ფილერი: სად, როგორ და რისთვის შეიძლება მისი გაკეთება - rogor.ge

ფილერი: სად, როგორ და რისთვის შეიძლება მისი გაკეთება

ფილერი ქართულად „შევსებას“ ნიშნავს. ეს არის ნივთიერება, რომელიც ავსებს რაიმე ღრმულს, სანათურს იქ, სადაც ის საკმარისი არ არის. ფილერები გამოიყენება როგორც ესთეტიკური, ისე სამედიცინო ჩვენებით.

ფილერებით შესაძლებელია მიმიკური ნაოჭების, ცხვირ-ტუჩის ნაკეცის ამოვსება, წარბებშუა მიდამოს, აკნეს შემდგომი ნაწიბურის გასწორება, ტუჩების ფორმის შეცვლა, ტუჩის კუთხეების დაშვებისას მისი აწევა არა ტოქსინით, არამედ ფილერის საშუალებით. ამ ტექნიკას „მონა ლიზას ღიმილს“ უწოდებენ.

ფილერის ჩვენება სხვადასხვაა. შესაძლებელია ყურის მოშვებული ბიბილოსა და ცხვირის ფორმის კორექცია.

უსაფრთხო ფილერები არის სტაბილიზებული ჰიალურონის მჟავას ან სტაბილიზებული და არასტაბილიზებული ჰიალურონის მჟავას საფუძველზე დამზადებული პრეპარატები. მათ უსაფრთხოებას განაპირობებს ის, რომ სრულად გამოიყოფა და არ იძლევა შეუქცევად გვერდით ეფექტებს.

სინთეზური ფილერები, იგივე ბიოპოლიმერული გელი, ასევე ფილერია, მაგრამ არ იწოვება კანში და შესაძლებელია ცხვირ-ტუჩის ნაკეციდან მიგრირებდეს ნიკაპში და დაამახინჯოს სახის ოვალი. ამიტომ ფილერების შეყვანამდე აუცილებელია სპეციალისტის კონსულტაცია, რომელიც აგვიხსნის, რომელი ფილერია ჩვენთვის უმჯობესი.

ფილერები, საშუალოდ, 3-4 თვიდან ერთ წლამდე ძლებს. ეს დამოკიდებულია შესაყვან ზონაზე. თითოეული ზონისთვის სხვადასხვა სიმკვრივის პრეპარატები გამოიყენება. რაც უფრო ღრმაა ზონა, მით მეტი მოცულობის შექმნაა საჭირო. რაც უფრო მკვრივია პრეპარატი (ფილერი), მით უფრო ხანგრძლივად ნარჩუნდება. მაგალითად, თვალის, პირის ირგვლივ მცირე ნაოჭებისთვის რბილი პრეპარატი უნდა შეირჩეს და ის სწრაფად გაიწოვება. ცხვირ-ტუჩის ნაკეცისთვის კი ფილერი უფრო მკვრივია და ხანგრძლივად ნარჩუნდება.

ფილერის მოქმედების ხანგრძლივობა დამოკიდებულია ადამიანის ორგანიზმში ფერმენტ ჰიალურონიდაზას აქტიურობაზე. ამ ფერმენტს ფიზიოლოგიურად შეიცავს ჩვენი ორგანიზმი. ის შლის ჰიალურონის მჟავას. სწორედ ამიტომაც ჰიალურონის ფილერები მუდმივი არ არის და დროთა განმავლობაში იწოვება. ამის გამოა ისინი უსაფრთხო და თავისუფლად შეიძლება მათი გამოყენება. არსებობენ ადამიანები, ვისთანაც ფერმენტი ჰიალურონიდაზა ძალიან აქტიურია და მათთან ფილერი, ნახევარი წლის მაგივრად, 1-2 თვე ნარჩუნდება. ფილერი გამოიყენება შემავსებლად და არა დამატენიანებლად.

ბოტულინოტოქსინი გამოიყენება ძირითადად მიმიკური ნაოჭებისთვის. ბოტოქსი ადუნებს კუნთებს, ისინი აღარ იკუმშება და ვიზუალურად ნაოჭი სწორდება. მაგრამ ცხვირ-ტუჩის ნაკეცის მიდამოში არ შეიძლება სახის მიმიკის გათიშვა, რადგანაც ადამიანი მიიღებს ამიმიურ სახეს. ბოტოქსი არ არის შემავსებელი, ამიტომ ტუჩებს მისი საშუალებით ვერ გავიდიდებთ.

რაც შეეხება ტკივილს, ცხადია, ნებისმიერი ჩხვლეტა შესაგრძნობია, თუმცა ინიექციის ადგილის გაუტკივარება კრემის მეშვეობითაა შესაძლებელი.