როგორ შევიტანოთ ადმინისტრაციული სარჩელი - rogor.ge

როგორ შევიტანოთ ადმინისტრაციული სარჩელი

 

სოციალური დავის დროს როგორ ხდება სახელმწიფო ბაჟის გადახდა? სოციალური დავის დროს სახელმწიფო ბაჟი საერთოდ არ არის გადასახდელი. ამ ტიპის სარჩელებს მიეკუთვნება მიუღებელ პენსიებთან და ხელფასებთან, ასევე გაუცემელ დახმარებებთან და სხვა მსგავსი ტიპის საქმეებთან დაკავშირებული სარჩელები. ასეთ დროს მოქალაქე მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიხდის ბაჟს, თუ მისთვის წინასწარ იყო ცნობილი ის გარემოებები, საიდანაც აშკარად ჩანდა მისი სარჩელის უსაფუძვლობა, ანუ მოქალაქემ წინასწარ იცოდა, რომ საქმეს წააგებდა.

 

სარჩელის წარდგენისას რა არის აუცილებელი? როდესაც მოქალაქე სარჩელს წარადგენს, ძალიან მნიშვნელოვანია მან იცოდეს, რა ვადაში აქვს სარჩელის წარდგენის უფლება, ანუ დაიცვას ხანდაზმულობის ვადები, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო სარჩელს არ მიიღებს. ჩვეულებრივ ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ აქტებთან დაკავშირებით, ანუ იმ აქტებთან დაკავშირებით, რომლებიც მოქალაქეს ეხება, ხანდაზმულობის ვადა ექვსი თვეა, ხოლო თუ საქმე გვაქვს ნორმატიულ აქტებთან (პრეზიდენტის ბრძანებულების ან მინისტრის ბრძანების გასაჩივრება), მაშინ ხანდაზმულობის ვადა სამი თვეა. დროის ათვლა ხდება უფლებადარღვევის დღიდან, ანუ როდესაც მოქალაქე მიიჩნევს, რომ ამა თუ იმ ნორმატიულმა აქტმა მისი უფლება შეზღუდა. თუ ეს ვადები დარღვეულია, ადმინისტრაციული სარჩელი სასამართლოში არ განიხილება

 

ადმინისტრაციული სარჩელით მოქალაქეს სასამართლოში რისი მოთხოვნის უფლება აქვს? მოქალაქეს უფლება აქვს, მოითხოვოს ნორმატიული ან სამართლებრივი აქტის ბათილად ან ძალადაკარგულად გამოცხადება, აგრეთვე ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა. მოქალაქეს შეუძლია მოსთხოვოს ადმინისტრაციულ ორგანოს, თავი შეიკავოს რაიმე მოქმედების განხორციელებისგან, ასევე შეუძლია მოსთხოვოს რაიმე მოქმედების განხორციელება. მაგალითად, შეუძლია მოსთხოვოს ადმინისტრაციულ ორგანოს, მეზობლის მიერ უკანონოდ აშენებული სახლის დანგრევა.

 

ვის ეკისრება მტკიცების ტვირთი? მტკიცების ტვირთი ეკისრება იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ადმინისტრაციული აქტი. მაგალითად, თუ სამინისტროში მოქალაქეს უარს ეტყვიან ლიცენზიის გაცემაზე, ასეთ შემთხვევაში სამინისტრომ უნდა დაამტკიცოს, რატომ თქვა უარი ამ ლიცენზიის გაცემაზე და უნდა დაასაბუთოს, რომ მისი უარი კანონიერი იყო. იგივე შეიძლება ითქვას, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქალაქეს არ აძლევს პასპორტს, ან ნებისმიერ სხვა შემთხვევაში. სახელმწიფო მოვალეა დაასაბუთოს, რომ მისი ქმედება კანონიერია

 

როგორ უნდა მოიქცეს მოქალაქე, როდესაც ის უკმაყოფილოა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით? ასეთ შემთხვევაში მოქალაქეს უფლება აქვს, ერთი თვის ვადაში გაასაჩივროს გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანციაში (სააპელაციო სასამართლო). სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს ორი თვის ვადაში, განსაკუთრებულ შემთხვევაში კი ეს ვადა ხუთ თვემდე შეიძლება გაიზარდოს. იგივე პროცედურა ხდება უზენაეს სასამართლოსთან დაკავშირებითაც.