როგორ ვიყიდოთ მიწის ნაკვეთი - rogor.ge

როგორ ვიყიდოთ მიწის ნაკვეთი

 

პირველ შემთხვევაში უნდა მონახოთ მიწის ნაკვეთის გამყიდველი (გაეცანით სარეკლამო გაზეთებს) როცა მონახავთ გამყიდველს და შეთანხმდებით ფასზე, აუცილებელია გამყიდველს მოსთხოვოთ მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურიდან) საკადასტრო რუქით და დარწმუნდით, რომ საყიდელი მიწის ნაკვეთი არ არის დატვირთული საგადასახადო გირავნობით, იპოთეკით და არ არის დაყადაღებული. ამის შემდეგ გამყიდველი და მყიდველი აფორმებთ ნასყიდობის ხელშეკრულებას ნებისმიერ ნოტარიუსთან, თან იქონიეთ პირადობის მოწმობები და ამ მოწმობების ქსეროასლები, ასევე გამყიდველმა უნდა იქონიოს მიწის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან). შეგიძლიათ ნოტარიუსთან ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების გარეშეც მოახდინოთ რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრატორთან, რითაც დაზოგავთ გარკვეულ საგრძნობ თანხას. ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისა და სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის შემდეგ მყიდველი მიიღებს მის სახელზე საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტს (ამონაწერს სარეგისტრაციო სამსახურიდან).

 

მეორე შემთხვევაში თქვენვე შეარჩიეთ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული თავისუფალი მიწის ნაკვეთი, თქვენს მიერ შერჩეული მიწის ნაკვეთი, რომ არავის სარგებლობაში არ არის, ამისათვის აუცილებლობას წარმოადგენს გააკეთოთ ამ მიწის ნაკვეთის სიტუაციური ნახაზი და განცხადებით მიმართოთ შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურს, განცხადებას უნდა დაურთოთ თქვენი პირადობის მოწმობის ქსეროასლი, მიწის ნაკვეთის სიტუაციური ნახაზი და მომსახურებისათვის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები, რომლებიც შეგიძლიათ აიღოთ ნებისმიერ ბანკში. რის შემდეგ სარეგისტრაციო სამსახურიდან მიიღებთ ორ ინფორმაციას რეესტრის ხელმისაწვდომობისა და მიწის მესაკუთრის შესახებ (ყოფილი ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან და საინფორმაციო ცენტრიდან), სადაც აღნიშნული იქნება თქვენს მიერ შერჩეული მიწის ნაკვეთის მდგომარეობის შესახებ.

 

იმ შემთხვევაში, თუ თქვენს მიერ შერჩეული მიწის ნაკვეთი თავისუფალია ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაშია, განცხადებით მიმართავთ ქ. თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს-თბილისის არქიტექტურულ სამსახურს. განცხადებას უნდა დაურთოთ: > პირადობის დამადასტურებელი საბუთი (პირადობის მოწმობის ქსეროასლი); > ტოპოგრაფიული რუკის ასლი (დაინტერესებული მიწის ნაკვეთის მონიშვნით) 1: 500 და 1: 2000 მასშტაბით: > ტერიტორიის ფოტო სურათები (ფოტომასალა); > ინფორმაცია ყოფილი ტექბიუროს მონაცემების შესახებ (რეესტრის ხელმისაწვდომობის შესახებ); > ცნობა სარეგისტრაციო (საჯარო რეესტრიდან) სამსახურიდან, მიწის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ (ინფორმაცია მიწის მესაკუთრის შესახებ).

 

საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში (საკითხი განხილული უნდა იქნას 30 დღის განმავლობაში) მასალები წარედგინება შესაბამის სამსახურს შემდგომი მსვლელობისათვის. სათანადო უწყებებთან დადებითი შეთანხმების შემთხვევაში, საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ქ. თბილისის მთავრობა, ამის შემდეგ გამოცხადდება აუქციონი. აუქციონის პირობები გამოქვეყნდება საინფორმაციო საშუალებებში, რის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ აუქციონში მონაწილეობა. აუქციონზე გამარჯვების შემთხვევაში და მიწის ნაკვეთის სათანადო ღირებულების გადახდის შემდეგ ფორმდება ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც უნდა დაარეგისტრიროთ საჯარო რეესტრში (სარეგისტრაციო სამსახურში).

 

მშენებლობის ნებართვის მისაღებად, საჭიროა იცოდეთ, რომ შენობა-ნაგებობები და სამშენებლო სამუშაოები მშენებლობის ნებართვის გაცემისა და ვარგისად აღიარებისათვის იყოფა 5 კლასად. > შენობა - ნაგებობები, რომლებიც მშენებლობის ნებართვას არ საჭიროებს. > შენობა - ნაგებობები რისკის დაბალი ფაქტორით. > შენობა - ნაგებობები რისკის საშუალო ფაქტორით. > შენობა - ნაგებობები რისკის მაღალი ფაქტორით. > შენობა - ნაგებობები რისკის მომეტებული ფაქტორით (განსაკუთრებული მნიშვნელობის შენობა - ნაგებობები).

 

ძირითადში მშენებლობის ნებართვები გაიცემა სამ სტადიად. პირველი სტადია - ქალაქმშენებლობის პირობების დადგენა (შემდგომში - მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება) საკითხი უნდა გადაწყდეს არა უმეტეს 30 დღისა. მეორე სტადია - არქიტექტურულ - სამშენებლო პროექტის შეთანხმება (შემდგომში - არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება) - არა უმეტეს 20 დღისა. მესამე სტადია - მშენებლობის ნებართვის გაცემა - არა უმეტეს 10 დღისა. სამივე სტადიას აწარმოებს მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც სამივე სტადიაზე გამოსცემს ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს

 

მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 თავით დადგენილი საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. განცხადებას უნდა დაერთოს: > პირადობის დამადასტურებელი საბუთი (პირადობის მოწმობის ქსეროასლი); > მიწის ნაკვეთის ტოპოგრაფიული გეგმა არსებული მდგომარეობით 1: 500 ან 1: 1000 მასშტაბით; (ახალი ანაზომი). > მიწის ნაკვეთის სიტუაციური გეგმა სათანადო დეტალიზაციით (მდებარეობა საქალაქო ქუჩების მიხედვით და საჭიროების შემთხვევაში აეროფოტოგადაღება); > საჭიროების შემთხვევაში არქელოგიური კვლევის შედეგები; > თვალსაჩინო ადგილას საინფორმაციო დაფის განთავსების დამადასტურებელი ფოტოსურათი; > მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრების გეგმა (იმ შემთხვევაში, თუ მშენებლობა დაგეგმილია საცხოვრებელ, საზოგადოებრივ - საქმიან ან საკურორტო - სარეკრეაციო ზონებში, მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრების გეგმასთან ერთად წარდგენილ უნდა იქნეს მიწის ნაკვეთის სამეზობლო და საზოგადოებრივი საზღვრის მიმდებარე ნაკვეთების/სივრცეების საზღვრები (საკადასტრო საზღვრების რუკა). საზღვრების ის წერტილები, სადაც იქმნება კუთხეები, აღნიშნული უნდა იქნეს წერტილით, მისი კოორდინატებისა და აბსოლუტური ნიშნულის მითითებით; > მიწის ნაკვეთის მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა; > განაცხადი მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების შესაბამისად; > გარდამავალ პერიოდში, როდესაც კონკრეტული მიწის ნაკვეთები არ ხვდება დასახლებათა ტერიტორიების მიწათსარგებლობის კონკრეტული უფლებრივი ზონირების დოკუმენტების საზღვრებში, მაშინ საჭიროა დამატებით მიწის ნაკვეთების გამოყენებისა და განაშენიანების პირობების განსაზღვრა (შედგენილი „დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 8 ივლისის №1-1/1254 ბრძანების მე-15 მუხლის შესაბამისად). > ამონაწერი საჯარო რეესტრიდან საკადასტრო გეგმით.