როგორ მოვიშოროთ თავიდან ქმრის საყვარელი - rogor.ge

როგორ მოვიშოროთ თავიდან ქმრის საყვარელი

მოდით, მანამ სანამ მეგა-სკანდალს მოაწყობდეთ და საღამოებს ცრემლების ღვრაში გაატარებდეთ, ასტროლოგიური მეთოდებით ვცადოთ მეტოქის გაუვნებელყოფა. მთავარია, მოწინააღმდეგის ზოდიაქოს ნიშანი გავიგოთ, მერე კი საქმეს შევუდგეთ.

იმ შემთხვევაში თუ თქვენს ოჯახურ იდილიას ჰაეროვანი მანდილოსანი (ტყუპი, მერწყული, სასწორი) არღვევს, საქმე შესაძლოა გაცილებით მარტივად მოგვარდეს, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ჰაეროვან ქალბატონებს ცვალებადი ხასიათი გააჩნიათ. შესაბამისად, ერთი და იგივე ინტერესის ობიექტზე დიდი ხნით "ჩაციკვლა" მათი სტილი არ გახლავთ...

თუ საყვარელი ტყუპია - გახსოვდეთ, რომ არასოდეს! არასოდეს შეხვიდეთ მასთან ვერბალურ კონფლიქტსა და პოლემიკაში. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ქალებს, ენა სამართებელზე უფრო ბასრად უჭრით, ამიტომ გაცხარებულ გულზე რას მოგახლით და წამოგაძახებთ კაცმა არ იცის. სამაგიეროდ, მშვიდ ხასიათზე მყოფი ლამაზი, მაცდური და კატასავით კრუტუნის მოყვარული ვინმეა, ამიტომ გასაკვირი არც არის ის ფაქტი, რატომ მოიხიბლა თქვენი მეუღლე მისით. თუმცა ამ უკანასკნელისთვის სასურველია ცნობილი იყოს ტყუპი ქალის თავქარიანობის ამბავი. იგი ხომ მამაკაცებს შოკოლადის ცარიელი ყუთებივით ისვრის წაღმა-უკუღმა, როცა მათი გემო (საქციელი) და შესაძლებლობები საეჭვო მოეჩვენება. ან უბრალოდ მოსწყინდება ურთიერთობა. ტყუპი ქალები ხმაურიანები, უსაშველოდ მოლაპარაკეები და ქაქანები არიან. ამიტომ მეტოქე რომ გაანეიტრალოთ, აუცილებელია მეუღლესთან მიმართებაში მშვიდი, წყნარი და ყურადღებიანი გახდეთ. ვეჭვობ ერთ მშვენიერ დღეს აუცილებლად მოუნდება მას თქვენს კომპანიაში მყოფს, ხმაურისგან გადაღლილი "ყურების დასვენება".

თუკი საყვარელი სასწორია - მინდა გითხრათ, რომ ბავშვური გარეგნობის, მომხიბვლელი ღიმილის და ხმის რბილი ტემბრის მიუხედავად, იგი საკმაოდ მტკიცე ნებისყოფის მქონე და გონიერი ქალია. მამაკაცები, როგორც წესი, პირველ რიგში მისი ვიზუალით იხიბლებიან, იმიტომ რომ სასწორმა იცის რა, როგორ და რა დროს ჩაიცვას ან მოიხდინოს. თუმცა უფრო ახლო ნაცნობობის შემდეგ, სასიამოვნო ვიზუალთან ერთად ჭკუაც რომ საკმარისზე მეტი აღმოაჩნდება ქალს, დამეთანხმებით ბევრი მამაკაცი ვერ გაუძლებს ცდუნებას გვერდით იყოლიოს ასეთი საგანძური. თუმცა, ეს იმ შემთხვევაში ხდება, როცა სახლში მეუღლე ასე თუ ისე მოიკოჭლებს ინტელექტის ამბავში. აქედან გამომდინარე, მეტოქის გასანეიტრალებლად პირველ რიგში თქვენი ერუდიციის დონის ამაღლება დაგჭირდებათ. შემდგომ ამისა კი, რაღა თქმა უნდა, გარეგნობასაც უნდა მიხედოთ და თქვენი საკუთრების დასაცავად სასწორს ომი ღიად გამოუცხადოთ. სასწორები, როგორც წესი, ცივი ომის დიდოსტატები არიან. ამიტომ თუ ამ ქალმა იეჭვა, რომ მისი თქვენ ცხოვრებაში შემოჭრა ხმაურიანი სკანდალით დაგვირგვინდება, შესაძლოა თავადვე გაგეცალოთ დროულად გზიდან.

თუკი საყვარელი მერწყულის ზოდიაქოს ნიშნით დაიბადა - ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი მეუღლე სიახლის, ნოვაციის მოთხოვნილებას განიცდის ცხოვრებაში. უმთავრესად კი მას გვერდით მეგობარი, თანამოაზრე და კარგი მსმენელი აკლია. ქალი მერწყული, ძირითადად ამ თვისებებით იპყრობს მამაკაცთა გულს, რომ მას შეუძლია კაცს საყვარლობასთან ერთად კარგი მეგობრობა და მხიარული კომპანიონობა გაუწიოს. თუკი თქვენ თუნდაც პატარა ბავშვის დედობის "საპატიო" მიზეზით ვერ ახერხებთ ხოლმე მეუღლესთან ერთად პერიოდულად მაინც მოიწყოთ რომანტიული დღეები, რაღა თქმა უნდა, თქვენი მეუღლე ამგვარ ვიქენდებს მერწყულთან გაატარებს. თუმცა რაოდენ სასაცილოდაც არ უნდა მოგჩვენოთ, თქვენი მეტოქე მერწყული ნაკლებად გამოჰკითხავს მას თქვენზე და მით უმეტეს არასოდეს განეწყობა აგრესიულად თქვენ მიმართ. უფრო მეტიც, თქვენ შეგიძლიათ იგი სახლში ჭიქა ჩაიზე მოიპატიჟოთ, აუხსნათ სიტუაციის სირთულე და მომავალში გულითადი მეგობრობაც შესთავაზოთ. მერწმუნეთ, თავქარიანი მერწყული ქალი, დიდი ალბათობით დასთანხმდება კიდეც ამ წინადადებას.

განვიხილოთ ცეცხლის ტრიო (ვერძი, ლომი, მშვილდოსანი)

თუ საყვარელი ვერძია - კერკეტ კაკალთან გქონიათ საქმე. ქალი ვერძი ბუნებით აზარტული მებრძოლია, ამიტომ საყვარელ მამაკაცს იოლად არავის დაუთმობს. თუმცა ნუ დაგავიწყდებათ ის ფაქტიც, რომ ვერძი იდეალისტი ნიშანია, შესაბამისად, მეეჭვება, თქვენს მეუღლეს მხოლოდ და მხოლოდ სქელი ჯიბის გამო აჰკიდებოდა, როგორც ჩანს რაღაც განსაკუთრებული დაინახა მასში. ამიტომ პირველი რაც უნდა გააკეთოთ, მის თვალში მეუღლის იმიჯის რღვევა იქნება. შეეცადეთ მის ყურამდე (მხედველობის არემდე) მიიტანოთ თქვენი ქმრის გაუპარსავ-დაუბანელი იმიჯის ამსახველი სურათები, სადაც იგი საოცნებო პრინცს ნამდვილად არ წაგაავს. გარდა ამისა, სასურველია ვერძი ქალის ინფორმაციულ ბანკს თუ მისი საყვარელი მამაკაცის "ლაჩრული საქციელის" დამადასტურებელი ფაქტებითაც შეავსებთ. არ აქვს მნიშვნელობა სოფელში ქათმის დაკვლის შეეშინდა ამ უკანასკნელს თუ სიბნელეში დახვედრილი მძარცველის, ქალი ვერძი მამაკაცში სილაჩრეს ვერასოდეს აიტანს.

თუ საყვარელი ლომია - სავარუდოდ მან თქვენი ქმრის სახით ძვირად ღირებული საჩუქრების და ბრენდული სამოსის მწარმოებელი კონვეიერი აღმოაჩინა, ამიტომ მისი კლანჭებიდან მეუღლის დახსნა საკმაოდ დიდ ჯაფად დაგიჯდებათ. ამასთან ერთად, ლომ ქალს არც საერთო ნაცნობების მხრიდან, მორალის საკითხებზე ჩიჩინი ანაღვლებს დიდად. სანამ მამაკაცი მას თავს დედოფლად აგრძნობინებს დიახაც, რომ ტახტიდან ფეხს არ მოიცვლის. ერთადერთი მეთოდი მისი გზიდან ჩამოშორებისა არის ის, რომ ინატროთ თქვენი მეუღლე მოულოდნელად და პირწმინდად გაკოტრდეს ან მის საყვარელს ვინმე გაცილებით უფრო რესპექტაბელური და მდიდარი კანდიდატურა შეაპაროთ (თუმცა ასეთს თუ იპოვნით, ჯობია თავად გაჰყვეთ ცოლად). სხვა შემთხვევაში ვეჭვობ ლომი ქალის კლანჭებიდან ქმრის დახსნა შესძლოთ.

თუ საყვარელი მშვილდოსანია - საქმე ძალიან რთულადაა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ თავიდან ფეხებამდე იდეალისტი მშვილდოსანი, ლამის გაფეტიშებულ სატრფოსთან ცხოვრებას საზოგადოების მხრიდან, მრავალსაუკუნოვანი ანათემის შიშითაც არ შეუშინდება, მანამ სანამ მას ეს კაცი ნამდვილად უყვარს. მაგრამ გაითვალისწინეთ – "მანამ, სანამ!" აქედან გამომდინარე, მშვილდოსნის გრძნობა რომ ხელოვნურად და მალე ჩააქროთ, მეხანძრეების გამოძახება სულაც არ გახლავთ საჭირო, საკმარისია მას თავისუფლება შეუზღუდოთ ან მისი გაკონტროლება სცადოთ ვითომდა თქვენი ქმრის სახელით. ასეთ შემთხვევებს თუ ხშირად ექნება ადგილი, შესაძლოა ერთ დღეს მშვილდოსანს თავად ამოუვიდეს ყელში დაუსრულებელი გაუგებრობა და წერტილი სამუდამოდ დასვას აქამდე იდეალურად ჩათვლილ ურთიერთობაში.

წარმოგიდგენთ წყლის სტიქიის ტრიოს (კირჩხიბი, მორიელი, თევზები)

თუ საყვარელი კირჩხიბია - მინდა გითხრათ, რომ ძალიან რთული და ძნელადგანკურნებადი სენი შეჰყრია თქვენს მეუღლეს. თუმცა, ქალი კირჩხიბი, რომელიც ბუნებთ ოჯახური კერის მოყვარულია და ნანატრი ქმარ-შვილის ყოლაზე ოცნებობს, მეეჭვება თავისი ინციატივით გადაჰკიდებოდა კაცს, რომელსაც უკვე ჰყავს ცოლ-შვილი. როგორც ჩანს, საქმე აქ საყვარელის მიერ ჩადენილ ცოდვებში კი არა თავად თქვენი მეუღლის მიერ მისთვის აგებულ ოცნების კოშკებშია, რომელიც კირჩხიბმა გულწრფელად დაიჯერა. ხოლო თუკი კირჩხიბმა რაღაც დაიჯერა და აიჩემა, ძალიან რთულად დათმობს საკუთარ იდეაფიქსს. ამასთან ერთად, სხვა დანარჩენ ქალებზე მეტად სწორედ მას ეხერხება საჭიროების შემთხვევაში ინტრიგების ურთულესი ქსელის დახლართვა, რაც კიდევ უფრო აურევს თავგზას თქვენს ისედაც თავგზააბნეულ მეუღლეს. საიმისოდ, რომ მეტოქე კირჩხიბი ჩამოიცილოთ, ერთადერთ გზად ისღა დაგრჩენიათ, მას თქვენი ოჯახის დანგრევის შემთხვევაში, ცხრა თაობა დორბლიან-წირპლიანი შთამომავლობის ყოლით დაემუქროთ. დამიჯერეთ, კირჩხიბებს ძალიან სჯერათ მისტიკის, ჯადოებისა და მკითხავების.

თუ საყვარელი მორიელია - იმ ქალებზე უფრო ნაკლებად გაგიმართლათ, ვისაც მეტოქედ კირჩხიბი არგუნა ბედმა. ქალ მორიელთან ომის მოგება, მით უმეტეს მისთვის საყვარელი კაცის წართმევა, ომში ცეცხლის ხაზზე ჩადენილი გმირობის ტოლფასია. აქედან გამომდინარე, ან კამიკაძე უნდა იყოთ და სამსახურში მასთან ერთად აიფეთქოთ თავი, ან უბრალოდ დაელოდოთ, როდის გამოაჩენს იგი საკუთარ დიდად პატივცემულ კუდს ერთ მშვენიერ დღეს თქვენი ძვირფასი მეუღლის დასაგესლად. ამას კი მორიელი დამიჯერეთ აუცილებლად იზამს, თუკი მამაკაცმა ხანგრძლივი დროის მანძილზე ვერ გაარკვია ცოლთან რჩება თუ საყვარელთან ქმნის ახალ ოჯახს. თუმცა მორიელ ქალს აქვს ერთი დიდი "კოზირი", რომლის გამოც, როგორც წესი კაცები მას ბუზებივით ეწებებიან - იგი შეუდარებელია სექსში, შესაბამისად, ყველაზე მარტივი გზა მისი გზიდან ჩამოსაშორებლად თქვენი ამ კუთხით გააქტიურება იქნება მეუღლის მიმართ. როგორც წესი, საყვარლს მამაკაცი ორი მიზეზით იჩენს, აქედან ერთ-ერთი სწორედ რომ ერთფეროვანი სექსუალური ცხოვრებაა. მეორეზე კი მოგვაინებით ვისაუბრებთ, სხვა ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული საყვარლების შესახებ დაწერილ სტატიაში.

თუ საყვარელი თევზებია - ხომ გაგიგონიათ "დამდგარ წყალში ბევრი ბაცილააო"?! ჰოდა, რა გასაკვირია ის ფაქტი, რომ მსოფლიოში ცნობილი კურტიზანი ქალების დიდი ნაწილი ზუსტად თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაიბადა. მიუხედავად ნაზი, უმწეო და სათუთი იმიჯისა, თევზებიც წყლის სტიქიის წარმომადგენელია და დობილი მორიელისა და კირჩხიბის მსგავსად მასაც საკუთარი "‘საფირმო" ჯადოქრული ილეთები გააჩნია მამაკაცის გულის მოსაგებად. ამ მეთოდებიდან ერთ-ერთი უმთავრესი არის ის, რომ მას მოსმენის, გაგებისა და თანაგრძნობის უნიკალური ნიჭი გააჩნია, ამიტომ მამაკაცები სწორედ ამ თვისებების გამო ეჩვევიან მას ისე, როგორც ალკოჰოლიკები ვისკის ბოთლს. აქედან გამომდინარე, მეტოქე რომ გზიდან ჩამოიშოროთ, მეუღლესთან გაცილებით უფრო ყურადღებიანი, გახსნილი და ლოიალური დამოკიდებულების სწავლა მოგიწევთ. სხვა შემთხვევაში თქვენი მეორე ნახევარი დიდი შანსია, რომ ხანგრძლივი დროით გადაბარგდება "ქალთევზასთან".

იმ შემთხვევაში თუ საყვარელი მიწის სტიქიის წარმომადგენელია ანუ კურო, ქალწული ან თხის რქა საქმე საკმაოდ რთულადაა. იმ უბრალოდ მიზეზის გამო, რომ მიწის სტიქიის ქალები, როგორც წესი უზომოდ ჯიუტები, პრინციპულები და რაც მთავარია იშვიათი მესაკუთრეები არიან. აქედან გამომდინარე მეტოქის გზიდან ჩამოსაცილებლად ბევრი ოფლის ღვრა მოგიწევთ...

თუ საყვარელი ქალწულია - მისი ზოდიაქოს ნიშნის სახელწოდებას და ამ უკანაკნელის ხასიათს ნუ გააიგივებთ ერთმანეთთან. საქმე იმაშია, რომ ქალწული ქალები, გარეგნული სინაზის მიუხედავად, ძალიან მოხერხებულები, ჭკვიანები და ეშმაკები არიან. აქედან გამომდინარე, თუ მან მამაკაცი საკუთარ მახეში გააბა, საეჭვოა მარტივად დაუთმოს იგი, თუნდაც კანონიერ მეუღლეს. ქალწული ქალი მზრუნველი, წინადახედული და გონიერია. მასთან ზუსტად ამ თვისებების გამო იწყებენ ურთიერთობას მამრები. მაგრამ სწორედ ამ ფაქტშია დიდი წინაღობაც. ქალწული ის ქალი არაა ვისთანაც კაცი ერთ ან ორ ღამეს გაატარებს, მარტოოდენ ამ უკანასკნელის ფიზიკური მონაცემებით მოხიბლული. ეს ქალი საკუთარი ჭკუითა და ხასიათით "აბამს" მამაკაცებს. ამიტომ, თუ თქვენი მეტოქე მაინცდამაინც ქალწულია, შეეცადეთ მეუღლეს ზუსტად მისი თვისებებით მოაწონოთ თავი. როგორც ჩანს, მას თქვენგან ელემენტარული მოსმენა, ყურადღება და ზრუნვა აკლია. სხვა შემთხვევაში ქალწულთან არავითარ შემთხვევაში არ გაიქცეოდა.

თუ საყვარელი კუროა - მინდა გითხრათ, რომ "მძიმე არტილერიას" გადაეყარეთ. ქალი კურო ბუნებით მატერიალისტი და სტაბილურობის მოყვარული ტიპაჟია. მართალია მათი დიდი ნაწილი, კანონიერ ურთიერთობას ამჯობინებს, "სხვისი გასაყოფი კაცის" ყოლას, მაგრამ თუ სიტუაციამ მოიტანა და კარგი კანდიდატურა შეხვდათ ცხოვრების გზაზე რატომაც არა? სამაგიეროდ, თუ ამ ქალმა თქვენი მამაკაცი მიიჩვია, მისგან თავის დაძვრენა ამ უკანასკნელს ძალიან გაუჭირდება და შესაძლოა სურვილიც ნაკლებად ჰქონდეს. კურო ქალი ძალიან მზრუნველი, მოსიყვარულე და თბილი პარტნიორია. მას შესანიშნავად ეხერხება გემრიელი საჭმელების კეთება და ზუსტად იცის, როგორ შეუქმნას მამაკაცს კომფორტი ამ მხრივ. გარდა ამისა, იგი ძალიან ამტანია როგორც ფიზიკურად ისე სულიერად. შესაბამისად, თუ იცის, რომ მამაკაცს მართლა უყვარს, კანონიერი ცოლი კი არა კანონიერი ქურდების თავყრილობაც ვერ აიძულებს მას აზრის შეცვლას საყვარელ ადამიანზე. ამიტომ ძვირფასო ქალებო, თუ თქვენი მეუღლე კუროს მიეჩვია იზრუნეთ იმაზე, რომ კარგი მზარეული გახდეთ, მეუღლეს სახლში კომფორტი შეუქმნათ და რაც მთავარია, აშკარად დაანახვოთ მას თქვენი სიყვარული.

თუ საყვარელი თხის რქაა - ამ შემთხვევაში ზუსტად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მისი და თქვენი მეუღლის რომანი სამსახურეობრივ ნიადაგზე იქნება დაწყებული. ნებისმიერი ქალი თხის რქისთვის უმთავრესი ცხოვრებისეული პრიორიტეტი კარიერაა. მართალია, ზოგიერთი მათგანი თავისითაც იკვალავს გზას სასურველი თანამდებობისკენ, მაგრამ რატომ უნდა შეიწუხო ჯაფით თავი როცა შეიძლება ვაკანტურ ადგილზე გაცილებით უფრო მარტივი და სასიამოვნო გზებითაც მოხვდე? თხის რქა ქალი ბუნებით ისეთივე მესაკუთრეა, როგორც თანასტიქიელი კურო და ქალწული, მაგრამ მას აქვს ერთი დიდი სისუსტე. თუკი სასწორზე კარიერა და სიყვარული დევს, იგი (მით უმეტეს ახალგაზრდა ასაკში) დაუფიქრებლად აირჩევს გზას ბრწყინვალე კარიერისკენ. კაცებს კი რა დალევს ამ ქვეყანაზე. ამიტომ თუ თქვენი მეუღლე თხის რქის მახეში აღმოჩნდა გაბმული, მისი ჩამოცილება გზიდან მარტივად შეიძლება სხვა, უფრო სოლიდური და გამოსადეგი კანდიდატურის ჰორიზონტზე გამოჩენით. თქვენ ეს კანდიდატურა როგორმე თხის რქას დაანახვეთ და მის მოჩანგვლაზე თავად იზრუნებს.

წყარო: astrologi.ge