქორწინებაში არ იმყოფება და მსგავსი ვარაუდის საფუძველი კანონს არ გააჩნია.

ჯერ კიდევ, საქართველოს პირველი კონსტიტუციის მე-40 მუხლი პრობლემატურად აღიქვამდა ამ თემას და აღნიშნავდა რომ, სამართლებრივად თანასწორნი იყვნენ ქორწინებაში და მის გარეშე დაბადებული ბავშვები. ამავდროულად „ქორწინების გარეშე და ქორწინებაში შობილი უფლებითა და მოვალეობით თანასწორნი არიან, დედას უფლება აქვს იძიოს და დაამტკიცოს, ვინ არის მამა მის მიერ ქორწინების გარეშე შობილისა: აგრეთვე ქორწინების გარეშე შობილს უფლება აქვს იძიოს თავისი მამა.“

დღეს ეს საკითხი საქართველოს სამოქალაქო კოდექსში საკმაოდ კარგად არის რეგულირებული თუმცა მაინც შეგვიძლია რამდენიმე საინტერესო და პრობლემატურ საკითხზე ყურადღება გავამახვილოთ და ვიმსჯელოთ.

იმისათვის რომ ბავშვის მშობლის ვინაობა დადგინდეს, სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლი, ყველაზე ეფექტურ გამოსავლად მშობელთა ერთობლივი განცხადების წარდგენას მიიჩნევს. აქ ივარაუდება ისეთი შემთხვევა, როდესაც ორივე მშობელი და არა მხოლოდ მამა, ადასტურებს იმას რომ ბავშვი მათი შვილია. უფრო თუ დავკონკრეტდებით ეს დოკუმენტი ერთგვარად წარმოადგენს დედის დასტურს იმის თაობაზე რომ მამა ნამდვილად ის პირია ვისთან ერთადაც აკეთებს წინამდებარე განცხადებას.

თუ მსგავსი პირობა სახეზე არ გვაქვს, ანუ არ არსებობს მშობელთა ერთობლივი განცხადება, ასეთ შემთხვევაში მამობის აღიარებაზე გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო, როგორც ერთ-ერთი მშობლის განცხადების საფუძველზე ასევე მისი მეურვისა და თავად ამ ბავშვის სურვილით, თუ ის მიაღწევს სრულწლოვანებას. ეს ჩანაწერი საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანია, რადგანაც წარმოადგენს ერთგვარად უფლების დაცვის მექანიზმს ბავშვის დედისათვის, რათა მისი აღზრდის ვალდებულება გაინაწილოს მამასთან. იმისათვის რომ მარტივი აღსაქმელი გახდეს რა შემთხვევაში შეიძლება ვისარგებლოთ ამ დანაწესით, კარგი იქნება თუ ისეთ შემთხვევას განვიხილავთ, როდესაც მამას არ სურს რომ დადასტურდეს ის ფაქტი რომ შვილი მისია და ამით ცდილობს აიცილოს ყველა ის უფლება-მოვალეობები, რომლებიც მის მიმართ წარმოეშობა. ასეთ დროს დედას საშუალება აქვს, მოითხოვოს სასამართლო წესით მამობის დადგენა, თუმცა ეს სრულად არ გამორიცხავს საპირისპირო შემთხვევას, როდესაც პირიქით დედას არ სურს რომ რაიმე კონტაქტი ჰქონდეს ბავშვის მამასთან და შესაბამისად არ შეაქვს მასთან ერთად განცხადება სასამართლოში. ნებისმიერ შემთხვევაში ეს ჩანაწერი ორივე მშობლის უფლებას თანაბრად იცავს და აღიარებს.

საინტერესოა როგორ შეიძლება დადგინდეს ბავშვის მამობა. ერთის მხრივ, საკამოდ მარტივია დადგინდეს ვინ არის ბავშვის დედა. დედისაგან შვილის წარმოშობის დადგენა, როგორც წესი, არ წარმოშობს პრობლემებს. აღნიშნული ხორციელდება ადმინისტრაციული წესით სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ. ამ ფაქტის თაობაზე უფლებამოსილი პირი (სამედიცინო დაწესებულება, მშობელი, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო, სხვა დაინტერესებული პირი) ატყობინებს შესაბამის ორგანოს ელექტრონული ან მატერიალური ფორმით („სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველის კანონის 23–24-ე მუხლები). ქორწინებაში არმყოფი მშობლების შემთხვევაში, დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში დედის მონაცემები მიეთითება დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტისა და დედის განცხადების საფუძველზე (26-ე მუხლი).

„მამობის დადგენა არის იურიდიული ფაქტი, რომელიც წარმოშობს მშობელსა და შვილს შორის სამართლებრივ ურთიერთობებს. იგი ასევე განიხილება, როგორც საოჯახო სამართლის ინსტიტუტი და ბავშვის უფლებათა დაცვის საშუალება. პირველ შემთხვევაში, ეს არის იურიდიული ნორმების ერთობლიობა, რომლებიც არეგულირებენ შვილის წარმოშობის დადგენასთან დაკავშირებით წარმოშობილ ურთიერთობებს, ხოლო მეორე შემთხვევაში – ბავშვის დარღვეული (სადავოდ ქცეული) უფლებების დასაცავად (აღიარებისაკენ) მიმართული ზომა.“ წაიკითხეთ ვრცლად