როგორ გამოვიყენოთ მზის ენერგია? - rogor.ge

როგორ გამოვიყენოთ მზის ენერგია?

ენერგეტიკოსების ნაწილი 21-ე საუკუნეში ენერგიის ალტერნატიულ წყაროდ სწორედ მზის ენერგიას ასახელებენ. თუმცა, სკეპტიკურად განწყობილ სპეცილისტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მსოფლიოში ელექტროენერგიის მიმართ მზარდი მოთხოვნილების ფონზე ალტერნატიული

მზის ენერგია საკმარისი არ არის. ამის მიუხედავად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მზის ენერგიის გამოყენების მსურველთა რაოდენობა იზრდება. ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველოა. მზის ენერგიის მოხმარების მხრივ განსაკუთრებით მთიანი რეგიონის მოსახლეობა აქტიურობს.

სპეციალისტების თქმით, წყლის გამაცხელებლები არის სისტემა, რომელიც წლის ნებისმიერ დროს მუშაობს მზის ენერგიაზე და უზრუნველყოფს ცხელი წყლის მიწოდებას. შედეგად ჩვენ შეგვიძლია, წლის განმავლობაში ენერგომატარებლის (ელექტრო ენერგია, გაზი, შეშა) 80%-იანი ეკონომია გავწიოთ. აღნიშნული სისტემა ვაკუუმური ენერგოშემკრები მილაკების საშუალებით მუშაობს, რომლებიც ალტერნატიული ენერგიის გამოყენების უახლესი ტექნოლოგიური მიღწევაა. პრაქტიკულად, წლის განმავლობაში თქვენ შეგიძლიათ, უფასოდ მიიღოთ ცხელი წყალი და გათბობა მზის ენერგიის გამოყენებით.

მზის ენერგიას ფართოდ იყენებენ კანადაში, აშშ-ში, ნორვეგიაში, დანიაში, შვედეთში, დიდ ბრიტანეთსა და თურქეთში.

როგორ გამოვიყენოთ მზის ენერგია? შესაძლებელია თუ არა მზის ენერგიით წყლის გამაცხელებლისა და გამათბობლით სარგებლობა ზამთრის ცივ დღეებში? შესაძლებელია თუ არა ქალაქის პირობებში, კორპუსებში ამ სისტემის დამონტაჟება? როგორ შევარჩიოთ და დავამონტაჟოთ სასურველი სისტემა და რამდენად შესაძლებელია მისი დამზადება სახლის პირობებში? - ამის შესახებ ენერგოაუდიტორი, თბოენერგეტიკოსი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი ნანა მეფარიშვილი გვესაუბრა.

- მზის თბური ენერგიის მეშვეობით ცხელი წყლის მიღება წელიწადის 10 თვის განმავლობაშია შესაძლებელი, ხოლო ზამთარში, 2 თვე, ელექტროენერგიის თანადაფარვას მოითხოვს. საქართველოში ენერგიის ძალიან ბევრი ალტერნატიული წყარო გვაქვს. ამ მხრივ ჩვენი ქვეყანა უხვადაა დაჯილდოებული. ერთ-ერთი მასშტაბური წყარო, რისი გამოყენებაც მთელ საქართველოშია შესაძლებელი, არის მზის ენერგია. თანამედროვე მსოფლიოში აქტუალური გახდა მზის ენერგიის გამოყენება, რაც ქვეყნის ეკონომიკაზეც დიდ გავლენას ახდენს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს ენერგია საქართველოში სრულად ავითვისოთ. ცხელი წყალმომარაგების მხრივ, საქართველოს ტერიტორია შეუცვლელია. თბილისში წელიწადში 295 დღე მზიანია, რაც იმას ნიშნავს, რომ ზუსტად ამდენი დღე საკმარისი ცხელი წყალი გვექნება, თუ გამოვიყენებთ. გამოდის, რომ წელიწადში 10 თვე ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ მზის ენერგია ცხელწყალმომარაგებისათვის, ხოლო დანარჩენი ორი თვის მანძილზე 30%-იანი დაფინანსება დასჭირდება. ეს სისტემა ძალიან ეკონომიურია და ხარჯის ანაზღაურება მალე, დაახლოებით 2 წელიწადში ხდება. მზის წყალგამაცხელებლის დამონტაჟება არა მარტო საცხოვრებელ სახლებში, არამედ საზოგადოებრივ დაწესებულებებშიც, სადაც დიდი რაოდენობით წყალს მოიხმარენ, სერიოზულ ენერგეტიკულ დანაზოგს მოგვცემს. თანაც, ეს ეკოლოგიური თვალსაზრისითაც გამართლებულია - გამონაბოლქვი აირები მცირდება. რაც მთავარია - უფასოა. ჩვენი მეზობელი ქვეყნები აქტიურად იყენებენ მზის ენერგიას.

- საქართველოში რამდენად აპრობირებულია ეს მეთოდი?

- მთიან რეგიონებში ძალიან ბევრი იყენებს მზის ენერგიას, რაც მისასალმებელია. რამდენიმე წლის წინ უშგულში ვიყავი, სადაც კერძო სახლში მზის ენერგიის წყლის გამაცხელებელი იყო დამონტაჟებული, რამაც ჩემი სასიამოვნოდ გაოცება გამოიწვია. საოჯახო ტიპის სასტუმრო ჰქონდათ და ამ სისტემას აქტიურად იყენებდნენ. ბოლო ხანებში უფრო ხშირად შეხვდებით მზის წყალგამაცხელებლებს. სამწუხაროდ, ჩვენს მოსახლეობას ამის შესახებ ინფორმაცია ნაკლებად ან თითქმის არ აქვს. არადა, ისეთ მთიან რეგიონში, როგორიცაა რაჭა, სადაც გასათბობად შეშას იყენებენ, ამ პროგრამის განხორციელება უნდა ხდებოდეს. გარდა იმისა, რომ ბუნებას დავზოგავთ, რაიონში ტურიზმის განვითარებას ხელს შეუწყობს.

- როგორ უნდა გამოვიყენოთ მზის ენერგია?

- ძალიან მარტივად. ორი ტიპის გამაცხელებელი არსებობს - თბურმილებიანი და ბრტყელი მზის კორექტორები. თბური უფრო აქტიურია მუშაობაში. სხვათა შორის, ვისაც ეხერხება, შეუძლია ეს მოწყობილობა თავადაც დაამზადოს. ძალიან მარტივია.

- და ეს სიამოვნება ძვირი ჯდება?

- რატომღაც ისეთი აზრი გავრცელდა, რომ ძვირი ჯდება, რაც მართალი არ არის. უხეში გათვლებით, 100-ლიტრიანის დამონტაჟება დაახლოებით 1 000 ლარი დაგიჯდებათ, ეს რაოდენობა სავსებით საკმარისია 4-5-სულიანი ოჯახისთვის. ამ თანხას კი ძალიან მალე - 2-3 წელში ამოიღებთ. სამაგიეროდ, უფასოდ გექნებათ ცხელი წყალი. გაგრძელება