როგორ მოვუაროთ საქონელს (ძროხას)
ძროხის კვების ნორმები დამუშავებულია ასაკის, ცოცხალი მასის, პროდუქტიულობის დონის და ცხოველის ფიზიოლოგიური მდგომარეობის მიხედვით. აღნიშნულ ნორმებში გაკონტროლებული მაჩვენებლების რიცხვი გაზრდილია 6-დან 34-მდე. ახალ ნორმებში შეტანილია ისეთი მაჩვენებლები, როგორიცაა მიმოცვლის ენერგია, მშრალი ნივთიერება, ნედლი პროტეინი, ნედლი უჯრედანა, სახამებელი, შაქრები, ნედლი ცხიმი, მაგნიუმი, კალიუმი, გოგირდი, რკინა, სპილენძი, თუთია, კობალტი, მარგანეცი, იოდი, B და E ვიტამინი.
მაკე მშრალი ფურის კვება მაკეობის პერიოდში ფურებში დიდდება ნივთიერებათა მიმოცვლის დონე, რაც დაკავშირებულია პლაცენტის და ემბრიონის განვითარებასთან. ემბრიონალური პერიოდი გრძელდება 1-დან 34 დღის ჩათვლით, ნაყოფისწინა - 35-დან 60 დღის ჩათვლით და ნაყოფის 61-დან 285 დღის ჩათვლით. მშრალობის პერიოდი ფურისათვის შეადგენს 60 დღეს. მშრალობის პერიოდს წინ უსწრებს ფურის გამოშრობა, ანუ ლაქტაციის შეწყვეტა. გაშრობის ძირითად ხერხს მიეკუთვნება - წველის ჯერადობის შემცირება და საკვები ულუფის შეცვლა. პირველად ფური გადაყავთ ორჯერად წველაზე, შემდეგ ერთჯერადზე და შემდეგ დღეგამოშვებით წველაზე. წველის შეწყვეტის შემდეგ აკონტროლებენ სარძევე ჯირკვლების მდგომარეობას. ზამთრის ულუფიდან გამოთიშავენ წვნიან და კონცენტრირებულ საკვებს. ზაფხულის პერიოდში მწვანე მასას ხშირად ცვლიან უხეში საკვებით. გაცილებით ძნელია მაღალპროდუქტიული ფურების გაშრობა, რომელთა დღიური მონაწველი ლაქტაციის ბოლოსათვის ხშირად შეადგენს 10-12 კგ-ს. ამიტომ მათი ულუფიდან გამოთიშავენ წვნიან და კონცენტრირებულ საკვებს, უმცირებენ სასმელი წყლის რაოდენობას. გაშრობის შემდეგ საკვების რაოდენობას თანდათანობით ადიდებენ ნორმამდე.
