როგორ მოვიშოროთ ცელულიტი - rogor.ge

როგორ მოვიშოროთ ცელულიტი

შესაძლებელია თუ არა ცელულიტისგან თავის დაღწევა?

სიმსუქნისაგან განსხვავებით, ცელულიტის დროს ცხიმი სხეულზე არათანაბრად გროვდება, თუმცა მიიჩნევა, რომ ის სწორედ წონის მომატებით იწყება, შემდეგ კი პროცესში კანქვეშა ცხიმოვანი უჯრედები ერთვება. არარაციონალური კვება, მცირე ფიზიკური აქტივობა, მოჭერილი ტანსაცმელი, რომელიც ლიმფის და სისხლის მიმოქცევის შეფერხებას იწვევს, თამბაქოს წევა, ალკოჰოლის ჭარბი მიღება, თანმხლები დაავადებები, ორსულობა ხელს უწყობს ცელულიტის განვითარებას. მრავალი სპეციალისტი ცელულიტს მიიჩნევს ქალის ორგანიზმის განვითარების ბუნებრივ საფეხურად, რომელიც მისი იმუნური და ენდოკრინული სისტემების მუშაობის თავისებურებებს, მიკროცირკულაციას (სისხლისა და ლიმფის კაპილარულ მიმოქცევას) ცხოვრების წესს, დაავადებებს უკავშირდება. მიუხედავად ამისა, ცელულიტის დამარცხების მსურველთა რიცხვი დღითი დღე იზრდება და კოსმეტოლოგებს ისღა დარჩენიათ, ებრძოლონ ამ ბუნებრივ პროცესს.

ყოველ ქალბატონს სჭირდება ინდივიდუალური მკურნალობა, რომელიც შორსწასულ სტადიებში შესაძლოა ერთდროულად რამდენიმე მეთოდს მოიცავდეს. საწყის ეტაპზე სილამაზის სალონს ქალების მხოლოდ 5% თუ აკითხავს. თავდაპირველად სპეციალისტს შეუძლია, პაციენტს შესთავაზოს დეტოქსიკაცია, სხეულის კონტურული გაკვრა. ცელულიტის საწყის სტადიაში ეს მეთოდები მეტად ეფექტურია. კანი სველდება ბუნებრივი წარმოშობის სხვადასხვა ანტიცელულიტური საშუალებით, მაგალითად, ზღვის ქვიშით, მერე კი სპეციალური ქსოვილით იკვრება. ცხიმოვანი ქსოვილი იჭიმება, სწორდება. ამ მეთოდით შეიძლება მკერდის, დუნდულების, წელის, თეძოების ფორმის შეცვლა.

პროცედურის პარალელურად აუცილებელია დიეტის დაცვა. რაციონიდან უნდა გამოირიცხოს კონსერვანტები, ხორცი, ტოქსიკური ნივთიერებები - ხსენებული პროცედურის დროს ორგანიზმიდან წიდასთან ერთად სითხეც გამოიდევნება და თუ შხამების მიღებას განაგრძობთ, შესაძლოა, მოულოდნელად მძიმე მოწამვლა განვითარდეს.

საწყის ეტაპზე სასურველია ანტიცელულიტური მასაჟი სპეციალური კრემებით. დასაშვებია ვაკუუმმასაჟიც. მეორე სტადიაში იყენებენ მცირესიხშირიან დენს, ზარმაცებს უნიშნავენ პასიურ ვარჯიშს ტრენაჟორზე. საფრანგეთში პოპულარულია კრიოთერაპია: კანზე უსვამენ ცხიმის გამხსნელ ნივთიერებას – კოფეინსა და თეოფილინს, მენთოლითა და ქაფურის ზეთით იწვევენ სიცივის შეგრძნებას, რომელიც რამდენიმე საათს გრძელდება, ხოლო ზემოდან აცმევენ სველ წინდებს, რომლებიც გაჟღენთილია სუროსა და წაბლის ექსტრაქტით ან სხვა ნივთიერებით, რომელიც გახდომას იწვევს.

არსებობს კიდევ ერთი მეთოდი - მეზოთერაპია, რომელსაც უკანასკნელ სტადიაში მიმართავენ. ექიმები ამტკიცებენ, რომ 10 პროცედურით მინიმუმ 10 კგ-ის დაკლება შეიძლება. პროცედურა საკმაოდ ტრავმულია – დაზიანებულ ადგილებს ჩხვლეტენ და კანქვეშ შეჰყავთ სპეციალური კოქტეილი, რომელიც ხსნის ცხიმს. მისი ძირითადი ნივთიერებაა არტიშოკის წვენი, რომელსაც ორგანიზმიდან გამოაქვს ქოლესტერინი, ტოქსინები, წვავს ცხიმს და არაჩვე-ულებრივ ანტიოქსიდანტს წარმოადგენს. ორი თვის მანძილზე კვირაში ერთხელ მოგიწევთ მრავალრიცხოვანი ჩხვლეტის ატანა, მაგრამ ეფექტი ამად ღირს.

ქირურგიულ ჩარევას, კერძოდ, ლიპოსაქციას, ყველა სპეციალისტი არ მიესალმება. ეს მეთოდი უკუნაჩვენებია დიაბეტიანებისთვის, გულ-სისხლძარღვთა, თირკმლისა და სხვა სისტემური პათოლოგიების მქონე პირებისთვის. რომელი მეთოდიც არ უნდა აირჩიოთ, გახსოვდეთ: მთავარია, დაიცვათ ცხოვრების ჯანსაღი წესი, მიირთვათ ნაკლები ხორცი, ცხიმი, ტკბილეული, მეტი ხილ-ბოსტნეული, მისდიოთ სპორტს. იხილეთ ცელულიტის განვითარების ეტაპები