როგორ ვუმკურნალოთ დახეთქილ და გაუხეშებულ ქუსლებს - rogor.ge

როგორ ვუმკურნალოთ დახეთქილ და გაუხეშებულ ქუსლებს

ნახეთქები ქუსლებზე, ჩვეულებრივ, კანის გადამეტებული სიმშრალის გამო ჩნდება, როდესაც კანის ელასტიკურობა ქვეითდება, ადამიანი ამას ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ აქცევს ყურადღებას, არ იღებს სათანადო ზომებს, პროცესი კი სულ უფრო ღრმავდება. ეს პრობლემა უხშირესად იმ პირებს აღენიშნებათ, რომლებსაც კანის დაავადებები, ნივთიერებათა, კერძოდ, ცილოვანი და ამინმჟავური ცვლის მოშლა, A და E ვიტამინების ნაკლებობა, გასტრიტი, ენდოკრინული სისტემის სხვადასხვა პათოლოგია, მაგალითად, შაქრიანი დიაბეტი ან კიდევ ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები აწუხებთ. ქუსლებზე ნახეთქების განვითარების პროვოცირებას სინთეტური წინდებისა და უხეში, არაკომფორტული, მოუხერხებელი ფეხსაცმლის ტარება ახდენს.

თუ ამ პრობლემას დროულად მიაქცევთ ყურადღებას და სხვადასხვა საშუალებით რეგულარულად შეუდგებით მის მკურნალობა - აღმოფხვრას, გარკვეული დროის შემდეგ გასაოცარ შედეგს მიიღებთ - ნახეთქები ქუსლებზე გაქრება, კანი აღდგება და პრობლემაც მოგვარდება.

ნახეთქების მკურნალობის არსი სამკურნალო პროცედურების რეგულარულად ჩატარებასა და კანის დამატენიანებელი საშუალებების გამოყენებაშია. მთავარია, ნებისყოფა გეყოთ, არ დაიზაროთ და ყოველივე სათანადოდ შეასრულოთ!

ქუსლებზე არსებული ნახეთქების სამკურნალო საშუალებები ძირითადად ვაზელინის საფუძველზეა დამზადებული. სუფთა სახით აღებული ვაზელინიც საუკეთესოდ ატენიანებს კანს, არბილებს და აშუშებს ნახეთქებს. მის გამოყენებამდე სასურველია ფეხები მცირე რაოდენობით ბორის მჟავას შემცველ ცხელ წყალში დაირბილოთ (ერთი ჩაის კოვზი ბორის მჟავა ერთ ჭიქა წყალზე). აბაზანის შემდეგ ფეხები კარგად გაიმშრალეთ, ქუსლებზე ვაზელინი წაისვით, ზედ პლასტირი დაიკარით და მთელი ღამით გაიჩერეთ. პროცედურა ყოველდღიურად ჩაიტარეთ მანამ, სანამ ნახეთქები სრულად არ გაქრება.

არსებობს ნახეთქების მკურნალობის ასეთი მეთოდიც: შეათბეთ ცვილი, პარაფინი და სალიცილის მჟავა თანაბარი რაოდენობით. მიღებული მასა ბამბის ტამპონით ქუსლებზე დაიტანეთ. მიეცით საშუალება, რომ შეშრეს. შემდეგ ასეთივე მეთოდით მეორე და მესამე შრეც დაიტანეთ. გამომშრალ-გამხმარი აპკი ბინტის ნახვევით გაამაგრეთ, დააფიქსირეთ. 24 საათის განმავლობაში თუ არა, მთელი ღამით მაინც გაიჩერეთ. შემდეგ სოდიან-საპნიანი აბაზანა ჩაიტარეთ, აპკი ფრთხილად მოიცილეთ და ქუსლები პემზის ქვით შეძლებისდაგვარად დაიმუშავეთ. პროცედურა რამდენჯერმე გაიმეორეთ.

ღრმა ნახეთქების შემთხვევაში ინფიცირების თავიდან აცილების მიზნით ქუსლების დამუშავება-დარბილებას ანტიბიოტიკების შემცველი მალამოებით მიმართავენ. საერთოდ, ქუსლებზე გამომშრალი კანის სამკურნალოდ პროპოლისის, A და E ვიტამინების შემცველი კრემები გამოიყენება. მკურნალობის გარეშე დატოვებული ნახეთქები შესაძლოა სოკოვანი დაავადების განვითარების საფუძველი გახდეს. ამისათვის საჭიროა სოკოს საწინააღმდეგო მალამოების გამოყენება და ნახეთქებზე მათი წრიული მოძრაობებით რეგულარულად შეზელა.

ქუსლებზე კანი ნაზი და გლუვი გახდება, თუ ყოველდღიურად თბილი წყლის პროცედურების შემდეგ ნახეთქების არეში ცოტაოდენ ზეითუნის ზეთს შეიზელთ. მეტად სასარგებლოა პერიოდულად ცხიმიანი კრემით მასაჟის ჩატარებაც. კრემი სასურველია წინასწარ შეათბოთ და შემდეგ ინტენსიური მოძრაობებით გარკვეული დროის განმავლობაში ქუსლების არეში შეიზილოთ. ასეთი მასაჟი აუმჯობესებს ქუსლების სისხლის მიმოქცევას და ხელს უწყობს ნახეთქების შეხორცებას. ზემოთ აღწერილი პროცედურების შემდეგ რეკომენდებულია ბამბის წინდების ჩაცმა და მთელი ღამის განმავლობაში მათი დატოვება.

რაც შეეხება მცენარეულ საშუალებებს:

ქუსლებზე კანის დასარბილებლად და ნახეთქების მოსაშუშებლად სასარგებლოა ვაშლის ან ხახვის ფაფის კომპრესი. ამისათვის წვრილ სახეხზე ერთი წვნიანი ვაშლი ან მცირე ზომის ხახვის ბოლქვი ჩახეხეთ. მიღებული ფაფისებრი მასა მკვრივ ნაჭერზე წაუსვით, ქუსლებზე მიიდეთ კომპრესის სახით და ბინტით დაიფიქსირეთ. სასურველია კომპრესის მთელი ღამით გაჩერება. ღრმა ნახეთქების დასატენიანებლად იგივე პროცედურას ახალი პომიდვრით ატარებენ.

ქუსლებზე ნახეთქები განსაკუთრებით სწრაფად ხორცდება მზიურას, იმავე კულმუხოს, ფესვებისაგან დამზადებული ცხელი კომპრესების წყალობით. კულმუხო უძველესი დროიდან ცნობილი სამკურნალო მცენარეა. მისი ცალკეული კომპონენტი სხვადასხვა კოსმეტოლოგიური საშუალების შემადგენლობაში შედის და ფართოდ გამოიყენება დერმატოლოგიაში. თუ კულმუხოს ფესვებისაგან დამზადებულ ცხელ კომპრესებს ყოველდღიურად გამოიყენებთ, ნახეთქებს ქუსლებზე მალე მოიშუშებთ.

ქუსლებზე ნახეთქების სამკურნალო კიდევ ერთი ეფექტური საშუალებაა კომბოსტოს ფურცლის კომპრესი. ეს უკანასკნელი მთელი ღამით უნდა გაიჩეროთ, დილით მოიხსნათ და ნახეთქების არეში დამატენიანებელი კრემი შეიზილოთ.

კარტოფილი კანიანად მოხარშეთ ჩაშლამდე. შემდეგ კანი მოაცილეთ, ჩაჭყლიტეთ და ის წყალი დაამატეთ, რომელშიც იხარშებოდა. ამ გათხევადებულ თბილ მასაში ფეხები 30-40 წუთით გააჩერეთ. შემდეგ თბილი წყალი გადაივლეთ, კარგად გაიმშრალეთ, ნახეთქებზე აბუსალათინის ზეთი ან რომელიმე ცხიმიანი კრემი წაისვით და ბამბის წინდები ამოიცვით. პროცედურა ძილის წინ ჩაიტარეთ.

წყარო: mkurnali.ge