როგორ ვიმყოფინოთ ხელფასი
ხარჯვის შესახებ ჩანაწერების გაკეთება
რუტინა - ალბათ ეს არის პირველი, რაც ხარჯვის შესახებ ჩანაწერების წარმოებაზე გახსენდებათ. დიახ, მართლაც არც თუ ისე სასიამოვნოა, თუმცა აუცილებელი, თვიური დანახარჯების შესახებ აღრიცხვა ვაწარმოოთ, იქნება ეს ფურცელზე თუ რომელიმე პროგრამაში. თვის დასაწყისში თითქმის ყოველთვის ვიცით წინასწარი ხარჯები, მათი აღრიცხვა კი საშუალებას მოგვცემს, უკეთ დავითვალოთ, რა თანხა გვითავისუფლდება და რამდენად შეგვიძლია, საჭიროებების გარდა ის სურვილებზეც დავხარჯოთ.
არსებობს ყოველთვიური შემოსავლის გადანაწილების 50/30/20 მეთოდი, რაც გულისხმობს იმას, რომ შემოსავლის 50% იხარჯება საჭიროებებში, 20% - სურვილებში, ხოლო 20% დანაზოგში ან სასესხო ვალდებულებაში. თუ ვხვდებით, რომ საჭიროებების ხარჯები 50%-ს აჭარბებს, რეკომენდებულია სურვილებისთვის გამოყოფილი თანხა შევამციროთ, ხოლო დანაზოგის ოდენობა უცვლელად დავტოვოთ. თუ პირველ ეტაპზე ხარჯვის აღნიშნული სქემა გარკვეული დისკომფორტის მომტანი შეიძლება გახდეს, გარკვეული პერიოდის შემდეგ ის ჩვენი ცხოვრების ხარისხზე დადებით ზეგავლენას მოახდენს და სწორად ხარჯვის ჩვევის გამომუშავებაში დაგვეხმარება.
ფინანსური მიზნების სწორად განსაზღვრა
ფინანსური მიზნების განხორციელების პროცესი მოიცავს მსხვილი ინვესტიციის ჩადებამდე ან დიდი დანახარჯების გაწევამდე მომზადებას, რასაც შეიძლება წლები დასჭირდეს.
მაგალითისთვის, თუ თქვენს ფინანსურ მიზნებს შორის უძრავი ქონების შეძენაა, რისთვისაც 20-წლიან უზრუნველყოფილ სესხს იღებთ, უნდა გახსოვდეთ, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანია შემოსავლების სტაბილურობა და სურვილების დასაკმაყოფილებლად ხარჯვისას შეიძლება თავის შეზღუდვა მოგიწიოთ.
ამასთან, მსგავსი გრძელვადიანი ფინანსური მიზნის მისაღწევად შეგიძლიათ გარკვეული დანაზოგით მოემზადოთ, რასაც, მაგალითად, საბანკო ინსტიტუტიდან სესხის აღებისას წინასწარი შენატანის სახით გამოიყენებთ, რაც გადასახდელი თანხის ძირს გამოაკლდება და პროცენტი მხოლოდ დარჩენილს დაერიცხება.
სახლის, ავტომობილის, კომერციული ფართის შეძენის, მოგზაურობის თუ სხვა სურვილისა და საჭიროების ასრულებისას სასურველია ყოველთვიური გადასახადი არ აღემატებოდეს შემოსავლის 20%-ს, რათა დიდმა ფინანსურმა ვალდებულებებმა ცხოვრების ხარისხზე უარყოფითი ზეგავლენა არ მოახდინოს.
იმპულსურად შოპინგისგან თავის შეკავება
სტრესი, მოწყენილობა, საზეიმო განწყობა ან ქცევითი დარღვევა, შოპინგზე დამოკიდებულება შეიძლება იმპულსურად ყიდვის მიზეზი გახდეს. ამ დროს ადამიანი სწრაფად და გაუაზრებლად იღებს ისეთი ნივთების ან სერვისების შეძენის გადაწყვეტილებას, რაც არ სჭირდება ან მანამდე არ ჰქონდა დაგეგმილი.
აღნიშნული ქმედება გარკვეული დოზით შეიძლება ყველა ადამიანს ახასიათებდეს. მართლაც, რთულია თუნდაც სასურსათო მარკეტის დატოვება ისე, რომ ფასდაკლებული პროდუქციის კუთხეს თვალი არ შეავლო და რაიმე არ გამოაყოლო ხელს, თუნდაც არ გჭირდებოდეს იგი. ზოგიერთ ჩვენგანს ამის კონტროლი შეუძლია, ზოგი კი იმპულსების ტალღებს ბოლომდე შეჰყვება სიღრმეში და მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებამდეც შეიძლება მივიდეს, რასაც შემდეგ ფსიქოლოგის ჩართულობა სჭირდება.
თუ მიგაჩნიათ, რომ იმპულსურად შოპინგი გახასიათებთ, მის გასაკონტროლებლად შეგიძლიათ რამდენიმე რეკომენდაცია გაითვალისწინოთ: არასდროს გადააჭარბოთ ბიუჯეტს, რაც საყიდლებისთვის გაქვთ განსაზღვრული, არ შეიძინოთ ნივთი, რომლის გამოყენებაშიც ეჭვი გეპარებათ, საყიდლებზე წასვლამდე ჩამოწერეთ სია, არასდროს წახვიდეთ სავაჭრო ცენტრში მაშინ, როცა ემოციურ მდგომარეობაში ხართ და საბანკო ბარათით ანგარიშსწორების ნაცვლად გამოიყენეთ ნაღდი ფული, ასე უფრო მარტივია წინასწარ გამოყოფილი თანხის კონტროლი. წაიკითხეთ მეტი