როგორ დავაღწიოთ თავი ხველას
ზოგადი რეკომენდაციები ხველის აღმოსაფხვრელად
- მშრალი ხველის დროს უნდა უზრუნველყოთ ორგანიზმის სითხით მომარაგება. ამ მიზნით რეკომენდებულია თბილი ჩაის, კომპოტების, რძის, სამკურნალო მცენარეთა ნაყენებისა თუ ნახარშების დალევა. დასატკბობად შაქრის ნაცვლად უმჯობესია თაფლის გამოყენება.
- კარგ ეფექტს იძლევა დინდგელის (იგივე პროპოლისის) წუწვნა, თუ, რა თქმა უნდა, ადამიანს არ აღენიშნება ალერგია ფუტკრის პროდუქტებზე.
- ფეხები და ყელი უმჯობესია ჩაითბუნოთ.
- ოთახში ჰაერი გრილი და ტენიანი უნდა იყოს, ოპტიმალური ტემპერატურა 18-22 გრადუსია. გახსოვდეთ, გამათბობლის გავლენით გამოშრალი ჰაერი აძლიერებს ხველას.
- სასარგებლოა ინჰალაციები. კერძოდ, ახალმოხარშული კარტოფილის ორთქლის შესუნთქვა ან კიდევ სოდიანი ინჰალაციის პროცედურა. ამ უკანასკნელისათვის პატარა ზომის ჯამში უნდა ჩაასხათ ადუღებული წყალი, დაამატოთ ნახევარი ჩაის კოვზი საჭმლის სოდა და 15 წუთი ისუნთქოთ ამომავალი ორთქლი. აღნიშნულ პროცედურას ორსულებსაც კი ურჩევენ, რადგან ის არბილებს ყელის ლორწოვან გარსს, აადვილებს ბრონქებიდან ნახველის გამოდევნას. მშრალი ხველის დროს სასურველია საკვებ რაციონში ჩართოთ კარტოფილის თხელი პიურე (ცხელი რძის დამატებით), შვრიის ფაფა, ბოლოკის ზეთმოსხმული სალათი, ხორცსაკეპ მანქანაში კანიანად გატარებული ლიმონი, რომელსაც დამატებული ექნება თაფლი. სასარგებლოა ასევე ხახვი და ნიორი.
ხველის საწინააღმდეგო დასალევი საშუალებები
მშრალი ხველა, ჩვეულებრივ, გრიპისა და ზედა სასუნთქი გზების მწვავე ინფექციების საწყის სტადიებზე ვითარდება. ხველის რეფლექსი ასეთ დროს სწრაფადვე „ირთვება“, თუმცა სასუნთქი გზები ჯერ კიდევ არ გამოყოფს სეკრეტს (ნახველს), ამიტომაც მათ დახმარება სჭირდება. ამისათვის ხალხური მედიცინა რამდენიმე საშუალებას ფლობს:
მარილიანი წყალი სოდით - ერთ ჭიქა თბილ წყალში გახსენით მწიკვი მარილი და ნახევარი ჩაის კოვზი სოდა. დალიეთ ნახევარი ჭიქა უზმოზე (საუზმის წინ), მეორე ნახევარი კი სადილის წინ 20 წუთით ადრე.
ძახველის ნახარში - აიღეთ ერთი სადილის კოვზი ამ მცენარის გამომშრალი ნედლეული, დაასხით ერთი ჩაის ჭიქა წყალი და რამდენიმე წუთი ადუღეთ. ნახარში გააცივეთ და დალიეთ ოთხჯერ დღეში ნახევარი ჭიქის მოცულობით. ამავე მეთოდით შეგიძლიათ მოამზადოთ ძახველის ნაყოფის ნახარში, დაატკბოთ თაფლით და ისე მიირთვათ.
ლეღვი რძით – ერთ ჩაის ჭიქა რძეში 20 წუთის განმავლობაში მოხარშეთ ერთი საშუალო ზომის ლეღვი. ნახარში თბილი სახით დალიეთ ძილის წინ.
კომბოსტოს წვენი - კომბოსტოს ახალგაწურულ წვენს შეურიეთ თაფლი - 1:3 პროპორციით, მიიღეთ თითო სადილის კოვზი 5-ჯერ დღეში. სასუნთქი გზების დაავადებათა სამკურნალოდ და საპროფილაქტიკოდ რეკომენდებულია ასევე კომბოსტოს ფურცლების ნახარში თაფლით.
ნიგვზისა და დიდგულას ნაყენი - აიღეთ 4 მსხვილი კაკალი, კარგად გარეცხეთ და დაამტვრიეთ, ნაჭუჭიანად მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაამატეთ ერთი სადილის კოვზი დიდგულას ყვავილი, დაასხით 400 მლ მდუღარე წყალი. ჭურჭელს დაახურეთ თავსახური და შეფუთეთ. გაციებისთანავე გადაწურეთ, დაამატეთ თაფლი გემოვნებით. დალიეთ დღეში ოთხჯერ 100 მლ-ის მოცულობით. სახალხო მკურნალები გვარწმუნებენ, რომ ამ ნაყენის სამი ულუფა უმალ ათავისუფლებს ადამიანს მშრალი ხველისაგან.
სტაფილოს სიროფი - სტაფილოს ახალგაწურული წვენი შეურიეთ ტკბილ წყალს 1:1 პროპორციით (ერთ ჩაის ჭიქა წყალზე 3-4 ჩაის კოვზი შაქარი). ეს ნარევი ყლუპ-ყლუპად უნდა დალიოთ დღეში 6-ჯერ.მშრალი ხველის სამკურნალო ნაკრები - თანაბარი რაოდენობით შეურიეთ ჟოლოს ნაყოფი, ვირისტერფას ფოთლები და თავშავას ბალახი. აიღეთ მიღებული ნარევის ერთი სადილის კოვზი, დაასხით 200 მლ წყალი და წამოადუღეთ, შემდეგ გააჩერეთ 15 წუთი, დაამატეთ თაფლი გემოვნებით და დალიეთ ცხელი.
ხახვი თაფლით - აიღეთ საშუალო ზომის ხახვი, გაყავით ოთხ ნაწილად, დაასხით ერთი ჩაის ჭიქა რძე და წამოადუღეთ. ნახარში რამდენიმე საათი თავდახურულ ჭურჭელში გააჩერეთ. მიიღეთ ერთი სადილის კოვზი ყოველ 4 საათში ერთხელ.
ხველების სამკურნალო ნაკრები - შეურიეთ თანაბარი რაოდენობით ვაშლის გამომშრალი ფოთოლი, ჟოლოს, კუნელისა და ასკილის ნაყოფი, ჩამიჩი (იგივე ქიშმიში) და წვრილად დაჭრილი ვაშლი. აიღეთ 4 სადილის კოვზი ნარევი, დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და შემოდგით ორთქლის აბაზანაზე 20 წუთით. ამის შემდეგ გადმოდგით და გააჩერეთ კიდევ 30 წუთი. გადაწურეთ, მიირთვით დღეში 4-ჯერ. მიღების წინ შეგიძლიათ დაამატოთ თაფლი გემოვნებით.
მშრალი და სველი ხველის საწინააღმდეგო ყველაზე პოპულარული ხალხური საშუალებები
კარაქი და თაფლი - თანაბარი რაოდენობით შეურიეთ კარაქი და თაფლი. მიიღეთ თითო სადილის კოვზი სამჯერ დღეში ჭამის წინ. ბავშვებს შეიძლება ულუფა ერთ ჩაის კოვზამდე შევუმციროთ. ეს საშუალება კარგ ეფექტს იძლევა მშრალი ხველის დროს.
ბოლოკის წვენი თაფლით – ყველაზე პოპულარული და მრავალჯერ ნაცადი უნიკალური საშუალებაა. აიღეთ შავი ბოლოკი, კარგად გარეცხეთ და მოაჭერით მწვერვალი (სახურავივით), შემდეგ ამოაცალეთ შუაგული (ასე ვთქვათ, ამოფუღრეთ, რომ ერთგვარი რეზერვუარი მიიღოთ). მიღებული ღრუს 1/3 ნაწილი თაფლით შეავსეთ. საკუთრივ ბოლოკი კი კუდით (ბოლოთი) წყლიან ჭურჭელში მოათავსეთ. ბოლოკს დაახურეთ მისივე მოჭრილი „სახურავი“ და გრილ ადგილზე მთელი ღამე გააჩერეთ. მიღებული წვენი თაფლით ყოველი ჭამის წინ მიირთვით, თითო კოვზის მოცულობით. ერთი ბოლოკი 3-4 ულუფა წვენის მისაღებად შეგიძლიათ გამოიყენოთ.
კვერცხიანი მიქსტურა - წამოადუღეთ ერთი ჩაის ჭიქა რძე, გაციების შემდეგ დაუმატეთ ერთი სადილის კოვზი თაფლი და კარაქი, ასევე მცირეოდენი სოდა და კარგად ათქვეფილი კვერცხის ცილა. მიიღეთ ნახევარი ჭიქა ჭამის წინ.
ხველების სამკურნალოდ მოწოდებული ინჰალაციები
ყველაზე უსაფრთხოა ცივი ინჰალაციები მინერალური წყლისა და ფიზიოლოგიური ხსნარის საფუძველზე. სიფრთხილეა საჭირო ცხელ ინჰალაციებთან, განსაკუთრებით - ბავშვების სამკურნალოდ მათი გამოყენებისას. ასეთმა პროცედურებმა შესაძლოა ხახის სპაზმის (სტენოზის), ბრონქების შეშუპების ან ალერგიული რეაქციების პროვოცირება მოახდინოს. ამიტომ ნებისმიერი ხალხური საშუალების გამოყენებამდე სასურველია კონსულტაცია გაიაროთ ექიმ-სპეციალისტთან.
მშრალი თუ სველი ხველის სამკურნალოდ მოწოდებული ინჰალაციები, ჩვეულებრივ, ეფუძნება ვირისტერფას, ევკალიპტის, სალბისა და ჟოლოს ფოთლების, კრაზანას ბალახის, გვირილას ყვავილის, ფიჭვის კვირტების, ბაღის პიტნის, წყლის იელის, ღვიის გამოყენებას. დასახელებული მცენარეები შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ცალ-ცალკე, ასევე ნაკრების სახით.
ინჰალაციის ეფექტის გასაძლიერებლად ხსნარებს ხშირად ამატებენ - ევკალიპტის, ლიმონის, გრეიპფრუტის, გარგარის, ფიჭვის, პიტნის, ნუშის, სოჭის ეთერზეთებს.
საინჰალაციოდ ხსნარი ასე უნდა მოამზადოთ: მცენარეს ან მცენარეთა ნაკრებს უნდა დაასხათ მდუღარე წყალი, გააჩეროთ 30 წუთი. ამის შემდეგ ხსნარი უნდა გადაასხათ დიდი ზედაპირის მქონე ბრტყელ ჭურჭელში, შემოახვიოთ მას პირსახოცი და დაიხაროთ ორთქლის შესასუნთქად ისე, რომ პირი-სახე ჩარგოთ ჭურჭელში და შემოიფარგლოთ პირსახოცით. პროცედურა 10-15 წუთს გრძელდება. სამკურნალო მცენარეების ინჰალაციებს (ეთერზეთების დამატებით) გააჩნიათ ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო და მუკოლიზური (ნახველის გამათხევადებელი) მოქმედება.
თუ მკურნალობის მიუხედავად ხველება ორ კვირაზე მეტხანს გაგიგრძელდათ ან კიდევ გაგიძლიერდათ, აუცილებელია ექიმთან ვიზიტი.
გახსოვდეთ, ტკივილი გულმკერდის არეში, მოყვითალო-მომწვანო ფერის ნახველის ან კიდევ სისხლის გამოყოფა სასუნთქი გზებიდან შესაძლოა ფილტვების ანთების ან სხვა პულმონოლოგიური პათოლოგიის მანიშნებელი იყოს.
გაითვალისწინეთ ისიც, რომ ხალხური საშუალების ამა თუ იმ კომპონენტმა შეიძლება ალერგიული რეაქციის პროვოცირება მოახდინოს, ამიტომაც სიფრთხილით მოეკიდეთ ნებისმიერი სამკურნალო საშუალების შერჩევას როგორც ბავშვების, ასევე მოზრდილებისათვის.
წყარო: mkurnali.ge