როგორ გავიკეთოთ კანის პილინგი - rogor.ge

როგორ გავიკეთოთ კანის პილინგი

პილინგი (ინგლ. Peels - აქერცვლა, კანის მოცილება) კანის ღრმა წმენდის პროცედურაა. გულისხმობს ეპიდერმისის ზედაპირიდან მკვდარი უჯრედების მოშორებას და მის ქვეშ არსებული ახალგაზრდა და ჯანსაღი კანის გასუფთავებას. პილინგი ასევე აუმჯობესებს კანში სისხლის მიმოქცევას, რაც, თავის მხრივ, კანის უჯრედების ნორმალურ ზრდა-განვითარებასა და დროულ განახლებას განაპირობებს.

კანის წმენდის უძველესი მეთოდი - მსგავსის მსგავსით წმენდაა. მარტივად რომ ვთქვათ, კანიდან ჭუჭყის ჩამოსარეცხად ჯერ ის კარგად უნდა გავაჭუჭყიანოთ. ამ მიზნით ქალები უძველესი დროიდან იყენებდნენ თიხას: მას წყალში აზავებდნენ და იდებდნენ სახესა და ტანზე, შემდეგ ჩამოიბანდნენ. ასე რომ, თიხა შეიძლება კანის წმენდის თანამედროვე კოსმეტიკური პრეპარატების წინაპრადაც მივიჩნიოთ.

პილინგის თანამედროვე საშუალებები სხვადასხვა სახელწოდებებითაა ცნობილი: სქრაბი, ექსფოლიანტი, გომაჟი. ყველას თანაბარი ფუნქცია აქვს - კანის ზედაპირული შრის აქერცვლა-გაპრიალება, აი, გამოყენების მეთოდები კი განსხვავებულია.

კანზე მოქმედების სიღრმის მიხედვით პილინგი ზედაპირული, საშუალო და ღრმაა, მოქმედების მექანიზმის მიხედვით კი - ლაზერული, ქიმიური და მექანიკური.

ზედაპირული პილინგი ფერიმჭამელების, ჰიპერპიგმენტაციისა და ცხიმოვანი სებორეის დროსაა გამართლებული. 25 წლის შემდეგ, როცა კანს ჯერ კიდევ აქვს თვითაღდგენის უნარი, ეს მეთოდი განსაკუთრებით ეფექტურია როგორც კანის დაბერების შემაფერხებელი საშუალება. გამოხატული ასაკობრივი ცვლილებები და კანის დეფექტები კი ცუდად ექვემდებარება ზედაპირულ პილინგს. სასურველ შედეგს, სულ ცოტა, 15-20 სეანსი სჭირდება. ამიტომ კანის რთული პრობლემების გადასაჭრელად ჯობს კანის საშუალო და ღრმა წმენდას მიმართოთ.

პრობლემური კანის მქონე პაციენტებს დერმატოკოსმეტოლოგი უფრო რადიკალურ მეთოდს - დერმაბრაზიას (ლაზერული პილინგი) ურჩევს. ეს აპარატული პროცედურაა და ადგილობრივი გაუტკივარებით ან ზოგადი ანესთეზიით ტარდება. დერმაბრაზიით მკურნალობენ კანზე ფერიმჭამელების დატოვებულ დაზიანებებს, აშორებენ ღრმა ნაოჭებს და ნაწიბურებს. ეს მეთოდი მეტად ეფექტურია, მაგრამ რეაბილიტაციის პერიოდი საკმაოდ ხანგრძლივია - 1,5-2 თვე. თანაც, პროცედურა ძვირად ღირებულია და ბევრისთვის მიუწვდომელიც.

ქიმიური პილინგი კანის მკვდარი უჯრედების დამშლელი სპეციალური საშუალებებით (სითხე, გელი, ფხვნილი) ხდება. ეს მეთოდი რეკომენდებულია პიგმენტური ლაქებისა და ფერიმჭამელების კვალის მოსაშორებლად. ქიმიური პილინგისთვის გამოიყენება ხილის მჟავები ან ფერმენტები (ენზიმები). პაციენტებსაც და სპეციალისტებსაც განსაკუთრებით მოსწონთ უნივერსალური, საშუალო ქიმიური პილინგის მაქსიმალურად დამზოგველი მეთოდი (ეასყ პეელს - მსუბუქი). ეს მეთოდი გამოიყენება კანზე ასაკობრივი ცვლილებების, წვრილი ნაოჭების, კანის არაჯანსაღი ფერისა და სხვათა შემთხვევაში. პროცედურის დროს აქტიურდება კოლაგენების, ელასტინებისა და ჰიალურონის მჟავების თვითწარმოქმნის უნარი. კანის რქოვანა უჯრედების აქერცვლის პროცესის ხანგრძლივობა კი 24-დან 14 დღემდე მცირდება. ამ პროცედურას არ სჭირდება წინასწარი მომზადება და არც რეაბილიტაციის პერიოდი აქვს, უმტკივნეულოა და არ აქვს გვერდითი მოვლენები. კურსი შეადგენს 4 სეანსს, 2-2-კვირიანი შესვენებებით. პროცედურა არ არის ძვირად ღირებული, ეფექტი კი - შესანიშნავია.

სილამაზის სალონებში ქიმიური პილინგისთვის, ჩვეულებრივ, მჟავას შემცველ საშუალებებს იყენებენ. კოსმეტოლოგი პაციენტს ინდივიდუალურად ურჩევს კონცენტრაციას და მოქმედების დროს. ასეთი პილინგი უკუნაჩვენებია მგრძნობიარე კანის ქალებისთვის.

ქიმიური პილინგისთვის ენზიმების შემცველი საშუალების შეძენა შესაძლებელია კოსმეტიკის მაღაზიებში. როგორც წესი, ამ საშუალებებს სახის კანზე ისვამენ წრიული მოძრაობებით, კანის შტრიხების (ხაზების) მიმართულებით და რამდენიმე წუთს იჩერებენ, შემდეგ კი ჩამოიბანენ. ენზიმებისა და მასაჟის (წრიული მოძრაობა) ზემოქმედებით მკვდარი უჯრედები კანის ზედაპირიდან „გორდებიან“. ხილის მჟავების კომპლექსით კანის ბიოლოგიური პილინგი ხდება, რაც კანის რქოვანა გარსიდან მკვდარი უჯრედების მსუბუქ აქერცვლას იწვევს. გვირილასა და სალბის ექსტრაქტების ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები კანს ზედმეტ ცხიმს აშორებს და ამით უზრუნველყოფს კანის ფორების ბუნებრივ თვითწმენდას. სახის კანის გამწმენდი საშუალებების შეძენისას ეს ინფორმაცია უთუოდ გაითვალისწინეთ. წაიკითხეთ ვრცლად