რჩევები ორსულებს - rogor.ge

რჩევები ორსულებს

 

დავიწყოთ კვებით, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ორსული ქალებისათვის...

 

კვებას ფეხმძიმობის პერიოდში დიდი მნიშვნელობა აქვს. დიეტას თუ არ დაიცავთ, შეიძლება ამან მშობიარობის გართულება გამოიწვიოს. ყველა ორსულს ვურჩევ, რომ სამივე ტრიმესტრში, თითო თვის განმავლობაში, ყოველ დილას, მონაცველობით ერთი ჭიქა სტაფილოს და ვაშლის წვენი დალიონ. როდესაც გამოწურავენ სტაფილოს, მასში უნდა გახსნან ერთი ჩაის კოვზი უქოლესტერინო ზეთი. ეს ხელს უწყობს ბეტაკაროტინების შეწოვას, რომლის წყაროა სტაფილო. რაც შეეხება ვაშლს, იგი ცარიელი რკინაა. ყველა ორსულს ვასმევ ლიმნიან და თაფლიან წყალს, თუ მას სისხლის მომეტებული შედედებისაკენ მიდრეკილება არა აქვს. ამ დროს ძალიან კარგია გარგარის ჩირი, ქიშმიში, ნუში, ნიგოზი, მწვანე სალათის ფოთლები, ცოტა ოხრახუში. ძილის წინ კი სასურველია ორსულმა ერთი ჭიქა თბილი რძე ან კეფირი მიიღოს. ორსულებს ხშირად შეამჩნევთ უცნაურ ჟინიანობას, მაგალითად უყვარდებათ ან სჯავრდებათ ესა თუ ის საკვები. ზოგჯერ კი მჟავე და ზედმეტად მარილიან კერძებს ეტანებიან. ეს მათთვის სრულიად ბუნებრივია. პირველ ტრიმესტრში ორსულებს შეუძლიათ მიირთვან ორაგული, სკუმბრია, უმარილო ან ოდნავ მარილიანი ქაშაყი. ისინი უნდა მოერიდონ შებოლილ პროდუქტს, ხოლო თუ ბევრ მარილიან საკვებს მიირთმევენ, ეს შეიძლება შეშუპების მიზეზად ექცეთ. მჟავე ხილიდან სასარგებლოა კივი, ანტონოვკას ჯიშის ვაშლი. ზოგჯერ ორსულებს მადის გაუკუღმართება აღენიშნებათ. ეტანებიან ქაღალდს, კირს, მიწას და ცარცს. ასეთ დროს ექიმის კონსულტაციაა საჭირო, რადგან ორგანიზმი იმ ნივთიერებებს ითხოვს, რომლებიც აკლია. ამ დანაკლისის შესავსებად კი დიეტასა და მკურნალობაში ცვლილებების შეტანაა აუცილებელი. თუ ცარცს მადიანად მიირთმევთ, ჩანს კალციუმი გაკლიათ, ეს იმიტომ, რომ თქვენი პატარა თავისი ძვლების ასაშენებლად თქვენს მარაგს იყენებს. ასეთ შემთხვევაში მიიღეთ კალციუმით მდიდარი საკვები: ხაჭო, რძე, თევზი. ფეხმძიმე ქალი უნდა ერიდოს ტკბილ და მწარე საკვებს. მუქ ჩაის და ყავას. ასევე ღორის და ცხვრის ხორცს. მის კვების რაციონში აუცილებელია შედიოდეს მოხარშული საქონლის ხორცი, ენა, თევზი, უცხიმო ქათამი და ჩაშუშული ღვიძლი. მერწმუნეთ, თუკი ქალი დაორსულებისთანავე ასე შეუწყობს თავს ხელს და აუცილებელ ანალიზებს ჩაიტარებს, მას მშობიარობის დროს არანაირი პრობლემა არ შეექმნება, ხოლო მისი ბავშვი ჯანმრთელი დაიბადება.

 

ბევრი ქალისათვის სერიოზულს პრობლემას წარმოადგენს სტრიები. როგორ ვიბრძოლოთ მის წინააღმდეგ?

 

სტრიების წარმოქმნას იწვევს კანის დაჭიმვა, რომელიც სკდება იმ შეთხვევაში, თუ ელასტიური არ არის. ამ ნახეთქების თავიდან აცილება უფრო ადვილია, ვიდრე უკვე გაჩენილი სტრიების მოშორება. თუკი ნახეთქები ჯერ არ გაჩენილა, ორსულებმა რეგულარულად უნდა დაიმუშაონ მკერდის, თეძოებისა და მუცლის კანი სპეციალური დამარბილებელი კრემებითა და შრატებით, რომლებიც მდიდარია კოლაგენითა A და E ვიტამინებით. აუცილებელია ორსულმა ქალმა საორსულო ბანდაჟი ან ქამარი ატაროს, რაც თავის მხრივ სტრიების წარმოქმნას შეუშლის ხელს. საჭიროა კანის ელასტიურობის შესანარჩუნებლად ორსულმა მიიღოს დიდი რაოდენობით ხილი და ბოსტნეული.