რა არის ანდერძი და როგორ დავწეროთ - rogor.ge

რა არის ანდერძი და როგორ დავწეროთ

სამემკვიდრეო ურთიერთობათა ფართოდ განვითარებამ საქართველოში ანდერძის საყოველთაო დამკვიდრება ჯერ კიდევ ადრეფეოდალური პერიოდიდან განაპირობა. ანდერძი არის ე.წ. მოანდერძის, სრულწლოვანი, ქმედითუნარიანი პირის მიერ წერილობითი ფორმით შესრულებული საბუთი.

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით ანდერძი შეიძლება შედგეს ორი ფორმით: სანოტარო და შინაურული.

ე.წ შინაურული ანდერძი შეიძლება შეადგინოს მოანდერძემ, მოაწეროს ხელი და საკუთარი სურვილისამებრ შეინახოს. როცა ანდერძი დაწერილია შინაურულად, მემკვიდრე ვალდებულია წარუდგინოს ნოტარიუსს ექსპერტის დასკვნა, შინაურული ანდერძის გარდაცვლილისადმი კუთვნილების შესახებ. შინაურული ანდერძი შეიძლება იყოს დახურული ფორმითაც. ასეთ შემთხვევაში მოანდერძის სურვილით მოწმეებმა ანდერძი უნდა დაადასტურონ ისე, რომ არ გაეცნონ მის შინაარსს. ამ შემთხვევაში მოწმეები უნდა ესწრებოდნენ ანდერძის შედგენას, მაგრამ ისინი არ გასცნობიან მის შინაარსს.

სანოტარო ფორმა გაცილებით საიმედოა და გაუგებრობის თავიდან აცილების მხრივაც უმჯობესი.ნოტარიუსს უფლება არ აქვს, გათქვას ანდერძის შინაარსი.

სანოტარო ფორმით შედგენილი ანდერძი შეიძლება იყოს ორი სახის:

  1. ნოტარიუსი მხოლოდ ადასტურებს ანდერძზე განხორციელებულ ხელმოწერის ნამდვილობას – ამოწმებს ხელმომწერის პირადობა, ქმედუნარიანობას.
  2. ნოტარიუსი ხელმოწერის დადასტურებასთან ერთად, განუმარტავს მოანდერძეს იმ შინაარსსა და სამართლებრივ შედეგებს, რაც გამომდინარეობს ანდერძის შინაარსიდან.

ანდერძის შედგენისას გაითვალისწინეთ შემდეგი წესები:

დაუშვებელია ორი ან მეტი პირის მიერ ერთობლივი ანდერძის შედგენა (მხოლოდ მეუღლეებს აქვთ უფლება შეადგინონ ერთობლივი ანდერძი ურთიერთმემკვიდრეობის თაობაზე).

ანდერძზე აუცილებლად უნდა მიუთითოთ თარიღი.

თუ მოანდერძე რაიმე მიზეზით თვითონ ვერ მოაწერს ხელს ანდერძს, შეიძლება მისი თხოვნით ხელი მოაწეროს სხვა პირმა. ამასთან, უნდა აღინიშნოს მიზეზი, რის გამოც მოანდერძემ ვერ შეძლო ანდერძზე ხელის მოწერა.

ანდერძის მოწმეები არ შეიძლება იყვნენ: არასრულწლოვანები, ქმედუუნაროდ აღიარებული პირები, ანდერძით მემკვიდრე და მისი ნათესავები დამავალი და აღმავალი ხაზით, დები, ძმები, მეუღლე და საანდერძო დანაკისრის მიმღები (ლეგატარი).

ცნობების გამხელის უფლება არ აქვს ნოტარიუსს, სხვა პირს, რომელმაც დაადასტურა ანდერძი, მოწმეს, ასევე პირებს რომლებმაც ხელი მოაწერეს ანდერძს მოანდერძის ნაცვლად

თუკი მოანდერძემ შეადგინა ერთზე მეტი ანდერძი, ძალაშია ის, რომელიც უფრო გვიანდელი თარიღით არის შედგენილი. ხოლო თუკი არსებობს შინაურული და სანოტარო ფორმის ანდერძები, ძალაშია სანოტარო ფორმით შედგენილი ანდერძი შედგენის თარიღის მიუხედავად.

მოანდერძეს თავისი სურვილისამებრ შეუძლია შეცვალოს ან გააუქმოს ანდერძი.ანდერძის გახსნა და აღსრულება ხდება მხოლოდ მოანდერძის გარდაცვალების შემდეგ.