როგორ დავწეროთ სამოტივაციო წერილი [II]
სამოტივაციო წერილის გაფორმება გასაფორმებლად საკმარისია მხოლოდ A4 ფორმატის ქაღალდზე დაწერილი წერილი, დაახლოებით გვერდის 2/3-ი, ან თუნდაც ნახევარი გვერდი (1/2), თანდართული ხელმოწერით და ამობეჭდილი სახით, რადგან ტიპოგრაფიას დიდი მნიშვნელობა აქვს, კარგი ფონტით დაწერილი წერილი დადებითად აისახება მიმღებზე. ხელით წერისას შეიძლება გამოგრჩეთ უმნიშვნელო სიმბოლო, არ გქონდეთ კარგი კალიგრაფია რაც ადამიანის გაუნათლებლობაზე ასოცირდება (რომელიც მცდარი მოსაზრებაა) და სხვა. ამიტომ ჯობია დაწეროთ ელექტრონული სახით. კარგი იქნება თუ დაურთავთ მცირეოდენ იუმორსაც :)
აუცილებელია იცოდეთ იყავით საკუთარ თავში დარწმუნებული! სამოტივაციო წერილში არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩანდეს თქვენი ზედმეტი ლოიალურობა, პესიმისტობა და აგრესია, ხოლო ოპტიმიზმს რაც შეეხება - აუცილებელია! ზედმეტი ოპტიმიზმიც კი. მაგრამ არა მთვარეზე გასეირნება, თუმცა არც ეს უკანასკნელი არაა გამორიცხული. ოპტიმიზმით აღსავსე ადამიანი პირველ რიგში თავის ქვეცნობიერს აჯერებს, ხოლო ქვეცნობიერი უკვე მოქმედებს ამ ამოცანის შესასრულებლად, რა ფასადაც არ უნდა დაუჯდეს. როდესაც თქვენ გჯერათ (თქვენს ქვეცნობიერს სჯერა) ის აუცილებლად შესრულდება. ამრიგად, თუ თქვენ თვითონაც არ გჯერათ რას წერთ, ლოგიკურია სხვა (მოაზროვნე) არ დაიჯერებს. მაგალითისთვის ავიღოთ: პროფესიით ხართ მარკეტოლოგი, გაგზავნეთ სივი კომპანიაში და თან გაქვთ დართული სამოტივაციო წერილი შემდეგი სახის - "გამარჯობათ, მე ვარ მარკეტოლოგი გიორგი ნემსაძე, ვმუშაობდი აქ, დავამთავრე ეს და ჩემი მიზანია თქვენს კომპანიაში ვიმუშაო, რადგან მომწონს თქვენი კომპანია და დარწმუნებული ვარ გავუწევ კარგ სამსახურს მარკეტინგის მხრივ. (დართულია მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია) ბლაბლაბლა...". - ბანალურია! იმიტომ, რომ სივიში უკვე გიწერიათ ვინ ხართ, სივიში უკვე აღნიშნულია რა დაამთავრე და სად მუშაობდი, ხოლო კომპანიაში მუშაობისთვის საკმარისი არაა, რომ მოგწონთ და გაუწევთ კარგ მარკეტინგს, რადგან ეს ასეც უნდა იყოს. ხოლო მისამართის ორჯერ გამეორებაც უკვე მოსაბეზრებელია. უკეთესი იქნებოდა: "თქვენ უკვე კითხულობთ ჩემს სამოტივაციო წერილს, რაც ნიშნავს ჩემი კანდიდატურით დაინტერესებას, რისთვისაც მადლობას გიხდით. თქვენს კომპანიაში ჩემი მუშაობის მთავარი მიზანია გავხადო საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერვისი/პროდუქტი, გამოვასწორო დარღვევები (თუ აქვს კომპანიას, ამიტომ შესწავლილი უნდა გქონდეთ კომპანიის მუშაობა), ავიდე კარიერული განვითარების მეორე ეტაპზე და ვიყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კადრი. მაქსიმალურად გავზარდო მოთხოვნა, დავაკმაყოფილო მიწოდება და ვაწარმოო ის რაც გაიყიდება და არა გავყიდო ის რაც ვაწარმოე. მადლობთ წართმეული 5 წუთისთვის. პატივისცემით გიორგი ნემსაძე." კიდევ ერთხელ გეტყვით იმას, რომ ეს არ არის დოგმა და არც ბლანკი! დიდი მნიშვნელობა აქვს სად აგზავნით წერილს.