როგორ ვიყიდოთ მანქანა საქართველოში სარფიანად? - rogor.ge

როგორ ვიყიდოთ მანქანა საქართველოში სარფიანად?

მოიძიეთ ინფორმაცია

მოლაპარაკებების დაწყებამდე გააკეთეთ თქვენთვის სასურველი მოდელის ფასის დეტალური ანალიზი. ასეთი ანალიზის გაკეთება შესაძლებელია ვებგვერდზე autobild.ge, რუბრიკაში ”რა მანქანა ვიყიდოთ”. გაიგეთ სასურველი მოდელის მინიმალური და მაქსიმალური ფასი. ვებ-გვერდის ამავე განყოფილებაში ნახავთ საქართველოში პოპულარული მეორადი ავტომობილების დეტალურ მიმოხილვას - ყველა მოდელის პლუსებს, მინუსებს, ყველაზე გავრცელებულ პრობლემებს და მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას საქართველოში ხელმისაწვდომი სერვისის შესახებ. ჩვენი კატალოგი დაგეხმარებათ, გაარკვიოთ, რა სისუსტეები ახასიათებს თქვენთვის სასურველ მანქანას.

ფასის ლიმიტი

დაისახეთ ფასის კონკრეტული ლიმიტი, რომელსაც არავითარ შემთხვევაში არ გადააჭარბებთ. მოლაპარაკების დაწყებამდე არ წამოგცდეთ თქვენთვის სასურველი ფასი და ნუ ეტყვით გამყიდველს, კიდევ რა ვარიანტები გაქვთ, რადგან ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, უფრო იაფად შეძენის შანსი ხელიდან გაუშვათ. თუ ხედავთ, რომ გამყიდველი ფასს აღარ დააკლებს, წაუყენეთ მას დამატებითი მოთხოვნები - მაგალითად, მოსთხოვეთ უახლოესი სავალდებულო სერვისის დაფინანსება (მაგალითად, ზეთის გამოცვლა). თუ ატყობთ, რომ საბურავები ძველია, მოითხოვეთ ახალი საბურავები.

შეამოწმეთ ავტომობილი

წაიყვანეთ ვინმე ავტომობილის დასათვალიერებლად. თუნდაც ავტო-ექსპერტი არ იყოს, მოლაპარაკებაზე მარტო წასვლას ვინმესთან ერთად წასვლა ჯობია. შეამოწმეთ ან შეამოწმებინეთ ავტომობილი პროფესიონალს, აუცილებლად მოიწყვეთ ტესტ-დრაივი. მოსთხოვეთ გამყიდველს მანქანის წიგნი (თუკი არსებობს), სადაც აღნიშნულია, როდის რა გამოუცვალეს ავტომობილს. თუ შემოთავაზება სერიოზულია, გამყიდველი მანქანის დეტალურად შემოწმების წინააღმდეგი არ იქნება.

იყავით თავდაჯერებული

სასურველია, რომ იყოთ სოლიდურად ჩაცმული. ივაჭრეთ თამამად და მკაცრად! მაგრამ ნუ გადაამეტებთ და შეეცადეთ, რომ კრიტიკა იყოს აგრუმენტირებული. არ შეურაცხყოთ ავტომობილი და მით უმეტეს გამყიდველი, იყავით სამართლიანი. მოლაპარაკებების დროს კარგ ატმოსფეროს და განწყობას დიდი მნიშვნელობა აქვს და შეთანხმების შანსს ზრდის. მოლაპარაკებების დროს ყველაზე მთავარი ჯანსაღი თავდაჯერებაა და თუ გრძნობთ, რომ თავდაჯერებას კარგავთ, შეწყვიტეთ მოლაპარაკება - ალტერნატივა ხომ უამრავია.

არ აყვეთ გრძნობებს

„ეს ჩემი ოცნების ავტომობილია! ხუთი წლისაა და მაინც რა კარგად გამოიყურება. ეს ერთ-ერთი საუკეთესო ეგზემპლარია მათ შორის, რაც ოდესმე მინახავს!“ - ვინც ასე, ან დაახლოებით ასე იწყებს მოლაპარაკებას გამყიდველთან, ფასს არ დაუკლებენ. გამყიდველმა არ უნდა იგრძნოს, რომ თქვენ ამ მანქანის ყიდვა ძალიან გინდათ. თუ მიხვდა, რომ ერთი სული გაქვთ, როდის გაიფორმებთ ამ ავტომობილს, ფასს მხოლოდ ოდნავ თუ დააკლებს (რას ისედაც ჰქონდა გათვალისწინებული). დაიხსომეთ: პირველად ნათქვამი ბოლო ფასი თითქმის არასდროს არ არის ბოლო ფასი! განაგრძეთ კითხვა