როგორ ვიკვებოთ კუჭის წყლულის დროს? - rogor.ge

როგორ ვიკვებოთ კუჭის წყლულის დროს?

საწყის ეტაპზე საჭიროა მკაცრი დიეტა. უნდა დავიცვათ კვების ჯერადობაც. სასურველია კვება დღეში საშუალოდ 5-6-ჯერ, მცირე ულუფებით, 3-4-საათიანი შუალედებით. რაციონიდან უნდა ამოვიღოთ მწარე, მჟავე, ცხიმიანი პროდუქტები. საკვები თერმულად კარგად უნდა იყოს დამუშავებული. მან არ უნდა გააღიზიანოს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსი, არ უნდა იყოს უხეში, მეტისმეტად ცხელი ან ცივი. არ უნდა გამოიწვიოს კუჭის წვენის გაძლიერებული გამოყოფა. აუცილებელია, შეიზღუდოს სუფრის მარილის მიღება დღეში 10-12 გრამამდე. ლუკმა კარგად უნდა დაიღეჭოს და დაქუცმაცდეს პირის ღრუში. თუ წყლულოვანი დაავადების გამო სამკურნალო დიეტას იცავთ, ეცადეთ, დღეში მიიღოთ 3000-3200 კკალ, რაც მოიცავს 100-110 გრამ ცხიმს, 100 გრამ ცილას, 400-450 გრამ ნახშირწყლებს.

წყლულოვანი დაავადების დროს რაციონში შეიძლება ჩავრთოთ:

  • პურ-ფუნთუშეული (თეთრი ფქვილისა),
  • ბისკვიტი, ორცხობილა;
  • კვერცხი (თოხლო ან ორთქლზე მომზადებული ომლეტის სახით);
  • სუპი (ბოსტნეული);
  • რძე და რძის ნაწარმი (რძე, ხაჭო, იოგურტი);
  • მოხარშული (წყალში ან ორთქლში) ხორცი (საქონლის, ქათმის, ხბოს კატლეტი, გუფთა, პიურე, რულეტი);
  • მოხარშული (წყალში ან ორთქლში) თევზი (ქორჭილა, ფარგა, კალმახი, ნებისმიერი ნაკლებცხიმიანი ჯიში);
  • ბოსტნეული (სტაფილო, კარტოფილი, ჭარხალი, ყაბაყი, გოგრა);ბურღულეული და მაკარონის ნაწარმი (წიწიბურა, შვრია, ბრინჯი);
  • მცენარეული ცხიმი;
  • ხილი;
  • სითხეები (ასკილის ნახარში, არამჟავე ბოსტნეულისა და ხილის წვენები, უგაზო მინერალური წყალი).

რაციონიდან უნდა ამოვიღოთ:

  • ცხიმიანი ხორცი და თევზი, განსაკუთრებით - შემწვარი;
  • სოკოს სუპი;
  • ცხვრის, საქონლისა და ღორის ქონი;
  • ცხარე სანელებლები;
  • ძეხვი, შაშხი;
  • კონსერვები;
  • ჭვავის პური, ნაზუქი, ნამცხვარი;
  • ალკოჰოლური სასმელები;
  • ნაყინი.