როგორ დავიწყოთ ბატიბუტის ბიზნესი?
სანამ აპარატს შეიძენთ და საქმიანობას დაიწყებთ, თუ ჯერ კიდევ არ ხართ ინდივიდუალური მეწარმე, აუცილებელია რეგისტრაცია საჯარო რეესტრში გაიაროთ, მიიღოთ ინდმეწარმის სტატუსი, შემდეგ კი მიმართოდ შემოსავლების სამსახურს, სადაც თქვენ, როგორც მცირე მეწარმეს, ისე დაგარეგისტრირებენ.
”პოპკორნის” აპარატები 200-400 ლარი ღირს, ბატიბუტის სიმინდის ფასი ერთი კილოგრამის შემთხვევაში 2 ლარიდან 3,50 ლარამდე მერყეობს, ერთი ლიტრი ზეთის ფასი 3-დან 6 ლარამდეა, ერთი შეკვრა მარილი კი 70 თეთრი ღირს. ასევე საჭიროა შესაფუთი პაკეტი ან პოლიეთილენის პარკი. ამასთან, აპარატის მუშაობისათვის ელექტროენერგიის საფასური თვეში დაახლოებით 15 ლარია. ერთი ჭიქა მზა ბატიბუტის ფასი 5-10 თეთრია, შესაფუთი პაკეტით ან მუყაოს ყუთით კი ”პოპკორნის” ფასი 70-დან 1, 50 ლარამდე მერყეობს.
ფელიქს გონგლაძის თქმით, ამ ბიზნესით შეიძლება პურის ფული იშოვო, მაგრამ მხოლოდ ”პოპკორნის” გაყიდვის იმედზე არ უნდა იყო. მისივე თქმით, მოგება დღეში 5-10 ლარია, სამუშაოდ კი ყველაზე კარგი პერიოდი სასკოლო სეზონია: ”ზაფხულში პოპკორნი არ იყიდება. მაგალითად აგვისტოში მოგება 2-3 ლარი იყო. სკოლის პერიოდი მომგებიანია, ბატიბუტს ბავშვები ყიდულობენ. ყოველთვიური მოგება შეიძლება 200 ლარი იყოს, ხარჯი კი უფრო მეტიც. ამ ბიზნესის გაკეთება მარტივია, მაგრამ ხარჯიანია, თუნდაც სიმინდი, კვირაში 7 კილოგრამი მაინც მჭირდება. ბატიბუტის ბიზნესი მხოლოდ დამატებით შემოსავლად გამოდგება, რადგან ის ან მცირე მოგებას მოიტანს, ან თავის თავს შეინახვას.” - ამბობს ინდმეწარმე ფელიქს გონგლაძე
მარინა ეხვაია თბილსიში, ერთ-ერთ ობიექტზე კონსულტანტად მუშაობს. მისი თქმით, ”პოპკორნის” გაყიდვიდან, დღეში, 20-25 ლარი რჩება. ობიექტისთვის, კვირაში, 50 კილოგრამ ბატიბუტის სიმინდს ყიდულობენ, 50 კგ-ზე კი 2,50 ლიტრი ზეთი და 11 შეკვრა მარილი სჭირდებათ. მარინა ეხვაიას თქმით, მათთან პოპკორნი, ჭიქით, 10 თეთრი ღირს, მაგრამ თუ მომხმარებელს ბატიბუტის შეძენა მუყაოს ყუთით სურს, მისი ფასი 1,50 ლარია. მისივე თქმით, მუყაოს ყუთის შესაძენი ფასი 10-12 თეთრია.
ერთი შეხედვით მარტივ ბიზნესს ერთი პირობა აქვს – ბატიბუტის აპარატის განთავსება არ შეიძლება ისეთ ტერიტორიაზე, რომელიც მერიის საკუთრებაა. ასეთ შემთხვევაში აპარატის მფლობელმა ნებართვისთვის მერიას განცხადებით უნდა მიმართოს. მერია განცხადების განხილვის შემდეგ ადრესატს დადებით ან უარყოფით პასუხს აცნობებს.
ნებისმიერ შემთხვევაში, თუ სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ ”პოპკორნის” ბიზნესი დამატებით შემოსავლის წყაროდ აქციოთ.
წყარო: bpn.ge