როგორ შევარჩიოთ კურორტი ბავშვისთვის
- ბავშვებისთვის დასასვენებლად მთის რომელი კურორტია საუკეთესო?
- იმისთვის, რომ ბავშვები მთელი წლის მანძილზე ჯან-მრთელები იყვნენ და სხვადასხვა დაავადების მიმართ ორგანიზმს ბრძოლის უნარი ჰქონდეთ, საჭიროა მათი ორგანიზმის გაკაჟება. კარგია, თუ ისინი მთის კურორტებზე დაისვენებენ, ვინაიდან მთის კურორტებს ორგანიზმზე ძლიერი ფიზიოლოგიური მოქმედება აქვს, კერძოდ, მატრენირებელი თვისება, ე.ი. იწვევს რთულ ფიზიოლოგიურ ზემოქმედებას, რომელსაც ორგანიზმის გაჯანსაღება და სხვადასხვა მავნე ფაქტორებისადმი მდგრადობის ზრდა მოჰყვება.
ბავშვებისთვის კარგია ბორჯომის ხეობის კურორტები, თბილისის საგარეუბნო კურორტები, როგორიც არის - კოჯორი, კიკეთი, მანგლისი, წყნეთი, საგურამო. ოღონდ, აქ გასათვალისწინებელია ბავშვის ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა. თუ ბავშვი მცირე ასაკის არის, უმჯობესია ქალაქთან ახლოს მდებარე კურორტები, რომ სამედიცინო დახმარება, საჭიროების შემთხვევაში, სწრაფად აღმოვუჩინოთ.
- ალერგიული ბავშვები რომელ კურორტებზე უნდა დავასვენოთ?
- ალერგიული პატარებისთვის განსაზღვრული კურორტები არ არსებობს. ალერგია ინდივიდუალურია და შეიძლება, ზოგიერთისთვის ამა თუ იმ კურორტზე რომელიღაც უმნიშვნელო ალერგენი იყოს წამყვანი. დიდი ხანია, სურამი საუკეთესო კურორტად ითვლება და ალერგიული ბავშვების დასასვენებლად საუკეთესო ადილია. ასევე ვურჩევდი ბაკურიანს, შოვს, ბახმაროს და ბორჯომის საკურორტო ზონას, ან რომელიმე კარგ სოფელს, სადაც ბავშვი თავს კარგად იგრძნობს.
- ადამიანებმა, რომლებსაც ვენები აწუხებთ, დასავენებლად რომელ კურორტს უნდა მიმართონ?
- ასეთ პირებს, პირველ რიგში, წყლის პროცედურები სჭირდებათ, კერძოდ, ცურვა, წყალქვეშა ვარჯიშები, აკვააერობიკა. ასეთი დაავადებისთვის ასევე კარგია აქტიური მოძრაობა, - ერთ-ერთი პირველი წამალია. ასევე უნდა ჩაიტარონ კურორტული მკურნალობა, მინერალური წყლის აბაზანებით და ფიზიოთერაპიით. ამის საშუალება ქალაქიდან გაუსვლელად, თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტშიცაა შესაძლებელი, სადაც სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ ყველა პირობაა შექმნილი, მათ შორის, ვენების. თუ ქალაქიდან გასვლა უნდათ, მაშინ კარგია წყალტუბოს აბაზანები, ბორჯომის ნახშირორჟანგიანი აბაზანები, ყველა მინერალური წყალი, რომელიც ამა თუ იმ ადგილზე არსებობს და რომელიც აბაზანების სახით ვენების სამკურნალოდ გამოიყენება. საერთოდ, ყველანაირი წყლის პროცედურა ვარიკოზისთვის ძალიან კარგია. განაგრძეთ კითხვა