როგორ გავყინოთ მარწყვი ზამთრისთვის - rogor.ge

როგორ გავყინოთ მარწყვი ზამთრისთვის

როგორ უნდა გაყინოთ მარწყვი სწორად:

მარწყვის გაყინვამდე კარგად უნდა გარეცხოთ. ამოაჭერით ყუნწები. შემდეგ, გარეცხილი კენკრა გადაიტანეთ საწურზე და დატოვეთ ხუთი წუთი, რომ ზედმეტი სითხე ჩამოიწუროს.

მარწყვი კარგად უნდა გაშრეს გაყინვამდე. ამისთვის აირეთ ქაღალდის პირსახოცი, ან უბრალოდ ხის დაფაზე დააწყვეთ, ერთმანეთისგან დაშორებით. კენკრა არ უნდა ეხებოდეს ერთმანეთს. მარწყვი გააჩერეთ გასაშრობად დაახლოებით 30-40 წუთის განმავლობაში.

გამშრალი მარწყვი გადავიტანეთ მშრალ პლასტმასის კონტეინერში და მოათავსეთ საყინულეში.

მარწყვი კარგავს გარკვეულ სიტკბოს გაყინვისას. მისი გემოს შესანარჩუნებლად შეგიძლიათ კენკრას მსუბუქად მოაყაროთ შაქრის პუდრა ან შაქარი.

დაახლოებით ერთი-ორი საათი და მარწყვი უკვე მყარი და მთლიანად გაყინული იქნება. ასე რომ, კენკრა შეიძლება გადაიტანოთ მუყაოს ყუთებში (შეგიძლიათ გამოიყენოთ წვენის ყუთები), ან პლასტმასის კონტეინერებში შემდგომი შენახვისთვის. კონტეინერები უნდა იყოს საყინულეში, სადაც მარწყვი შეიძლება ინახებოდეს დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში.

გაყინული მარწყვი შეგიძლიათ ჩადოთ ჭიქაში და დაასხათ შამპანური. ის არა მხოლოდ დაამშვენებს თქვენს სუფრას, არამედ სასმელს პიკანტურ არომატს შემატებს.

თეა ინასარიძე