როგორ დავიბრუნოთ ფორმა?ვარჯიში საკეისროს შემდეგ! - rogor.ge

როგორ დავიბრუნოთ ფორმა?ვარჯიში საკეისროს შემდეგ!

როგორ მოვიშოროთ ზედმეტი ცხიმი მუცლის არედან? ადრეულ პერიოდში ვარჯიშის დაწყება მხოლოდ სპეციალისტთან შეთანხმებით შეიძლება. ეს ყველაფერი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად მიმდინარეობს გამონაჯნმრთელების პროცესი, არის თუ არა რაიმე გართულება და ა.შ.

შესაძლებელია თუ არა ლამაზი მუცლის დაბრუნება? ორსულობის პერიოდში მუცლის კუნთები ადვილად დუნდება და ეშვება. გარდა ამისა, მშობიარობის შემდეგ გარკვეული დროა საჭირო რომ ჰორმონალური ცვლილებები დასრულდეს, საშვილოსნო შეიკუმშოს და ძველ მდგომარეობას დაუბრუნდეს. სამწუხაროდ, ზოგჯერ მუცლის კუნთები ერთმანეთს შორდება და ვითარდება დიასტაზი. საკუთარი თავისთვის ამ დიაგნოზის დადგენა თავადაც შეგიძლიათ. საკმარისია დაწვეთ ზურგით სწორ ზედაპირზე. მუხლები ოდნავ მოხარეთ. ერთი ხელი ამოიდეთ თავის ქვემოთ, მეორე ხელით კი ნაზად მოსინჯეთკუნთები მუცლის არეში. თითების დაჭერით შეიგრძნობ არის თუ არა შეშუპებული შუა ნაწილი. თუ ეს არე შეშუპებულია, მაშინ დიასტაზი გაქვთ.

როგორ მოვიქცეთ დიასტაზის დროს? ამ დაავადების დროს მუცლის პრესის დაჭიმვა არ შეიძლება. ნებისმიერი სხვა ვარჯიში სპეციალური ტანსაცმლით (ბანდაჟით) უნდა შესრულდეს. როცა ამისთვის მზად იქნებით, დიეტასთან ერთად შეგიძლიათ სპეციალური ვარჯიშები შეასრულოთ, რაც ფორმის სწრაფად დაბრუნებაში დაგეხმარებათ. ლამაზი მუცლის დასაბრუნებლად მხოლოდ ვარჯიში საკმარისი არაა. მნიშვნელოვანია რომ შეამციროთ მიღებული კალორიების რაოდენობა, აგრეთვე ტკბილეული და მოერიდოთ ალკოჰოლს.

როგორ ვივარჯიშოთ? თავდაპირველად შედარებით მარტივი ვარჯიშებით დაიწყეთ და თანდათან გაართულეთ. რაც შეეხება სიხშირეს, თავიდან შეგიძლიათ, ყოველ მეორე დღეს დაისვენოთ. მერე კი მეტი ეფექტისთვის ვარჯიშების რაოდენობა კვირაში 6 დღემდე გაზარდეთ. მხოლოდ ჩვეულებრივი მუცლის პრესის ვარჯიშებით მუცლის ყველა კუნთი არ დაიჭიმება. ამიტომ, სასურველია, ცოტ-ცოტა, მაგრამ სხვადასხვაგვარი ვარჯიშები შეასრულოთ. ასევე არ დაგავიწყდეთ ხარისხიანი სპორტული ტანისამოსისა და სავარჯიშო ელასტიკების შეძენა.

ვარჯიშები 1. დაწექით ზურგით სწორ ზედაპირზე. ხელები დააწყვეთ სხეულის გასწვრივ და ფეხები ნელა, მორიგეობით ასწიეთ ზევით. ეცადეთ, მუხლები გქონდეთ გამართული. ეს მოძრაობა ცურვას მოგვაგონებს. ამ დროს მუცლის წინა კუნთები იჭიმება და ძალიან ეფექტური ვარჯიშია. 2. დაწექით იატაკზე. ხელები ამოიწყვეთ თავის ქვემოთ. მუხლები მოხარეთ. წამოიწიეთ და ეცადეთ იდაყვით მუხლს შეეხოთ. ამ ვარჯიშით მუცლის ზედა და გვერდითი კუნთები იჭიმება. 3. გვერდითი ქვედა კუნთების გასამკვრივებლად შემდეგი ვარჯიშის შესრულება შეგიძლიათ: დაწექით იატაკზე. მოხარეთ მუხლები და შეეცადეთ ხელებით მორიგეობით შეეხოთ საკუთარ ქუსლებს. 4. ცხიმი ყველაზე რთულად მუცლის ქვედა ნაწილიდან შორდება. მუცლის ქვედა კუნთების გასამკვრივებლად და ცხიმის დასაწვავად შემდეგი ვარჯიში გამოგადგებათ: დაწექით იატაკზე. ხელები დააწყვეთ სხეულის გასწვრივ, ფეხები მიადეთ ერთმანეთს და ნელა ასწიეთ ზევით, როგორც სურათზეა ნაჩვენები. რაც უფრო ნელა შეასრულებთ ამ მოძრაობას, მით უფრო ეფექტურია. 5. და ბოლოს, ვარჯიში შეგიძლიათ ე.წ. ,,პლანკით’’ დაასრულოთ, რომელიც თითქმის ყველა კუნთს ჭიმავს და ტონუსში მოჰყავს სხეული. ამ ვარჯიშის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ სტატიაში ,,მხოლოდ ერთი ვარჯიში სხეულის ყველა კუნთისთვის.’’