როგორ უნდა დარგოთ და მოუაროთ კიტრსა და პომიდორს - rogor.ge

როგორ უნდა დარგოთ და მოუაროთ კიტრსა და პომიდორს

ჩითილები

სანამ ჩითილებს დავრგავთ, კარგად უნდა დავამუშაოთ ნიადაგი - გავაფხვიეროთ და შევიტანოთ სასუქი. სასუქად შეიძლება გამოვიყენოთ ორგანული სასუქი: გამომწვარი ნაკელი, ქათმის ექსკრემენტები, ასევე შეიძლება მაღაზიაში ვიყიდოთ სასუქი (მაგალითად, კალიუმიანი და ფოსფორიანი სასუქები).

იმისათვის, რომ კარგი მოსავალი მივიღოთ, აუცილებელია ხარისხიანი ჩითილი ვიყიდოთ, ჯობია სათბურში გამოყვანილი ჩითილები, რომლის წარმომავლობაც კარგად ვიცით, და არა უბრალოდ ბაზარში ნაყიდი.

დარგვა ჯობს დილით ადრე, 6-7 საათზე. გამზადებულ ნიადაგზე გავაკეთებთ 5-6 სმ-იან ორმოებს, შიგნით ჩავდებთ ჩითილს და გარს მოვუტკეპნით, ოღონდ ისე, რომ ფესვი არ დაზიანდეს. დავუსხამთ 200-300 მილილიტრ წყალს.

უნდა მოვრწყათ დილას, შუადღეს და საღამოს. მორწყვისას არ უნდა დავასხათ წყალი მცენარეს, მოსარწყავად საუკეთესოა წვეთოვანი მორწყვა.

დარგვიდან ერთ კვირაში (გააჩნია ჩითილის ზომას) ჩითილი უნდა მივაბათ ბაწარზე (თოკზე) ან სარზე. ბაწრის შემთხვევაში საათის მიმართულებით უნდა შემოვახვიოთ. ჯობს, ორი მეტრი მაინც იყოს თოკი, კიტრის შემთხვევაში მეტიც შეიძლება.

პომიდორს არ უყვარს მაღალი ტენიანობა და ძალიან მგრძნობიარეა ტემპერატურის მიმართ. ხშირად ემართება სხვადასხვა დაავადება, ამიტომ ხშირად უნდა შეიწამლოს. კარგი იქნება, თვეში ერთხელ სასუქს თუ დავუმატებთ. კიტრი ძალიან ადვილად ხარობს, მთავარია წყალი არ მოაკლდეს. წვეთოვანის შემთხვევაში დღეში ოთხჯერ მოვრწყათ, თითო მორწყვა 2 წუთის ხანგრძლივობით.

კიტრზეც და პომიდორზეც აუცილებელია ეგრეთ წოდებული ნამხრევების მოცილება, რადგან მათ ზედმეტი ენერგია მიაქვს.

ასევე ძალიან ადვილად გასახარებელია წიწაკის და ბადრიჯნის ჩითილები, ამ შემთხვევაშიც მთავარია, ნიადაგი იყოს კარგად დამუშავებული და სასუქით გაჯერებული.

სახლის პირობებში შეიძლება, გადავჭრათ პლასტმასის ბოთლები და მათში ჩავრგოთ ჩითილები.

ყველა მცენარისთვის აუცილებელია: მზის სხივები, წყალი, სითბო და მდიდარი ნიადაგი. ოთხივე კომპონენტის შემთხვევაში ძალიან ადვილად გაახარებს ნებისმიერი მცენარე და კარგი მოსავალიც გარანტირებული იქნება.

თეთრი პომიდორი

ძალიან გემრიალია. მოტკბო გემო აქვს, რადგან საკმაო რაოდენობით შაქარს შეიცავს. წითელის პომიდვრისგან განსხვავებით არ აქვს სიმჟავე.

გოგრისებრი პომიდორი (ღეისეტომატე)

გარდა უცნაური შეხედულებისა, დიდი მოსავლიანობითაც გამოირჩევა.

პომიდვრის ხე

ამ სიმაღლემდე, რასაც ფოტოზე ხედავთ, წელიწად-ნახევარში იზრდება. სწრაფადზრდადობის გარდა გამოირჩევა უხვმოსავლიანობით. კარგად უძლებს დაავადებებსა და ტემპერატურის ცვალებადობას.

ნარინჯისფერი პომიდორი

ძალიან გემრიელია. მოტკბო გემო აქვს. თუ ვინმეს წითელ ნაყოფზე ალერგია აქვს, თამამად შეუძლია ნარინჯისფერი მიირთვას.

ყვითელი პომიდორისასარგებლოა ორგანიზმის სისხლის გასაწმენდად. გემრიელია და არ იწვევს ალერგიას.

წყარო: shin.ge