როგორ გავხდეთ თავდაჯერებული - rogor.ge

როგორ გავხდეთ თავდაჯერებული

საკუთარი თავის რწმენა

რწმენა საკუთარ თავში თავად გულისხმობს სიმტკიცესა და სიძლიერეს. რაც უფრო ღრმა და ფესვგადმულია ის, მით უფრო მეტად დაუმარცხებელი ხარ. თავდაჯერებულობის პირველი აგურიც სწორედაც რომ საკუთარი თავის რწმენაა, რომელიც ნებისმიერ დაბრკოლებას გადაგალახინებს და მიგაღწევინებს სასურველ მიზანს. ესაუბრე შინაგან „მეს“ და უთხარი მას: “სხვას რომ არ სჯეროდეს შენი, შენ უნდა გჯეროდეს საკუთარი თავის!“

შიშს თვალი გაუსწორე

შიშს უდიდესი ძალაუფლება აქვს. ის სწრაფად ეუფლება ჩვენს გონებას და გვმართავს. ადამიანების უმეტესობა შიშს გაურბის და არ ცდილობს მას თვალი გაუსწოროს. არ მოიქცე მსგავსად და გახსოვდეს, რომ თავადაც შეგიძლია შიშზე გაბატონება. “შიშები არაფერია, თუ არა გონება.“

იფიქრე ნაკლები და გააკეთე მეტი

არსებობენ ადამიანები, რომლებიც უფრო მეტს ფიქრობენ და ნაკლებს აკეთებენ. ამის მთავარი მიზეზი არის ისევ და ისევ თავდაჯერებულობის ნაკლებობა. ისინი ყოყმანობენ, განიხილავენ ყველა შესაძლო ვარიანტს, ნაბიჯს სწრაფად არ დგამენ და საბოლოოდ, ნაყოფიერად ვერ მოქმედებენ. ენდე საკუთარ თავს და - „JUST DO IT“ (უბრალოდ გააკეთე!).

მოიზიდე პოზიტივი და არა ნეგატივი

განწყობას ზებუნებრივი ძალა აქვს, რომელიც მთელ შენს სხეულს ეუფლება. ერთმანეთის წინააღმდეგ მუდმივად იბრძვიან პოზიტივი და ნეგატივი. უპირატესობა დამოკიდებულია თავად ადამიანზე. თითოეული დღე უნდა იწყებოდეს ღიმილით და სრულდებოდეს ბედნიერი განწყობით. რთულია, მუდმივად ეს მდგომარეობა შეინარჩუნო, რადგან ირგვლივ უამრავი პრობლემა, ზეწოლაა, მაგრამ უნდა სცადო. უკუაგდე ნეგატივი და მიიზიდე პოზიტივი. “მიუშვირე შენი სახე მზეს და შენ ვერ დაინახავ ჩრდილს!.“

დასახე მიზნები და გეგმები

განვითარება უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ადამიანის ცხოვრებაში. ამ პროცესის განუყოფელი ნაწილი სწორედაც რომ მიზნები და გეგმებია. აუცილებელია მათი დასახვა და მკაფიოდ ჩამოყალიბება. შეგიძლია გამოიყენო ლამაზი ბლოკნოტი, სადაც მათ ჩამოწერ, შემდეგ კი თითოეულ მიღწეულ მიზანსა თუ გეგმას ფერადი მარკერით აღნიშნავ. ეს მოგცემს მეტ მოტივაციასა და თავდაჯერებულობას. “ყოველთვის გქონდეს ის, რისთვისაც ცხოვრობ!“

აღმოაჩინე ახალი გატაცება და ჰობი

ეძებე ახალი შესაძლებლობები და გატაცებები. ძიების პროცესი ყოველთვის გასაოცარია, რომელსაც უამრავი თავგადასავალი სდევს თან. არ დაუწესო საკუთარ თავს ჩარჩოები, რომლებიც განსაზღვრავს, რისი კეთება შეგიძლია. აღმოაჩინე, შეიმეცნე და მიიღე.

შეიქმენი იმიჯი, რომელიც იტყვის, თუ ვინ ხარ

იმიჯი ხაზს უსვამს იმას, თუ ვინ ხარ ან რას წარმოადგენ. შექმენი იმიჯი, რომელიც გამოკვეთს შენს პიროვნებას. მიიღე საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხარ და თავდაჯერებულობის მაჩვენებელიც აიწევა.

მიიღე ცხოვრება მისი მრავალფეროვნებით

ცხოვრება ერთი დიდი ქაოსია, რომელიც უნდა მიიღო მისივე მრავალფეროვნებით. ფეხს თუ ვერ აუწყობ, მასში დაიკარგები. იმისთვის, რომ მუდმივად ფორმაში იყო, არასოდეს შეწყვიტო განვითარება და გწამდეს საკუთარი თავის.

დაეცი? - სწრაფად წამოდექი!

დაცემა გარდაუვალი მოვლენაა ჩვენს ცხოვრებაში. სწორი გზა არ არსებობს და არც საინტერესო იქნებოდა მისი გავლა. დაბრკოლებები, შეცდომები, წაგება - როგორ უცნაურადაც უნდა ჟღერდეს, ჩვენი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ისინი გვაყალიბებენ პიროვნებებად, რომლებმაც იციან, რომ თუ დაეცი, - უნდა წამოდგე. იყავი თავდაჯერებული და მიეცი საკუთარ თავს დაცემის უფლება.

ფიზიკური ვარჯიში

ფიზიკური ვარჯიში უშუალოდ არის დაკავშირებული თავდაჯერებულობასთან. ლამაზი სხეული ყოველთვის დადებით ემოციებს იწვევს და მას უდიდესი შრომა სჭირდება. ივარჯიშე, გაიღიმე და დატკბი თითოეული დღით.