როგორ შევცვალოთ სამხედრო სამსახური - არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურით - rogor.ge

როგორ შევცვალოთ სამხედრო სამსახური - არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურით

არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევას აწარმოებს მოქალაქეთა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისია. პირი რომელიც გაწვეულ იქნა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში ასევე მისი ოჯახის წევრები, სარგებლობენ გაწვევით სამხედრო სამსახურში მყოფი სამხედრო მოსამსახურეებისათვის კანონმდებლობით დაწესებული შეღავათებით. არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში მშვიდობიან პერიოდში გაიწვევენ მოქალაქეს, რომელმაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უნდა მოიხადოს სამხედრო ვალდებულება, მაგრამ სინდისის, აღმსარებლობის ან რწმენის თავისუფლების მოტივით უარს აცხადებს სამხედრო სამსახურზე.

მოქალაქე არსამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს გადის შემდეგ სპეციალიზებულ არასამხედრო-შრომით ფორმირებებში, ჯგუფებში ან ინდივიდუალურად. არსამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის სახეები შეიძლება იყოს: ა) საავარიო-სამაშველო, ეკოლოგიურ, ხანძარსაწინააღმდეგო ან სხვა სპეციალურ არასამხედრო-შრომითი ფორმირებები; ბ) სამოქალაქო დანიშნულების სამშენებლო, სარემონტო ორგანიზაციები და ობიექტები; გ) ორგანიზაციები და ობიექტები, რომლებიც სოფლის მეურნეობის პროდუქციას აწარმოებენ; დ) კომუნალური მომსახურების დაწესებულებები; ე) ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებები.

ასევე საგულისხმოა ისიც, რომ კანონმდებლობა ცნობს მოხუცების, ინვალიდების, უპატრონოდ დარჩენილი და კანონმდებლობის შესაბამისად სოციალურად დაუცველი სხვა პირების მოვლა-პატრონობისათვის გაწეულ სამსახურს, როგორც არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურად. შრომის სახეობას და ადგილს, სადაც მოქალაქემ უნდა გაიაროს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური, დაინტერესებული ორგანიზაციებიდან წარმოდგენილი შესაბამისი მოთხოვნების მიხედვით ადგენს მოქალაქეთა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისია, რომლის კომპეტენცია განისაზღვრება ამ კანონით და მის შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული მოქალაქეთა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისიის დებულებით. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ვადაა 18 თვე.

წაიკითხეთ: როგორ ავარიდოთ თავი ჯარში გაწვევას

წყარო: myadvokat.ge