როგორ ავირიდოთ თავიდან ფეხის სოკოს გაჩენა - rogor.ge

როგორ ავირიდოთ თავიდან ფეხის სოკოს გაჩენა

ნურასოდეს ჩაიცვამთ სხვის ფეხსაცმელს და ნურც თქვენსას ათხოვებთ ვინმეს.

ერთ-ერთი ადგილი, სადაც შეიძლება ფრჩხილის სოკოთი დაავადდეთ, სილამაზის სალონია, ამიტომ უმჯობესია, პედიკიური თვითონვე გაიკეთოთ ან ისეთ სალონს მიმართოთ, სადაც დანამდვილებით იცით, რომ ინსტრუმენტებს გულმოდგინედ ასტერილებენ და სპეციალური ანტიმიკოზური საშუალებებითაც ამუშავებენ.

ფრჩხილის სოკოს განსაკუთრებით "უყვარს" სპორტული დარბაზები, საუნები, გასახდელები, ზღვის ნაპირი - ნესტი მათი გამრავლებისათვის მეტად ხელსაყრელ გარემოს ქმნის. თუ ასეთ ადგილებში სანიტარულ-ჰიგიენური ღონისძიებები მოიკოჭლებს, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ონიქომიკოზის გამომწვევს აუცილებლად შეხვდებით, რადგან დაავადებული ტერფის კანიდან ჩამოცვენილ უჯრედებთან ერთად გარემოში ხვდება სოკოს სპორებიც, რომლებიც იატაკზე, ხალიჩაზე, ბილიკებზე დიდხანს ინარჩუნებენ სიცოცხლის უნარს. საკმარისია, ასეთ ადგილას ვინმემ ფეხშიშველმა გაიაროს, რომ სპორები მის კანზე გადაინაცვლებენ და თავიანთ შავბნელ საქმიანობას დაიწყებენ. ასეთ ადგილებში სტუმრობისას აუცილებელია:

შესვლამდეც და გამოსვლის შემდეგაც კანი სოკოს საწინააღმდეგო საშუალებით დაიმუშაოთ;

ფრჩხილებზე აუცილებლად წაისვათ სპეციალური დამცავი ლაქი;

გქონდეთ პლასტმასის ფეხსაცმელი, ვინაიდან მასში სოკოს გამრავლება უფრო მეტად უჭირს, ვიდრე ფოროვან რეზინში;

ვარჯიშის დროს ეცადეთ, თავი არიდოთ მიკროტრავმებს. ყოველი შემთხვევისთვის, თან იქონიეთ იოდი ან წყალბადის ზეჟანგი, რომლითაც დაზიანებულ კანს უმალვე დაიმუშავებთ;

ზღვის ნაპირზე ფეხშიშველა სიარული სასიამოვნოა, მაგრამ გირჩევთ, ამ სიამოვნებისგან თავი შეიკავოთ - ონიქომიკოზი ხშირად სწორედ იმ სოკოების დამსახურებაა, პლაჟზე რომ "იზრდებიან".

წყარო: mkurnali.ge