როგორ ვუმკურნალოთ შარდის შეუკავებლობას - rogor.ge

როგორ ვუმკურნალოთ შარდის შეუკავებლობას

– მკურნალობისას, თავდაპირველად, ყოველთვის ნაკლებინვაზიურ მიდგომას ენიჭება უპირატესობა და თუ ამან შედეგი არ გამოიღო, მერეღა მიმართავენ ინვაზიურ მეთოდებს. არაინვაზიური მეთოდები ადამიანს შარდის შეკავების უნარის გამომუშავებაში ეხმარება. ესენია:

შარდის ბუშტის ტრენირება. ვიცით, რომ ურგენტული შეუკავებლობისას, მოშარდვის სურვილის აღმოცენების შემდეგ, თითქმის არ რჩება დრო საპირფარეშომდე მისასვლელად – შარდის ბუშტი მაშინვე იკუმშება და უნებლიე შარდვა იწყება. შარდის ბუშტის ტრენირებით კი გამოვიმუშავებთ შეკავების უნარს და ნელ-ნელა ვზრდით დროს მოშარდვამდე. თავდაპირველად ვცდილობთ, მოშარდვა დაახლოებით 10 წუთით შევაყოვნოთ, მერე და მერე ნელ-ნელა ვუმატებთ. კარგი შედეგი იქნება, თუ მოშარდვიდან მოშარდვამდე ინტერვალს 2.5-დან 3.5 საათამდე გავზრდით;

შარდის ბუშტის ორმაგი დაცლა. მოშარდვის შემდეგ ცოტა ხანს საპირფარეშოში ვრჩებით და რამდენიმე წუთის შემდეგ ხელახლა მოშარდვას ვცდილობთ. ეს ტექნიკა გვეხმარება, ბოლომდე დავცალოთ შარდის ბუშტი, რათა თავიდან ავიცილოთ მასში შარდის ჩარჩენა და გადავსება;

მოშარდვის გრაფიკის შედგენა. გრაფიკი გვეხმარება, წინასწარ განსაზღვრულ დროს შევიდეთ საპირფარეშოში. ასე ნაკლები შანსი რჩება, მოშარდვის სურვილი არახელსაყრელ სიტუაციაში გაგვიჩნდეს. მოშარდვიდან მოშარდვამდე ინტერვალი დაახლოებით 2-4 საათი უნდა იყოს;

ვარჯიში. სითხისა და კვების მოწესრიგებასთან ერთად, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ფიზიკურ აქტიურობას. ძალიან კარგია მენჯის დიაფრაგმის ვარჯიში, რომელსაც კეგელის ვარჯიშს უწოდებენ. ის განსაკუთრებით ეფექტურია სტრესული და ურგენტული შეუკავებლობისას. კეგელის ვარჯიში შემდეგნაირად სრულდება: წარმოიდგინეთ, რომ შარდის შეკავებას ცდილობთ, დაახლოებით 5 წამით შეკუმშეთ კუნთები, რომლებსაც შარდის შეკავებისას იყენებთ, მერე კი 5 წამით მოადუნეთ. თუ გერთულათ, დაიწყეთ 2 წამით. შეკუმშვის ხანგრძლივობა ნელ-ნელა 10 წამამდე გაზარდეთ. ვარჯიში საჭიროა ყოველდღე, დღეში სამჯერ, ყოველ ჯერზე – 10 ვარჯიში;

ელექტრული სტიმულაცია. ელექტროდები თავსდება სწორ ნაწლავში ან ვაგინაში, რათა მენჯის დიაფრაგმის კუნთების სტიმულირება მოახდინოს და გაამაგროს ისინი. ეს ტექნიკა ეფექტურია სტრესული და ურგენტული შეუკავებლობისას, თუმცა საკმაოდ გაჭიანურებული პროცესია. ამ ყველაფერთან ერთად გამოიყენება მედიკამენტები, ხელოვნური სამედიცინო საშუალებები, ინტერვენციული თერაპია. ხელოვნური სამედიცინო საშუალებაა, მაგალითად, ტამპონი, რომელსაც შარდსაწვეთში იდებენ ისეთი აქტივობის წინ, როდესაც მოსალოდნელია შარდის უნებლიე გამოყოფა (მაგალითად, ჩოგბურთის თამაშისას) და გამოიღებენ მოშარდვამდე. არსებობს ვაგინაში მოსათავსებელი სილიკონის საშუალებაც, რომელსაც პესარის უწოდებენ. მას იყენებენ, როდესაც შეუკავებლობა გამოწვეულია პროლაფსით. ინტერვენციული თერაპია მოიაზრებს შარდსაწვეთის ირგვლივ მოცულობის გამზრდელი სინთეზური საშუალების შეყვანას, რომელიც ასქელებს შარდსადენის კედელს და ავიწროებს გამავალ მილს, სქელი კედელი კი სფინქტერის მეტი ძალით დახურვას უზრუნველყოფს. თუმცა ეს პროცედურა ნაკლებეფექტურია. ასევე იყენებენ ბოტულინის ტოქსინს, როდესაც შარდის ბუშტი ზედმეტად აქტიურია, და ნერვის სტიმულაციას – კანქვეშ ინერგება მოწყობილობა, რომელიც ელექტრულ სტიმულებს გზავნის შარდის ბუშტის მაკონტროლებელი ნერვისკენ და ამგვარად შარდვის პროცესს არეგულირებს.

თუ ეს ყველაფერი უშედეგო აღმოჩნდა, ხდება ქირურგიული ჩარევა, რომელიც რამდენიმე მიდგომას მოიცავს, ესენია:

ლენტის პროცედურა – მას სტრესული შეუკავებლობისას მიმართავენ. ამ დროს შარდსაწვეთს სწორ პოზიციაში აფიქსირებენ;კოლპოსუსპენზია – მუცლის ქვედა ნაწილში განაკვეთს აკეთებენ და შარდის ბუშტის ყელს მაღლა სწევენ. ეფექტურია სტრესული შეუკავებლობისას;სლინგ-პროცედურა – გულისხმობს შარდის ბუშტის ყელის ირგვლივ ბანდაჟის მოთავსებას და საკმაოდ ეფექტურია. კიდევ ერთი მიღებული მეთოდია შარდის ბუშტის ხელოვნური სფინქტერის ჩადგმა, თუმცა ამ შემთხვევაში გამორიცხული არ არის გვერდითი ეფექტი. შესაძლოა, გაფუჭდეს სფინქტერის მაკონტროლებელი მექანიზმი. ამ შემთხვევაში მოწყობილობა უნდა ამოიღონ. ბევრს რცხვენია შარდის შეუკავებლობის, ამიტომ თავს არიდებენ ექიმთან მისვლას. ეს, რა თქმა უნდა, არასწორი მიდგომაა. ექიმთან მისვლა აუცილებელია, რათა პრობლემა მალე მოგვარდეს, მდგომარეობა არ გართულდეს და ადამიანმა სრულფასოვანი ცხოვრებით იცხოვროს.

იხილეთ ვრცლად