როგორ მივაჩვიოთ ბავშვი ქოთანზე დაჯდომას? - rogor.ge

როგორ მივაჩვიოთ ბავშვი ქოთანზე დაჯდომას?

კიდევ ერთხელ უნდა დავფიქრდეთ, ბავშვთან ერთად ვართ თუ არა მზად ჩვენც. აშკარაა, რომ პამპერსიდან ქოთანზე გადასვლის პერიოდში მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს პატარასთან ურთიერთობის დრო. არ შეიძლება, ხშირად ვიცვალოთ გუნება-განწყობილება. ტუალეტის ჩვევის გამომუშავება უმჯობესია მაშინ დავიწყოთ, როცა ოჯახში ყველა ჯანმრთელადაა და ატმოსფეროც მშვიდია.

საუკეთესო დრო ქოთანთან მიჩვევისთვის ზაფხულია. ჯერ ერთი, ამ პერიოდში ჩასველება სხეულის გადაცივების საშიშროებას არ ქმნის, მეორე - ჩასველების შემთხვევაში გაცილებით ნაკლები ტანსაცმელი გვექნება გასარეცხი, თანაც ყველაფერი მალე შრება.

გავეცნოთ ქოთანს. ჯობს, ბავშვთან ერთად წავიდეთ მის საყიდლად. პატარას ამ დროს უნდა მოვუყვეთ, რა მნიშვნელოვანი რამაა ჩვენი შენაძენი.

პატარას ქოთანი მაშინ უნდა შევთავაზოთ, როცა მოშარდვის ან დეფეკაციის სურვილი მაქსიმალურია - ძილის, ჭამის შემდეგ ან როცა ამაზე თავად პატარას ქცევა მიგვანიშნებს.

წარმატების შემთხვევაში პატარა უნდა შევაქოთ, წავახალისოთ, დავაჯილდოოთ.

წარუმატებლობის შემთხვევაში არ უნდა გავნაწყენდეთ, ჩვენი გულისწყრომა აუცილებლად უნდა დავმალოთ, დაუშვებელია დასჯა წარუმატებლობის გამო.

ბავშვის ყურადღება უნდა მივაქციოთ არა მარტო ქოთანს, არამედ მასთან დაკავშირებულ ქმედებებსაც - როგორ ვიღებთ ქოთანს, როგორ ვხდით თავს, როგორ ვიხდით საცვალს, როგორ ვიწმენდთ ტაკოს, როგორ ვიწევთ საცვალს, როგორ ვღვრით ქოთნის შიგთავსს, როგორ ვრეცხავთ ქოთანს, ვდგამთ ადგილზე და რაც მთავარია, როგორ ვიბანთ გულდასმით ხელებს. ყოველივე ეს ადვილად იქცევა თამაშად. ძალიან კარგია, როცა მშობლებს არ ავიწყდებათ წარმატების შემთხვევაში შვილის შექება. ამ შემთხვევაში მიჩვევის პროცესს თან ახლავს დადებითი ემოცია, რაც გარდამავალ ეტაპზე უმნიშვნელოვანესია.

ვეცადოთ, მაქსიმალურად გავამარტივოთ ყველა ამოცანა - ქოთანი იდოს ადვილად მისაწვდომ ადგილას, შარვალს არ ჰქონდეს რთული შესაკრავი, ტუალეტის კარი ადვილად იღებოდეს.

თანდათანობით ვცდილობთ, ბავშვი ქოთანზე დავსვათ არა მარტო მაშინ, როცა ეს მას სურს, არამედ მაშინაც, როცა ამას დღის რეჟიმი მოითხოვს, მაგალითად, ძილის ან სეირნობის წინ.

ქოთნის გარეგნულ იერს პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, ბავშვი მას აღიქვამდეს არა როგორც გასართობს, სათამაშოს, არამედ გარკვეული დანიშნულების საგანს. სწორედ ამიტომ არის დაუშვებელი ქოთნით თამაში. პატარამ უნდა იცოდეს, რომ სკამზე ვსხედვართ, ხოლო ქოთანში ფისის ვშვრებით. ამავე დროს საჭიროა, ქოთანი დამზადებული იყოს ეკოლოგიურად სუფთა პლასტმასისგან, იყოს მოხერხებული - ზომა შეესაბამებოდეს ბავშვისას, არ იყოს ცივი. ურიგო არ იქნება ზურგიანი ქოთანი.

არ აქვს პრინციპული მნიშვნელობა, ბავშვი ქოთანს მიეჩვევა თუ პირდაპირ ადაპტორიან უნიტაზს, მაგრამ თავდაპირველად, მიჩვევის ეტაპზე, რა თქმა უნდა, ქოთანი უფრო მოხერხებულია - მას იოლად შეიძლება ვუცვალოთ ადგილი და უნიტაზიც დაკავებული არ იქნება. მისაღები ვარიანტია ქოთნისა და უნიტაზის ერთდროული გამოყენება, განსაკუთრებით - ბიჭებისთვის.

სწავლების პროცესში შეძლებისდაგვარად უნდა ჩავრთოთ სხვა ბავშვებიც - მათ მიერ ქოთნის გამოყენების დემონსტრირება გაცილებით ეფექტური იქნება, ვიდრე უფროსების შეგონებები.

პამპერსებს, რა თქმა უნდა, ერთბაშად და სამუდამოდ ვერ დავემშვიდობებით. ჯერჯერობით ისინი დაგვჭირდება მგზავრობის, ძილის, ცივ ამინდში სეირნობის დროს. როცა ბავშვი პამპერსს გაიხდის, ქოთანზე დაჯდება და პამპერსი მშრალი აღმოჩნდება, არ უნდა დავმალოთ აღფრთოვანება, ყველას უნდა დავანახოთ მშრალი პამპერსი და ვთქვათ, რომ ბავშვი ძალიან ყოჩაღი და ყურადღებიანია.

ნახეთ უცნაური პრობლემები, მითები და პარადოქსები ამ თემაზე