როგორ მოვიქცეთ თუ ბავშვი ენაბორძიკობს? - rogor.ge

როგორ მოვიქცეთ თუ ბავშვი ენაბორძიკობს?

ვაჟებს გოგონებზე 4-5-ჯერ მეტად ებმით ენა, პაციენტთა 80%-ს სწორედ ისინი შეადგენენ.

როგორ მოვიქცეთ?

თუ ბავშვს ენაბორძიკი მეტყველების ფუნქციის აქტიური განვითარების პერიოდში დაეწყო, აუცილებელია მიმართოთ ბავშვთა ნევროლოგს ან მეტყველების თერაპევტს. ნევროპათოლოგის მიერ პრობლემის ნეიროგენული მიზეზების გამორიცხვის შემდგომ საჭიროა გადაიხედოს ბავშვის სოციალური გარემო და დაველოდოთ ე.წ. ფიზიოლოგიური ბორძიკის პერიოდის გავლას, რაც დაახლოებით 8-დან 14 თვემდე გრძელდება, ეს ის პერიოდია, როდესაც შესაძლებელია ლოგონევროზის სპონტანური განკურნება. თუ ამ პერიოდის გავლის შემდგომ ენაბორძიკი არ ალაგდა, უნდა დაიწყოს ლოგონევროზის სამკურნალო ენისა და მეტყველების თერაპია.

ბავშვთა ასაკში განკურნების პროცენტული მაჩვენებელი საკმაოდ დიდია და იგი 65-70%-ს აღწევს.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც პრაქტიკულად არ ემორჩილებიან თერაპიას, ასეთები კი საერთო რაოდენობის დაახლოებით 13-15%-ს შეადგენენ. სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ არსებობს ზუსტი კრიტერიუმები იმის წინასწარ დასადგენად, განიკურნება ის ბავშვობაში, თუ ეს პრობლემა მოზრდილობაშიც შეახსენებს თავს.

ლოგონევროზი კომპლექსურ მკურნალობას საჭიროებს

დღეს ენაბორძიკის მკურნალობის საუკეთესო მეთოდად კომპლექსური თერაპია მიიჩნევა, რომელიც ყველა იმ ფუნქციური რგოლის შეთანხმებული მოქმედების აღდგენას ისახავს მიზნად, რომლებიც ადამიანის მეტყველებაში მონაწილეობენ. კერძოდ, მეთოდის დახმარებით წარმოებს ნერვულ-რეფლექსურ, არტიკულაციურ და ფსიქოემოციურ სფეროთა მოქმედების ჰარმონიზაცია.

მეთოდი არ ითვალისწინებს ანტიდეპრესანტებისა და ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედი ძლიერი პრეპარატების გამოყენებას.

მეტყველების კორექციის სპეციალური კომპიუტერული პროგრამები - პაციენტს თავისუფალი და ლაღი, საჭირო ტემპის მეტყველების ფორმირებაში ეხმარება;

სუნთქვითი ვარჯიშების დახმარებით ადამიანი განსაზღვრული სიმაღლისა და სიხშირის ბგერების (ობერტონების) წარმოთქმას სწავლობს;

ადამიანის მეტყველებაში რამდენიმე ათეული კუნთი მონაწილეობს, საკმარისია, თუნდაც ერთი მათგანი გამოვიდეს მწყობრიდან, რომ ეს თვალნათლივ აისახება მეტყველებაზე.

ლასიკური და წერტილოვანი მასაჟის მიზანი სწორედ მეტყველებაში მონაწილე კუნთებისა და არტიკულაციური აპარატის მოდუნება-რელაქსაციაა, რათა შემდგომი ვარჯიშისას ისინი მთლიანად დაემორჩილონ ადამიანის ნება-სურვილს.

ენის ბორძიკი ფსიქოემოციური წრის დარღვევის შედეგი გახლავთ, ამიტომ კომპლექსური თერაპიის ნაწილი პრაქტიკულ ფსიქოთერაპიასა და ფსიქოლოგიურ რეკომენდაციებს ეთმობა. კომპლექსური თერაპია ეტაპობრივად ტარდება და რამდენიმე თვე გრძელდება.

თერაპიის ჩატარება შესაძლებელია ჩვეული ცხოვრების რეჟიმის შეუცვლელად და პრაქტიკულად პაციენტისგან შეზღუდვებს არ მოითხოვს.

ბორძიკის საწინააღმდეგო 3 წესი

ეს პრაქტიკული რჩევები საშუალებას მოგცემთ, მეტყველებისას დამოუკიდებლად არეგულიროთ ხმის ტემბრი. აქვე დავძენთ, რეკომენდაციები განკუთვნილია მხოლოდ უფროსკლასელებისა და მოზრდილი ადამიანებისთვის, ანუ მათთვის, ვისაც შეუძლია, შეგნებულად ცვალოს საკუთარი მეტყველება.

წესი 1

მეტყველებისას შეეცადეთ მოადუნოთ სახმო იოგებთან დაკავშირებული ყველა კუნთი, განსაკუთრებით - ტუჩების კუნთები. ისინი ჭარბად არ უნდა ამოძრაოთ.

წესი 2

ყველაფერი, რაც სახმო იოგების არეშია, უნდა ვიბრირებდეს - მეტყველებისას აუცილებელია მკერდში მსუბუქი ვიბრაცია იგრძნოთ, სწორედ ასე წარმოიქმნება ობერტონები - ენის ბორძიკის საწინააღმდეგო „ანტიდოტები“.

წესი 3

სახმო იოგების სპაზმის პროფილაქტიკისთვის აუცილებელია, საუბრისას ჩვეულებრივზე მცირედ დაიდაბლოთ ხმა.

პრობლემის მოგვარება ყოველთვის შეიძლება, მთავარია მკურნალობა გამოცდილ და კვალიფიციურ სპეციალისტს ანდოთ.

წყარო: mkurnali.ge